იხილეთ თბილისის ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნაობები | Allnews.Ge

იხილეთ თბილისის ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნაობები

"თბილისი ისტორიაზე დგას, ისტორიაზეა აშენებული" - ასე იწყებს ძველი თბილისის შესახებ საუბარს ისტორიკოსი და საკრებულოს ყოფილი წევრი, ჯაბა სამუშია, თუმცა, ამ ისტორიის დიდი ნაწილის შესახებ შესაძლოა, ბევრმა ჩვენგანმა არაფერი იცოდეს.

ნაკლებად ცნობილი, თუმცა დიდი ისტორიის მქონე ძეგლები თბილისში მრავლადაა, მათი ნაწილის გაცნობაში Allnews.ge-ს მკითხველს ჯაბა სამუშია დაეხმარა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია თბილისის პირველი, ყველაზე ძველი აბანო, რომელიც თითქოს ტურისტულ ზონაშია მოქცეული, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. ეს არის წმინდა 40 სებასტიანელ მოწამეთა ეკლესიის ქვეშ არსებული ყველაზე ძველი აბანო, რომლის გათხრებიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა" - განმარტავს ისტორიკოსი. მისი თქმით, აბანოებს თბილისისთვის განსაკუთრებული ისტორიული დატვირთვა აქვს. "ჰიგიენისათვის მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში არსებობდა აბანოები. იქ, სადაც არ იყო თერმული წყლები, მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო იყო ათასობით კუბური მეტრი ხის დამზადება, მოტანა და ა.შ... თბილისში კი ეს ყველაფერი ბუნებრივად გვაქვს. სამკურნალო-გოგირდოვანი, ცხელი წყლები სიმდიდრე იყო და არის. მისი აქტიური ათვისება სავარაუდოდ, ანტიკურ პერიოდშია დაიწყო. შუა საუკუნეებში ათობით აბანო იყო თბილისში. უცხოელი ავტორები საგანგებოდ მიუთითებდნენ თბილისის აბანოების სამკურნალო თვისებებზე. XIII საუკუნეში თბილისში 65 აბანო ყოფილა.

პურის მოედნის სიახლოვეს აღმოჩენილი ვახტანგ გორგასლის პერიოდის გალავნის აღმოჩენა ჯაბა სამუშიასთვის განსაკუთრებით ემოციურია, რადგან ამ გალავნის თავზე მიმდინარე სამშენებლო პროცესს ის თავად შეესწრო, თუმცა მისი გადარჩენა მხოლოდ კვლევების ჩატარების პერიოდში მოხერხდა, ახლა კი ღირსშესანიშნაობა ახალაშენებული კორპუსის საძირკველშია მოქცეული.

"შაბათი დღე იყო, ჩემს ოჯახთან ერთად ავტომობილით მივდიოდი, სწორედ ამ დროს რატომღაც, თავისუფლების მოედნის ნაცვლად მეტეხის მიმართულებით პურის მოედანთან ჩამოვედით.დავინახე, რომ ერთ-ერთი მშენებლობისას ამოღებული იყო ფუნდამენტი. როდესაც ძველ თბილისში ფუნდამენტია ამოღებული, უკვე ძალიან საინტერესოა და როცა მსგავს რამეს ვხედავ აუცილებლად ვიღებ ფოტოებს რადგან გამორიცხულია, ქვემოთ პატარა სიძველეები არ ჩანდეს. ფოტოების გადაღებისას დავინახე, რომ დაახლოებით 4 მეტრის სიგრძის კედლიდან ერთ-ერთი მუშა ქვას აძრობდა. კედელში ქვები რამდენიმე მწკრივად იყო განლაგებული, მაგრამ აშკარად ემჩნეოდა, რომ ეს იყო კედელი. აღმოჩნდა, რომ ამ გალავანზე ბეტონის დასხმას აპირებდნენ. ერთადერთი, რაც იმ მომენტში მოვიფიქრე, იყო მუშისთვის იმის თქმა, რომ ეს იყო ეკლესიის კედელი და ხელი არ ეხლოთ, რადგან საქართველოში ეკლესიის მიმართ საკრალური დამოკიდებულებაა. მუშებმა დაყარეს იარაღები.

