სალვადორ დალის ნეშტს მამობაზე ტესტის გასაკეთებლად ექსჰუმაციას ჩაუტარებენ
მადრიდის სასამართლომ სალვადორ დალის ნეშტის ექსჰუმაციის შესახებ განკარგულება გასცა. მხატვრის ნეშტის ექსჰუმაცია დნმ-ის ტესტისთვის გახდა საჭირო, რომლის ჩატარებასაც 60 წლის პილარ აბელი ითხოვს. აბელის მტკიცებით, სალვადორ დალი მისი მამაა.
ექსჰუმაცია საჭიროა, ვინაიდან არ არსებობს ბიოლოგიური მასალა ან პირადი ნივთები, რის საფუძველზეც მამობის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი. ექსპერტიზა ტოქსიკოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში ჩატარდება.
პილარ აბელი თავს სალვადორ დალის ქალიშვილად აღიარებას უკვე არაერთი წელია ითხოვს. მისი თქმით, 1955 წელს დედამისი ქალაქ კადაკესში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა, სადაც სახლი დალისაც ჰქონდა. დედამისი და მხატვარი დამეგობრდნენ, რაც მომავალში ფარულ რომანში გადაიზარდა. პილარ აბელმა ეს ბებიისგან შეიტყო.
1955 წელს სალვადორ დალი 49 წლის იყო. 1934 წლიდან ის რუს ემიგრანტ ელენა დიაკონოვაზე იყო დაქორწინებული, შვილები მათ არ ჰყავდათ.
მხატვარი 1989 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქალაქ ფიგერასში, მისივე თეატრ-მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსებულ აკლდამაში ინახება.
სალვადორ დალის არაერთხელ უთქვამს, რომ პრინციპიალურად არ სურს შვილების ყოლა, რადგან, მისი რწმენით, გენიოსების შვილებზე ბუნება ისვენებს.
თუკი ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ სახელგანთქმული მხატვარი პილარ აბელის ბიოლოგიური მამაა, მას სალვადორ დალის ქონების 25% ეკუთვნის. წინასწარი მონაცემებით, ეს 300 მილიონ ევროს უდრის. ამჟამად მხატვრის ქონებრივი უფლებების ერთადერთი მემკვიდრე ესპანური სახელმწიფოა.