წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილე 10 სადებიუტო ფილმს | Allnews.Ge

წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილე 10 სადებიუტო ფილმს

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 10 დებიუტი მოხვდა.

საერთაშორისო კონკურსი, ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მაყურებელს ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს წარუდგენს. გამარჯვებულ ფილმებს მოწვეული ჟიური ორ პრიზს გადასცემს: "ოქროს პრომეთე" (საუკეთესო ფილმისთვის) და "ვერცხლის პრომეთე" (საუკეთესო რეჟისურისთვის).

წარმოგიდგენთ 10 მონაწილე ფილმს:

"ბრაზილიელები" ("Brazilians", უნგრეთი, 2017)

ქაოსური ვითარება იქმნება ბოშათა უმცირესობას შორის აქსაში, როდესაც მერი, სოფლის ახალგაზრდა მღვდლის რჩევით, აცხადებს, რომ წელს ბოშების ფეხბურთის გუნდს სოფლის ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია. წარმოშობით აქსელი ბრაზილიელი მილიონერის წყალობით, გამარჯვებულ გუნდს რიო დე ჟანეიროში მიიწვევენ. ჩემპიონატი იწყება. მოვლენები, ემოციები და სიბრაზე მწვერვალს აღწევს. მათ, ვინც ბოლოს მოიგებს, წესით, არ უნდა მოეგოთ; ხოლო ისინი, ვინც სიყვარულს პოულობენ, არ უნდა ყოფილიყვნენ შეყვარებულები.

გაბორ როჰონმა 1993 წელს დაამთავრა უნგრეთის დრამისა და კინოს აკადემია, კინორეჟისორის სპეციალობით. "ბრაზილიელები" მისი მეორე ნამუშევარია. თუმცა, ეს ფილმი სადებიუტოა მეორე რეჟისორისთვის ჩაბა მ. კისისთვის.

"წყეული ზაფხული" ("Damned Summer", პორტუგალია, 2017)

ჩიკომ სწავლა დაასრულა და კარიერის დაწყების იმედი აქვს. ის პერსპექტივების და მოლოდინის არმქონე თაობის წარმომადგენელია. ვნებებით და გულგატეხილობებით გაჯერებული ლისაბონური ღამეები მას ფსიქოდელიური ჰედონიზმის ტყვეობაში აქცევს, სადაც გაჩაღებული ტკივილი ეიფორიად გარდაიქმნება.

პედრო კაბალეირამ დაამთავრა ლისაბონის თეატრისა და კინოს სკოლის სარეჟისორო ფაკულტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ, დააარსა საპროდიუსერო კომპანია "Videolotion", ჯოანა პერალტასა და მარტა რიბეიროსთან ერთად.

"შემლოცველი" ("The Charmer", დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017)

"შემლოცველი"დაძაბული ფსიქოლოგიური დრამაა ახალგაზრდა ირანელის, ესმაილის შესახებ, რომელიც ამაოდ ცდილობს ისეთი ქალების პოვნას, ვინც დანიაში მის დარჩენაზე იზრუნებენ. დრო გადის და მას ერთი ქალი შეუყვარდება. ესმაილს წარსული წამოეწევა. ფილმი ეხება რასის, კლასის, უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლის საკითხებს.

წარმოშობით ირანელი რეჟისორი მილად ალამი იზრდებოდა შვედეთის ჩრდილოეთში და უკანასკნელი ათი წელია, რაც დანიაში ცხოვრობს. დამთავრებული აქვს დანიის ეროვნული კინოსკოლა.

"დაცემა" ("Falling", უკრაინა, 2017)

ანტონი და კატია ერთმანეთს ღამის კიევში შემთხვევით ხვდებიან ხოლმე. ორივე ცდილობს, რომ ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვოს. მათი შეხვედრა კი ყველაფერს ცვლის.

მარინა სტეპანსკას გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი და რამდენიმე სცენარის ავტორია. "ადამიანის სამუშაომ" (2015) საუკეთესო უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო მოიპოვა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ასევე მსახიობთა ანსამბლმაც პრიზი დაიმსახურა კიევის "მოლოდისტის" საერთაშორისო კინოფესტივალზე.

"ყურე" ("The Gulf", თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი, 2017)

წარუმატებელი კარიერისა და მტკივნეული განქორწინების შემდეგ, სელიმი თავის მშობლიურ იზმირს უბრუნდება. მას სამომავლო გეგმების დაწყობა არ უნდა, უბრალოდ, თავის წარსულში დაეხეტება და ნახულობს ოჯახს, სკოლის ამხანაგებს, ყოფილ შეყვარებულს. შემთხვევით ხვდება ჯარის მეგობარ ჯიჰანს - მომხიბვლელი ენერგიის მქონე ზარმაცს. საზღვაო შემთხვევის გამო, იზმირში საშინელი სუნი ვრცელდება და ადამიანები ტოვებენ იქაურობას. სელიმი კი თანდათან სულ უფრო იძირება ახალ სამყაროში, სადაც მან ცხოვრებისეული შესაძლებლობები უნდა მოსინჯოს.

ემრე იეკსანს მიმარ სინანის სახელობის და პარიზის სორბონის უნივერსიტეტების კინომცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. პროდიუსერად მუშაობდა პარიზში და 2008 წელს სტამბოლში დაბრუნდა, სადაც საკუთარი პროექტის განხორციელება დაიწყო.