მაშინ, როგორც საკრებულოს წევრმა სამთავრობო სტრუქტურების ძალიან სწრაფი ჩართვა ადვილად მოვახერხე, სამუშაოები სასწრაფოდ გავაჩერეთ და ამ ადგილის კვლევა დავიწყეთ. აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს ვახტანგ გორგასლისდროინდელ კედელთან. ჯაბა სამუშიას თქმით, ამ ისტორიულ ძეგლზე 2012 თუ 2013 წელს ზემოდან ოთხსართულიანი სახლი მაინც აშენდა, - "სამწუხაროდ, მაშინ საკრებულოში ოპოზიციაში ვიყავი და გამიჭირდა საერთოდ მშენებლობის შეჩერება. არა და დამეთანხმებით, ეს ერთ ან ორი ადამიანის ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ კანონით უნდა იყოს რეგულირებული. მიმაჩნია, რომ ძველ თბილისში ეს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ აღმოჩენად ჩაითვალოს. ახლა რომ გავივლი ხოლმე იქ ჩახედვაც კი აღარ მინდა" - იხსენებს ჯაბა სამუშია.

ბევრ ჩვენგანს შესაძლოა უნახავს ბეთლემის ეკლესიის სიახლოვეს არსებული ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრის კედელი, რომელიც თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა ფართო საზგადოებისთვის ნაკლებცნობილია. ეს ძეგლი სავარაუდოდ მეხუთე-მეექვსე საუკუნისაა.

ჯაბა სამუშიას თქმით, ბევრ ჩვენგანს არ აქვს ნანახი დიღომში, თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, რომელიც ძალიან საინტერესო შედეგების მომცველია, - "ეს ძეგლი მშრალი წყობით არის ნაგებია და საინტერესოა იმ მხრივ, რომ ძველი ნასახლარია. ისტორიული ძეგლი დავით აღმაშენებლის ძეგლის ზემოთ, წმინდა ნინოს ქანდაკებასთან მდებარეობს, სადაც ადამიანები ყოველდღიურად გაივლიან ხოლმე, თუმცა ამ ადგილის მნიშვნელობის შესახებ ცოტას თუ სმენია".

კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნაობა, რომელზეც ჯაბა სამუშია საუბრობს, ნარიყალაზე "შაჰტახტის" ციხეა. 2014 წელს, როგორ ჯაბა სამუშია განმარტავს, არქეოლოგიური გათხრებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა მერიაში. ხუთამდე ექსპედიცია მოეწყო - აბანოების უბანში, ნარიყალაზე „შაჰტახტზე“, დიდი დიღომსა და წმ ნინოს ძეგლის მიმდებარედ. შაჰტახტი არის გალავანი, რომელიც სოლოლაკის ქედს მიუყვებოდა, დღეს ამ გალავანის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი.

ჯაბა სამუშია საურობს ასევე პუშკინის ქუჩის ქვეშ ესტაკადის ადგილას აღმოჩენილ ძეგლზე.

"მისი ფასი ბევრმა არ იცის, მაგრამ პუშკინის ქუჩის ქვეშ, სადაც ესტაკადა გააკეთეს, ძველი თბილისის გალავანი იქნა აღმოჩენილი. ნაკლებად ცნობილი კი იმიტომ არის, რომ იქ ქართველების ძალიან დიდი ტურისტული ნაკადები არ მინახავს, - "ეს გალავანი მთლიანად გათხრილი არ არის, შესაბამისად, მისი გაგრძელება ბოლომდე აღმოჩენილიც არ არის, თუმცაღა ვიცით, რომ ის გრძელდებოდა ზემოთ,სოლოლაკის ქედის მიმართულებით და მისი ნაშთი დღევანელი დადიანის ქუჩაზე არსებული სახლების ქვეშ ყველა შემთხვევაში იქნება შერჩენილი,როცა ამ უბნის რეაბილიტაცია დაიწყება, შეიძლება, იქ ძალიან საინტერესო აღმოჩენებთან გვქონდეს საქმე".

