სერიალები, რომელიც 2018 წელს გამოვა | Allnews.Ge

სერიალები, რომელიც 2018 წელს გამოვა

ახალი წლის მოსვლასთან ერთად, ბევრი ჩვენგანი საყვარელი სერიალების შემდეგი სეზონების ან სულაც ახალი სატელევიზიო შოუების გამოსვლას ელის. მოლოდინს კი ამ სერიალების შემქმნელები წელსაც გვიმართლებენ.

Allnews.ge გთავაზობთ პოპულარული ახალი და იმ პოპულარული სერიალების ჩამონათვალს, რომელთა მომდევნო სეზონიც წელს გამოვა:

Homeland/სამშობლო

Showtime-ის ეს ცნობილი სერიალი, რომლის წინა სეზონებიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა ნახა, მაყურებელს წელსაც არ ღალატობს. მისი მე-7 სეზონის პრემიერა მიმდინარე წლის 11 თებერვალს შედგება.

მე-6 სეზონში მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი, პიტერ ქუინი მოკვდა, სწორედ ამიტომ აუდიტორია ახალ სეზონს უფრო კრიტიკულად ხვდება. რამდენად უპასუხებს ახალი სეზონი კრიტიკას, ამას თებერვალში შევიტყობთ. მე-7 სეზონის თრეილერის ნახვა კი უკვე შესაძლებელია.

Big Little Lies/დიდი პატარა ტყუილები

თუ ეს სერიალი თქვენი 2017 წლის საყვარელი პროგრამების ჩამონათვალშია, მარტო არ ხართ, რადგან მისი მომდევნო სეზონის გამოსვლას მილიონობით მაყურებელი ელის.

როგორც CNN იუწყება, სერიალის მეორე სეზონის გამოშვებას HBO ნამდვილად გეგმავს. გასულ წელს შოუ ემის 16 ნომინაციაზე წარადგინეს, საიდანაც 8 მოიგო, შესაბამისად, აღიარება უკვე მოიპოვა.

კონკრეტულად რა პერიოდში გამოვა სერიალი, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა The New York Times-ი ვარაუდობდა, რომ ის ეკრანებზე მიმდინარე წლის თებერვალში უნდა გვეხილა.

Mindhunter/გონებაზე მონადირე

Netflix-ის სერიალი, "გონებაზე მონადირე" 2017 წელს გამოვიდა და პოპულარობაც მოიპოვა. წელს კი მეორე სეზონი გამოვა. მისი სიუჟეტი მოგვითხრობს FBI-ის ორ აგენტზე, რომლებიც კრიმინალთა აზროვნებას აკვირდებიან და ცდილობენ, ამის მეშვეობით დანაშაულები გახსნან.

Taboo/ტაბუ

წელს სერიალ "ტაბუს" მეორე სეზონსაც ვიხილავთ, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირის როლს ტომ ჰარდი ასრულებს. "ტაბუს" შემქმნელმა, სტივენ ნაითმა დაადასტურა, რომ მეორე სეზონის სცენარზე BBC-სთვის მუშაობს. ავტორმა ასევე განაცხადა, რომ სერიალის მეორე სეზონი მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა.

სერიალი მოგვითხრობს თავგადასავლების მაძიებელ ჯეიმს კეზია დელანეიზე, რომელიც აფრიკიდან ბრილიანტებით დაბრუნდა და მამის მკვლელობის გამო შურისძიებას გეგმავს. კეზიას მიზანია, სავაჭრო იმპერია დაარსოს.

სერიალში განვითარებული მოვლენები 1800-იან წლებში ხდება.

Maniac/მანიაკი

Netflix-ის სერიალ "მანიაკის" პირველი სეზონი 2018 წელს გამოვა. მისი მთავარი გმირები არიან ჯონა ჰილი და ემა სტოუნი. სერიალი ფსიქიატრიული კლინიკის ორი პაციენტის ფანტაზიებში არსებული სამაყაროს შესახებ მოგვითხრობს.

