იხილეთ ქართული ფილმები, რომლებიც 2017 წელს გამოვიდა | Allnews.Ge

იხილეთ ქართული ფილმები, რომლებიც 2017 წელს გამოვიდა

ყოველ წელს ქართულ კინემატოგრაფიას ახალი ნამუშევრები ემატება, მათ შორის ახალბედა რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმებიც. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2017 წელი ყოფილა. საქართველოში არაერთი როგორც მოკლე, ისე სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს, რომელთაგანაც საუკეთესოებს Allnews.ge გთავაზობთ:

საშიში დედა

რეჟისორ ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" 2017 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიან ქართულ ფილმად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ფილმის სცენარი თავად რეჟისორს ეკუთვნის.

სცენარის მიხედვით, 50 წლის დიასახლისი მანანა დილემას ებრძვის - მან ან საკუთარი ოჯახი უნდა აირჩიოს ან თავისი გატაცება - წერა, რომლის ჩახშობასაც წლების განმავლობაში ცდილობდა. მანანა საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ თავის გატაცებას, წერას მიჰყვეს და ამ პროცესში ეფლობა, რასაც თავის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს მსხვერპლად წირავს.

ფილმს IMDB-ზე შეფასების სახით 7.3 აქვს, მასზე დაწერილი რევიუების მიხედვით კი ჩანს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო.

ერთ-ერთი რევიუს ავტორი, სტეფან დალტონი "საშიშ დედაზე" წერს: "1929 წელს ვირჯინია ვულფმა თქვა თავისი ცნობილი ფრაზა "ქალს უნდა ჰქონდეს თავისი ოთახი თუ სურს, რომ წეროს". ამ პროტო-ფემინისტური სტატიის ილუსტრირება კი ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმში მოხდა. ის არის საოჯახო დრამა და ამასთან ფსიქოლოგიური ტრილერი, რომელმაც სარაევოს ფილმის ფესტივალზე მაღალი შეფასება მიიღო და პრიზიც დაიმსახურა".

"საშიშ დედაში" მონაწილეობენ ნატო მურვანიძე, დიმიტრი ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთანდილ მახარაძე, დარეჯან ხარშილაძე, ლილი ხურიტი, ანასტასია ჭანტურაია, ლაშა გაბუნია, ნანა ხურიტი და ლუკა ნაჭყებია.

ხიბულა

გიორგი ოვაშვილის "ხიბულას" გადაღებების დაწყებისთანავე დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ფილმის სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია, მალევე, სამხედრო გადატრიალების შედეგად, დევნილობაში აღმოჩნდა. პრეზიდენტი ძალაუფლების აღსადგენად დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად თავი მთებს შეაფარა. ფილმი სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება.

"ხიბულას" სიუჟეტი გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება და პრეზიდენტს მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად, დასასრულისკენ მიაცილებს.

სცენარი გიორგი ოვაშვილსა და რულოვ იან მინებოს ეკუთვნის. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას როლს ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს, ფილმში მონაწილეობს ქიშვარდ მანველიშვილი.

ანა

რეჟისორ მარგო ზუბაშვილის ანა წელს გამოსული ერთ-ერთი ქართული ფილმია, რომელმაც საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

ფილმში ქართული აუდიტორიისთვის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი, ნინო კასრაძე თამაშობს. მთავარ როლს ასევე ანა ნიჟარაძე ასრულებს.

რაც შეეხება სცენარს, ასე ვითარდება: 45 წლის ანა დედასთან ერთად თბილისის ცენტრში მარტო ცხოვრობს. ანას დალაგებული ცხოვრება ერთ საღამოს იცვლება, როდესაც კონცერტზე ხალხში ერთი ქალის სახეს ხედავს. ფილმში მოთხრობილია, როგორ შეიძლება ადამიანის ცხოვრება ერთმა სიტყვამ შეცვალოს და როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე სხვისი ცხოვრება, როგორც შეიძლება, ადამიანმა სახე და იდენტობა დაკარგოს.

ანდრო

თორნიკე გოგრიჭიანი ქართულ აუდიტორიას ძირითადად, მსახიობის ამპლუაში წარდგება ხოლმე, ის განსაკუთრებით პოპულარული კი სერიალ "ხელოვნური სუნთქვიდან" გახდა, თუმცა მსახიობმა წელს თავისი რეჟისორული ნამუშევარიც შემოგვთავაზა.

თორნიკე გოგრიჭიანის ფილმი "ანდრო" პოსტ-საბჭოთა საქართველოში ცხოვრობს, განათლებით არქიტექტორია, თუმცა უმუშევარი. მიუხედავად ამისა, ის ცდილობს, ოჯახს ფინანსურად დაეხმაროს, ავტომობილს ოჯახიდან გადაყრილი გამოუსადეგარი ნივთებით გაავსებს და თურქეთისკენ სავაჭროდ გაემგზავრება, თან მცირეწლოვანი შვილი, ანდრო მიჰყავს. მამა-შვილი საზღვრიდან თურქს, სახელად თანერს დაიმგზავრებს. უმთავრესი სწორედ აქედან იწყება, რადგან ეს შეხვედრა მათთვის საბედისწერო აღმოჩნდება.