ჯაბა სამუშია მნიშვნელოვან ისტორიულ ღირსშესანიშნაობად 300 არგველის ძეგლთან არსებულ გალავანსაც მიიჩნევს:

"ძეგლის ზემოთ არის სკოლა, რომლის ეზოშიც ეს ძველი, ისტორიული გალავანი მდებარეობს. სწორედ ამ გალავნიდან იწყებოდა ისტორიული თბილისი, ადამიანები მისი გადალახვის შემდეგ შემოდიოდნენ შუა საუკუნეების რაბათის ანუ იმ სამეურნეო უბანზე, სადაც ქალაქური სახელოსნოები იყო. გალავანი ადიოდა თაბორის მთაზე და თავდაცვითი რკალის პირველი წყება იკვრებოდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ გალავნის დანიშნულება ბევრმა არ იცის" - დასძენს ისტორიკოსი.

მისივე თქმით, ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ავლაბარში არსებული გალავნის ნაშთის შესახებაც, რომელიც მეტეხის გარშემო არსებულ სივრცეს შემოუყვებოდა. როგორც ისტორიკოსი განმარტავს, გალავანი დარჩენილია კლდოვან მასივთან, -"შემდგომ პერიოდში მისი გალავნის იმიტაცია გაკეთდა, მაგრამ ეს ის არ არის, რაც შუა საუკუნეებში იყო. პატარა ნაშთები შემორჩენილია იმ კლდესთან, რომელიც მტკვარს ავლაბრის მხრიდან გადმოჰყურებს.

ჯაბა სამუშია თბილისის განვითარების კონცეფციაზეც საუბრობს. მისი თქმით, თბილისი დიდი ისტორიის მქონე ქალაქია, რომელიც ვახტანგ გორგასლის დროს არ დაწყებულა, რადგან მისი პირველი მოხსენიება უკვე რომაულ რუკებზე გხვდება.

მისი თქმით, ქალაქის ძველ ნაწილს განვითარების კონკრეტული კონცეფცია უნდა გქონდეს, რათა მისი ისტორიული იერსახე დავაბრუნოთ, ისტორიული ძეგლების დარჩენილი ნაწილი შევინარჩუნოთ.

"როგორც კი ძველი თბილისის ტერიტორიაზე შეხვალთ, ჩათვალეთ, რომ ყველა შენობის ქვეშ არის ისტორიული მემკვიდრეობა, იმიტომ რომ ეს ქალაქი საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა, არაერთხელ დაინგრა, გადაკეთდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მიწისქვეშ დარჩენილი. ძველი ქალაქის არქეოლოგია კი ფაქტობრივად არ წარმოებულა" - დასძენს ის.

ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ სანამ ძველ თბილისში მშენებლობა განხორციელდება, იმ ტერიტორიაზე აუცილებლად არქეოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს, თუმცა ქალაქის ძველ ნაწილში ახალი არქიტექტურის მქონე შენობების ჩადგმა ისტორიულ უბნებს იერსახეს დაუკარგავს, - "მშენებლობა უნდა იყოს ყველგან, მაგრამ განსაკუთრებული შეზღუდვები ძველ უბანში უნდა არსებობდეს. მაგალითად, დასავლეთ ევროპას რომ შევხედოთ, გსიამოვნებს, როდესაც ჩადიხარ და უყურებ მე-15 საუკუნეში აშენებულ სახლს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საინტერესო და კარგია, თუმცა შეიძლებოდა, ვიღაცას დაენგრია და 2-3-ჯერ უფრო მეტი პროპორციის შენობა აეშენებინა.

მისივე თქმით, თბილისის ძველი ნაწილიც, ევროპის ზოგიერთი ქალაქის მსგავსად, მისი იერსახის შესაბამისად უნდა იყოს შენარჩუნებული, იქნება ეს მე-19 საუკუნე თუ შუა საუკუნეებრივი სტილი. ამის გამოცდილება არსებობს მთელ მსოფლიოში, მაგალითად, ჩეხეთსა და პოლონეთში, სადაც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ძველი ქალაქების დიდი ნაწილი დაინგრა. მაგალითად, პოლონეთის ქალაქი გდანსკი და ვარშავა მიწასთან იყო გასწორებული, თუმცა გდანსკის პირველსახით აღადგინეს და დღეს მას იუნესკო იცავს.

იხილეთ ინგლისურენოვანი სტატია: Discover lesser-known attractions of Tbilisi