Luther/ლუთერი

BBC ONE-ის სერიალის, "ლუთერის" პირველმა 4 სეზონმა მაყურებლის კეთილგანწყობა უკვე მოიპოვა, წელს კი ამის გაკეთება მე-5 სეზონს მოუწევს, რომელშიც მთავარი გმირის როლს ისევ იდრის ელბა ასრულებს.

სერიალი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელიც რთულ კრიმინალურ საქმეებს იძიებს და ამავდროულად, ცდილობს, საკუთარ თავში არსებულ ბნელ ძალებს ებრძოლოს.

Jessica Jones/ჯესიკა ჯონსი

ალბათ, ამ სტატიას მარველის ბევრი მოყვარული კითხულობს და უმეტეს მათგანს Netflix-ის გადაღებული მისი ჯესიკა ჯონსიც უნახავს.

სერიალის მეორე სეზონის გამოსვლა წელს იგეგმება. ის მოგვითხრობს სუპერგმირ ჯესიკა ჯონსზე, რომელიც ცხოვრებას თავიდან იწყებს და ამისათვის კერძო დეტექტივად მუშაობს. ჯესიკა სუპერძალებს ფლობს, რაც მას სხვადასხვა დავალების შესულებაში ეხმარება.

Better Call Saul/სჯობს დაურეკოთ სოლს

"სჯობს დაურეკოთ სოლის" მესამე სეზონის დასასრული მაყურებლისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჯიმის ძმა, ჩაკი დაიღუპა, ამის შემდეგ კი ჯიმი მაკკეინი სოლ გუდმენად იქცევა. სერიალში მოთხრობილია სოლ გუდმენის ისტორიები "მძიმე დანაშაულის" მთავარ გმირ უოლტერ უაითთან შეხვედრამდე.

როგორ განვთარდება მოვლენები მეოთხე სეზონში, კრიმინალი ადვოკატის, სოლ გუმენის გარშემო, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელ სერიალ "მძიმე დანაშაულში" (Breaking Bad) გავიცანით? როგორც უცხოური მედია წერს, მეოთხე სეზონი ამ მხრივ დაძაბული და საინტერესო იქნება.

American Crime Story/ამერიკული კრიმინალური ისტორია

სერიალის მეორე სეზონი იანვრის შუა რიცხვებში გამოვა. სერიალის მეორე სეზონი მოგვითხრობს ცნობილი დიზაინერის ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას, რომელიც სიცოცხლეს სერიულმა მკვლელმა გამოასალმა. მეორე სეზონში ჯანი ვერსაჩეს დის, დონატელას როლს პენელოპა კრუსი ასრულებს, რიკი მარტინი კი დიზაინერის უკანასკნელი პარტნიორია.

სერიალი ტელეარხ FX-ს ეკუთვნის. მისი მეორე სეზონის გამოსვლას კი ბევრი მაყურებელი ელის.

New Girl/ახალი გოგო

Fox-ის "ახალ გოგოს" საქართველოში ერთ-ერთ ტელეარხზეც უჩვენებდნენ და ეს სითკომი პოპულარულიც იყო, რადგან მსუბუქი, სასაცილო და მოკლე შოუს წარმოადგენს. წელს "ახალი გოგოს" ახალი სეზონი გამოვა, ამიტომ შეგვიძლია, საღამოები წელსაც უფრო მხიარული გავხადოთ.

"ახალი გოგო" მოგვითხრობს დაწყებითი კლასების მასწავლებელზე, რომელსაც პირად ცხოვრებაში არაფერი გამოსდის, შემდეგ კი ოთხ მხიარულ და უცნაურ ბიჭს დაუმეგობრდება და საცხოვრებლად მათთან გადადის.

რაც შეეხება კიდევ ერთ პოპულარულ სერიალს Game of Throne-ს, მისი მომდევნო სეზონს მაყურებელი 2018 წელს არ უნდა ელოდოს. როგორც ცნობილია, იგი 2019 წელს გამოვა.

მომზადებულია Cosmopolitan-ის, Vulture-ის, BBC-ისა და IMDB-ის მიხედვით.

myquiz