"ანდროში" მონაწილეობენ ანდრო ჯაფარიძე, დათო როინიშვილი და გაგა შანშიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წელს თეირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ("ანდროს" ხანგრძლივობა 25 წუთია) ფილმმა საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო მიიღო.

თორნიკე გოგრიჭიანმა სადებიუტო ნამუშევარი 2015 წელს შექმნა.

გოგიტას ახალი ცხოვრება

ლევან კოღუაშვილის "გოგიტას ახალი ცხოვრება" თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარი გახდა. IMDB-ზე შეფასების სახით მან 8,8 დაიმსახურა და ფილმზე საკმაოდ პოზიტიური რევიუებიც დაიწერა. ფილმის სცენარის მიხედვით, ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ თავის სოფელში დაბრუნებულ გოგიტას, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, ყველაზე მეტად ცოლის მოყვანა სურს, მაგრამ საკითხავია, ვინ ისურვებს ნასამართლევი, ღარიბი ფერმერის ცოლობას, რომელიც ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს.

მიუხედავად ამისა, გოგიტა ინტერნეტით გაიცნობს მაკას, რომელიც არც ისე ახალგაზრდა და ლამაზია, მაგრამ გემრიელ ნამცხვრებს აწყობს.

მაკას და გოგიტას ერთმანეთი ჯერ არ უნახავთ, თუმცა უკვე გეგმებს აწყობენ.

ფილმში მონაწილეობენ გოგიტა ჩიტიშვილი, მაკა სანიკიძე და გელა ჩიტიშვილი.

სცენარი და რეჟისურა ლევან კოღუაშვილს ეკუთვნის.

ჩემი ბედნიერი ოჯახი

საქართველო, თბილისი, პატრიარქალური საზოგადოება და ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახი, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ყველა შოკირებულია, როცა 52 წლის მანანა სახლიდან წასვლას და მშობლების, ქმრისა და შვილების გარეშე ცხოვრებას გადაწყვეტს. დგება დრო, როცა ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ხელახლა უნდა გაიცნონ - ასეთია "ჩემი ბედნიერი ოჯახის" სცენარი, რომლემაც გამოსვლისთანავე დიდი ინტერესი მოიპოვა.

ფილმში მონაწილეობენ ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა, ცისია ქუმსიშვილი, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, დიმიტრი ორაგველიძე და გოვენ ჭეიშვილი.

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის შეფასება IMDB-ზე 7,7-ია. აღსანიშნავია, რომ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" 11 ჯილდოს მფლობელია და 9 ნომინაციაში დასახელდა.

მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე

34 წლის ახალგაზრდა ქალი, სახელად აპრილი, თბილისის ღამის კლუბში მუშაობს, სადაც ხვდება ნიგერიელ ბიჭს, დიჯეს, რომელიც ამერიკის შტატ ჯორჯიის ნაცვლად, შეცდომით საქართველოში აღმოჩნდა.

ფილმის რეჟისორი ელენე ნავერიანია. "მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" შავ-თეთრი ფილმია, რომლის მონაწილეები ხატია ნოზაძე და დანიელ ჩინედუ ონვუკა არიან.

IMDB-ის შეფასებით მიხედვით, ფილმმა 7,0 ვარსკვლავი დაიმსახურა.

ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული

რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის ეს ფილმი ორი ადამიანის სიყვარულზეა, თუმცა ერთი მათგანი სამხედრო ოფიცერია და ომში მიდის, შედეგად, ისმის შეკითხვა, რა უნდა ქნას მეორემ?

ფილმში მთავარ როლებს მათე კევლიშვილი და გიორგი ბოჭორიშვილი ასრულებენ. მისი ჩვენება წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

დაწესებულება N6

რეჟისორ ალექსანდრე ქორიძის "დაწესებულება N6" ქალაქ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. ფილმის მიხედვით, რუსთავში ახალი ციხე მთელი პოსტ-საბჭოთა-სივრცის საუკეთეო პენიტენციურ დაწესებულებად მიიჩნევა, მაგრამ საუკეთესო ციხეც ვერ შეაჩერებს ადამიანის ბუნებრივ სურვილს - იყო თავისუფალი.

ფილმის გადაღებაში მონაწილეობა, როგორც ალექსანდრე ქორიძის ასისტენტმა, ბექა ჩხარტიშვილმაც მიიღო.

დიდუბე, ბოლო გაჩერება

ყველაზე გადატვირთულ სადგურზე პატარა, წყნარი ზოომაღაზიაა, სადაც სიჩუმეს მხოლოდ გარედან შემოსული ხმაური არღვევს. მაღაზიის მფლობელია, ნიკო. შუშის დახლის უკან თავის ცოლთან, ციცოსთან ერთად ზის. ნიკო მიმდინარე მოვლენებზე ლექსებს წერს. რეჟისორ შორენა თევზაძის ფილმი გვიჩვენებს, როგორი მიჯაჭვულია ნიკო თავის ადგილს, თუმცა რაც დრო გადის, ნიკოს პატარა სამეფოს დასასრული ახლოვდება.

აღსანიშნავია, რომ "დიდუბე, ბოლო გაჩერება" შორენა თევზაძის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც შვეიცარიასთან ერთად გადაიღო.

myquiz