"ღვინის დიდი ენციკლოპედია" უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია | Allnews.Ge

"ღვინის დიდი ენციკლოპედია" უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია

დღეს არავინ დაობს, რომ მსოფლიო ღვინის ისტორია ჩვენი რეგიონიდან იწყება. საქართველო ის ადგილია, სადაც ვაზის კულტურას ჩაეყარა საფუძველი და საიდანაც საღვინე ვაზის ჯიშები დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. სხვადასხვა კულტურასა თუ ეპოქაში ღვინოც სხვადასხვანაირი იყო. მაგალითად, ანტიკურ სამყაროში ღვინოში მაღალ შაქრიანობას აფასებდნენ და ძველბერძნული და რომაული ღვინოები მაღალი სპირტიანობით გამოირჩეოდა. ასეთი ღვინოები ექსტრაქტული იყო, ანუ ლიქიორისებრი კონსისტენცია ჰქონდა. არსებობს ცნობები ფხვნილით დამზადებული ღვინის შესახებაც... საქართველოშიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი ღვინო ფასობდა. ვახტანგ VI-ისა და ვახუშტი ბატონიშვილის ეპოქაში აქებდნენ ნაზ ღვინოს, ატენურს, რომელიც მსოფლიოში ცქრიალა ღვინის ერთ-ერთ პროტოტიპად ითვლება.

ღვინო მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია და მისი დაჭაშნიკებისას არაერთი ნიუანსის გათვალისწინებაა აუცილებელი. იმისთვის, რომ ღვინის მახასიათებლებს დაწვრილებით გაეცნოთ, ისწავლოთ მისი არჩევა, შენახვა და დეგუსტაცია, "პალიტრა L"-ი გთავაზობთ უნიკალურ გამოცემას - "ღვინის დიდი ენციკლოპედია".

აღსანიშნავია, რომ წიგნი მრავალათასიანი ტირაჟით "პალიტრა L"-მა პირველად 2016 წელს გამოსცა და 2017 წლის სექტემბერში ტირაჟი გაიმეორა, მკითხველის თხოვნით კი გადაწყდა დეკემბერში "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" ახალი ტირაჟის ორ ტომად გამოცემა.

სერიის პირველი ტომი 4 დეკემბერს მიიღო მკითხველმა, ხოლო მეორე ტომი პირველი იანვრიდან გამოვიდა და მისი ფასი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 25 ლარია.

"ღვინის დიდი ენციკლოპედია" ცნობილი ფრანგული გამომცემლობა "ლა რუსის" პროექტია და ევროპის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოცემად ითვლება. რაც შეეხება წიგნის შინაარსს, ის პირობითად ორ მთავარ ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ ნაწილში ვაზისა და ღვინის, მისი შენახვისა და დეგუსტაციის შესახებ არის მოთხრობილი, მეორე ნაწილში კი გაეცნობით ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ბუნებრივია, ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. ამგვარი გამოცემების როლი სწორედ ის არის, რომ მკითხველს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მევენახეობაზე, მეღვინეობაზე, ღვინის კანონმდებლობაზე, ღვინის ისტორიაზე, ღვინის ატრიბუტებზე, ვაჭრობაზე, შერჩევაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ღვინის დაჭაშნიკების ხელოვნებაზე, ღვინისა და კერძის შეხამებაზე და სხვ.

გარდა ამისა, წიგნში თქვენ გაეცნობით მსოფლიო მეღვინეობის ყველა რეგიონს, ლეგენდარულ ღვინოებს. წიგნში არაერთი საცნობარო ჩანართია, რომ არაფერი ვთქვათ უმდიდრეს საილუსტრაციო მასალაზე, ლექსიკონებსა და საძიებლებზე. ნახავთ მსოფლიოში წარმოებული ღვინოების მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს. "ღვინის დიდი ენციკლოპედია" მკითხველს გაუღვიძებს სურვილს, გასინჯოს საუკეთესოდ აღიარებული ღვინოები და ახალი, ხანდახან უჩვეულო გემოს ღვინოები აღმოაჩინოს. წიგნში არის მეღვინეობის ქვეყნებისა და რეგიონების 38 რუკა, მსოფლიოს რეგიონებისა და ღვინოების 246 მონაცემთა სქემა, 600-ზე მეტი უნიკალური ფოტო და ღვინის მოსავლის წლების ცხრილები, ასე რომ, შემოუარეთ მსოფლიოს: საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონისა და ევროპის, აშშ-ის, კანადის, ლათინური ამერიკის ვენახებს. არც სამხრეთი აფრიკა და ავსტრალია დაივიწყოთ, არც - აზიის კონტინენტი და არც - საქართველო!

2016 წელს წიგნის გამოცემიდან რვა თვეში "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" სრული ტირაჟი (3 500 ცალი) გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფასი 130 ლარი იყო. გამომცემლობამ გადაწყვიტა, ახალი ტირაჟი დაებეჭდა, რომელიც სექტემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი ბაზარზე და ისევ წარმატებით იყიდება. ამის მიუხედავად, "პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. წიგნის შეძენის მსურველები გამომცემლობას სთხოვდნენ, ენციკლოპედია როგორმე უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

"პალიტრა L"-ისთვის მომხმარებლის სურვილი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ გადაწყდა, რომ ცარცირებული ქაღალდი შეცვლილიყო მაღალი ხარისხის საწიგნე ქაღალდით. რაც მთავარია, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ "პალიტრა L"-მა ფრანგი გამომცემლებისგან მოიპოვა დამოუკიდებლად, მათ მიერვე შერჩეულ სტამბაში დაბეჭდვის უფლება. ამის შემდეგ მოეწყო საერთაშორისო ტენდერი და აი, შედეგიც - 130-ლარიანი წიგნი ქართველი მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია!

"პალიტრა L"-ის ერთგული მკითხველს "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" როგორც პირველი, ასევე მეორე ტომის შეძენა ქვეყნის ყველა კუთხეში უკვე შეუძლია.

myquiz