ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალმა, შესაძლოა, 8 კენიელის მომავალი განსაზღვროს | Allnews.Ge

ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალმა, შესაძლოა, 8 კენიელის მომავალი განსაზღვროს

2018 წლის ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალსა და გამარჯვებულების დასახელებას მოუთმენლად მხოლოდ Hollywood-ის ვარსკვლავები არ ელოდებიან.

ამერიკული კინოაკადემიის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, კენიის კინო კოლეჯის 8 კურსდამთავრებულის მომავალი განსაზღვროს. ნაირობიში მდებარე აფრიკის ციფრული მედია ინსტიტუტის კურსდამთავრებულები იმ გუნდის წევრები არიან, რომლებმაც ოსკარის Best short live action film-ის ნომინაციაზე წარგენილი ფილმის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა.

ფილმს Watu Wote ანუ "ყველა ჩვენგანი" ჰქვია (All of Us). ფილმი გვიყვება 2015 წელს კენიაში ტერორისტული დაჯგუფება "ალ-შაბააბის" თავდასხმას ავტობუსზე, სადაც მუსლიმი მგზავრები ქრისტიანებს იცავდნენ.

"სამსახურში ვიყავი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ოსკარის ნომინაციაზე ვიყავით წარდგენილები"- ამბობს აფრიკის ციფრული მედია ინსტიტუტის 22 წლის კურსდამთავრებული ქლეარ ენჯოუქი.

"დედაჩემი პირველი ადამიანი იყო, ვისაც ეს ამბავი ვუთხარი. ერთად ვტიროდით. იმდენად გამიხარდა, რომ კენიის ისტორიის მოყოლის შესაძლებლობა მოგვეცა. ფილმზე მომუშავე ყველა ადამიანის ოცნება ხომ ოსკარზე მოხვედრაა".

ნაირობიში კინო კოლეჯის დამაარსებელი უილფრედ კიმი ნაირობის ღარიბ უბანში გაიზარდა და ფილმისადმი სიყვარული მას შემდეგ ჩამოუყალიბდა, რაც მისმა ბიძამ კინოში წაიყვანა.

კიმი სადალაქოში მუშაობდა იმისთვის, რომ განათლების მისაღებად საკმარისი ფული დაეგროვებინა.

თუმცა, კინო კოლეჯის დაარსების ამბიცია, სადაც კენიელი სტუდენტები კინოინდუსტრიისთვის შესაფერის ყველა უნარს აითვისებდნენ, ყოველთვის ჰქონდა.

"თავდაპირველად, ადამიანები ფიქრობდნენ, ვხუმრობდი, როდესაც ვთქვი, რომ სკოლის დაარსება მინდოდა, მაგრამ, რაც უფრო მეტს ვსაუბრობდი ამ თემაზე, სულ უფრო მეტი ადამიანი მეხმარებოდა და მაკავშირებდნენ სხვა საჭირო ადამიანებთან, რომლებსაც ჩემი დახმარება შეეძლოთ", - ამბობს უილფრედ კიმი.

ექვსი წლის წინ კოლეჯმა პირველი სტუდენტები მიიღო.

სკოლას ამ დროისთვის 350 სტუდენტი და კარგად აღჭურვილი შენობა აქვს ნაირობს ბიზნესცენტრში.

სწავლების პროცესი 2-წლიანია და სტუდენტები ფილმისა და სატელევიზიო პროდუსინგს, გრაფიკულ დიზაინს, ჟურნალისტიკას, ხმის რეჟისურასა და ანიმაციას ეუფლებიან.

სასწავლო პროგრამა სხვა კოლეჯების ანალოგიური პროგრამისგან განსხვავებით უფრო დატვირთულია, რადგან სკოლის დამაარსებელს სურდა, მის კურსდამთავრებულებს დამოუკიდებლად შეძლებოდათ გადაღება, პროდიუსინგი და საზოგადოებისთვის მიწოდება ისე, რომ არავისი დახმარება არ დასჭირვებოდათ.

სკოლის ლიდერების თქმით, ოსკარის ნომინაციაზე ფილმის წარდგენა, რომლის შექმნის პროცესში სკოლის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, კარგი დასაწყისია.

მათ უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვთ - სურთ მსოფლიოს გააცნონ კენია და ეს ფილმების დახმარებით მოახერხონ.

myquiz