ბიორკის კონცერტზე დასასწრებად მსმენელები თბილისს მავრიტანიიდანაც ეწვევიან | Allnews.Ge

ბიორკის კონცერტზე დასასწრებად მსმენელები თბილისს მავრიტანიიდანაც ეწვევიან

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის მოსასმენად თბილისს მსმენელები სხვა ქვეყნებიდაც ეწვევიან. ბილეთები ისეთ ქვეყნებშიც გაიყიდა, როგორიცაა მადაგასკარი და მავრიტანია. უფრო დიდი რაოდენობით ტურისტები კი საქართველოს დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან და იაპონიიდან ესტუმრებიან.

ბიორკი თბილისში ორ კონცერტს გამართავს. 31 ოქტომბერს კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, 3 ნოემბერს კი - ოპერისა და ბალეტის თეატრში. ოპერაში დაგეგმილი კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია. მსოფლიოში აღიარებული ავტორ შემსრულებლის კონცერტს, კლასიკურ დარბაზში 3 ნოემბერს, დაახლოებით 1000 ადამიანი დაესწრება.

ამ დროისთვის ისევ გაყიდვაშია 31 ოქტომბრის კონცერტზე დასასწრები ბილეთები. ფილარმონიის სალაროებში და ონლაინ tkt.ge-ზე არის შესაძლებელი ბილეთების შეძენა, რომელთა ფასი 200 ლარიდან იწყება.

ორივე კონცერტზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს Vulnicura-ს წარუდგენს. Vulnicura თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს ბიორკის ყველაზე "პერსონალური" და "გულწრფელი" ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამოდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან. შესრულდება ახალი სიმღერებიც.

კონცერტების მასპინძელია მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS. SOU.

ბილეთების მარტივად შესაძენად გადადით ბმულზე.

myquiz