ჰარი პოტერის შესახებ ახალი ფილმის გამოსვლა დაანონსდა | Allnews.Ge

ჰარი პოტერის შესახებ ახალი ფილმის გამოსვლა დაანონსდა

კინოკომპანია Warner Bros.-ის ხელმძღვანელობა პიესის "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი" უფლებების ყიდვაზე მოლაპარაკებებს მართავს. ეს პოტერიანის მერვე ნაწილია. ფილმის გამოშვება 2020 წლისთვის იგეგმება, მთავარი როლის შესასრულებლად პროდიუსერები ისევ დენიელ რედკლიფის მოწვევას აპირებენ, რომელმაც ყველა წინა ფილმში ჰარი პოტერი განასახიერა.

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მხოლოდ ერთმა ამერიკულმა ტაბლოიდმა - NY Daily News-მა განაცხადა. ინფორმაციას არც რედკლიფის, არც Warner Bros.-ის მხრიდან არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია.

"Warner Bros.-ი აგრძელებს უფლებების ყიდვაზე მუშაობას და წერს სცენარს, - ამბობს გამოცემის წყარო, - რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ჰარის როლის შესრულება მხოლოდ ერთ მსახიობს შეუძლია. მაგრამ რედკლიფი არ აპირებს ვარსკვლავურ როლს დაუბრუნდეს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მაც 40 წელი არ შეუსრულდება".

საუბარია ჯეკ ტორნის მიერ (ჯოან როულინგის თანამონაწილეობით) დაწერილ პიესაზე "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი", რომელსაც როულინგმა ოფიციალურად მერვე ნაწილი უწოდა. მასში მოქმედება მეშვიდე ნაწილის ეპილოგის დასრულების შემდეგ იწყება, როდესაც მთავარი გმირები საკუთარ შვილებს ჰოგვარტსში აცილებენ. პიესა ლონდონურ თეატრ Palace-ში დაიდგა, წინასწარი ჩვენებები ივნისში, ხოლო პრემიერა 30 ივლისს შედგა.

პიესის მთავარი გმირები ჰარი პოტერისა და დრაკო მალფოის შვილები გახდნენ. თუმცა, სიუჟეტში ჰარიც, მისი მეუღლე ჯინი და მათი მეგობრებიც მონაწილეობენ. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჰერმიონა გრეინჯერის როლზე შავკანიანი მსახიობის ნომა დუმეზვენის მოწვევამ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჯოან როულინგმა დადგმის რეჟისორის, ჯონ ტიფანის ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსებს რასისტები უწოდა.

ჰარი პოტერის შესახებ ფილმების სერია კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფრანშიზა გახდა. პოტერიანის ფილმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ნაწილი - "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები" - ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა.

myquiz