"ყორნები" ("Ravens", შვედეთი, 2017)

1970-იანი წლები, შვედეთი. მშრომელი ფერმერი აგნე მძიმე ყოველდღიურობას ებრძვის და იმედი აქვს, რომ მისი თინეიჯერი შვილი კლასი ფერმას ჩაიბარებს და მის საქმეს გააგრძელებს. მაგრამ კლასი ოცნებობს ისეთ სამყაროზე, რომელიც სოფლის ყოფისგან შორსაა. გარდატეხის ასაკს მიღწევის ბრწყინვალედ წარმოდგენილი ეს ამბავი გვიხატავს სირცხვილის, დანაშაულის შეგრძნების, სიგიჟის და ახალგაზრდული ოცნებების ნაზავს.

იენს ასური დაიბადა ემტლანდში (შვედეთი). გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "უკანასკნელი ძაღლი რუანდაში" (2006), "წიწილების ხოცვა მაიმუნების შეშინების მიზნით" (2011), "საზოგადოება" (2012) და "ვნებიანი, გარყვნილი თინეიჯერი" (2014).

"ხარაჩოები" ("Scaffolding", ისრაელი, პოლონეთი, 2017)

17 წლის აშერი ყოველთვის იმპულსური, წესრიგის დამრღვევი იყო, ჯერ კიდევ დაწყებითი სკოლიდან. მისთვის რთულია კლასში კონცენტრირება და ამიტომაც ის ხშირადაა გაბრაზების და სისასტიკის მიზეზი. მაგრამ ის საკმაოდ მომხიბვლელიცაა და ქუჩაში კარგი გაკვეთილი აქვს მიღებული. მკაცრი მამა მას ოჯახის ხე-ტყის ბიზნესის ბუნებრივ გამგრძელებლად თვლის. მაგრამ აშერისთვის მამაკაცის სანიმუშო მოდელი არის მისი მშვიდი ლიტერატურის მასწავლებელი რამი, რომელსაც განსაკუთრებულად უახლოვდება. ორ სამყაროს შორის მოქცეული აშერი ახალი ცხოვრების დაწყებას და ახალი იდენტობის პოვნას ცდილობს. მაგრამ მოულოდნელი ტრაგედიის გამო, მან სიმწიფის გამოცდა უნდა ჩააბაროს.

მათან იაირი არის კინორეჟისორი, მწერალი და სკოლაში უფროსკლასელებს ისტორიას და ლიტერატურას ასწავლის. მან იერუსალიმში, სემ შპიგელის კინოსა და ტელევიზიის სკოლა გაიარა, სადაც სასცენარო პროგრამა დაამთავრა. ასევე, თელ ავივის უნივერსიტეტის რეჟისურის ფაკულტეტი დაასრულა.

"საშიში დედა" ("Scary Mother", საქართველო, ესტონეთი, 2017)

50 წლის დიასახლისი მანანა საკუთარ დილემას ებრძვის - მან ან საკუთარი ოჯახი უნდა აირჩოს ან თავისი გატაცება - წერა, რომელსაც წლების განმავლობაში იხშობდა. საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ გატაცებას მიყვეს და ბოლომდე ეფლობა წერის პროცესში, რასაც მსხვერპლად წირავს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

ანა ურუშაძე დაიბადა თბილისში 1990 წელს. 2013 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

"სთარ ბოიზ" ("Star Boys", ფინეთი, შვედეთი, 2017)

"სთარ ბოიზ" შთამბეჭდავი ამბავია ორი ოჯახის შესახებ, რომლებიც გახრწნილმა ზნეობამ გაანადგურა, როდესაც სექსუალურმა რევოლუციამ ჩრდილო ფინეთის კონსერვატიულ და რელიგიურ დაბაში შეაბიჯა. ფილმი ორი ოჯახის ისტორიას 13 წლის ბიჭების თვალით დაგვანახებს. მუსიკალური ჯგუფის "Star Boys"-ის ბიჭები ძალიან ახლო დისტანციიდან ადევნებენ თვალს თავიანთი მშობლების სექსუალურ თავისუფლებას. კოსტიუმირებული წვეულების შემდეგ ყველას ცხოვრებაში რაღაც იცვლება და ბიჭების დაბნეულობა უმაღლეს წერტილს აღწევს.

ვისა კოისკო-კანტილა ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კინოდოკუმენტალისტია ფინეთსა და სკანდინავიაში. მისმა დოკუმენტურმა ფილმებმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა ადგილობრივ და საერთაშორისო კინოფესტივალზე.

"ზაფხული 1993" ("Summer 1993", ესპანეთი, 2017)

ესპანეთი, 1993 წლის ზაფხული. მშობლების დაღუპვის შემდეგ, ექვსი წლის ფრიდა პირველად ხვდება ზაფხულს თავის ახლადშეძენილ ოჯახთან ერთად, კატალონიის პროვინციაში. სეზონის დამთავრებამდე, გოგონამ უნდა ისწავლოს ემოციების მართვა, ხოლო ახლადშეძენილმა მშობლებმა მისი, როგორც საკუთარი შვილის სიყვარულის უნარი უნდა გამოიმუშაონ.

კარლა სიმონი სწავლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტსა და ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის აუდიოვიზუალური კომუნიკაციების დეპარტამენტში. შემდეგ იღებდა ტელესერიალებს და სატელევიზიო პროგრამებს კატალონიის ტელევიზიისთვის. მოგვიანებით კარლა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის კინოსკოლაში გადავიდა სასწავლებლად.

myquiz