საქართველოს ეროვნული მუზეუმის 6 ყველაზე ძვირფასი ფერწერული ტილო | Allnews.Ge

საქართველოს ეროვნული მუზეუმის 6 ყველაზე ძვირფასი ფერწერული ტილო

Allnews.ge ქართველი მხატვრების 6 ყველაზე ძვირფას ფერწერულ ტილოს გაგაცნობთ, რომლებიც ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი. თემასთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმის ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე გვესაუბრა:

"ნატურმორტი"

"ნატურმორტი" ინტერესის ობიექტად მაშინ იქცა, როცა დიმიტრი შევარდნაძემ ნიკოლოზ ფიროსმანაშვილის ნამუშევრების შეგროვება დაიწყო. მოგეხსენებათ, ნიკოს ნახატების დიდი ნაწილი განკუთვნილი იყო დუქნებისთვის. "ნატურმორტიც" ერთგვარი თვალსაჩინოებაა, კლიენტს შეეძლო დაენახა, რას სთავაზობდა მენიუ. ფიროსმანი მსოფლიოში უნიკალური შავი ფერით არის განთქმული. მეტყველი და შემკვრელი შავი ფერი ამ ფერწერულ ტილოზეც კარგად ჩანს. თანაც მხატვრული ეფექტის საშუალებით, ნიკო ჩვეულებრივ საგნებსაც არაჩვეულებრივად წარმოსახავს.

"წყალზე მიმავალი ბავშვებიანი ქალი"

ნახატზე ვხედავთ ბავშვებიან ქალს, რომელსაც სახეზე სევდა აღბეჭდვია. მასში მხატვარი ერთი მხრივ კონკრეტულ დედას გულისხმობდა, მეორე მხრივ კი - ზოგადად გაჭირვებულ გლეხის ქალს. "წყალზე მიმავალი ბავშვებიანი ქალი" ფორმის შეკრულობითა და მონუმენტალიზმის თვალსაზრისით ერთ-ერთი უნიკალური ნამუშავარია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფიროსმანი უყვართ და აფასებენ. ნიკოს მხოლოდ თავიდან აკრიტიკებდენენ. მაშინ, როცა მისი შემოქმედება ახალგაზრდების ჯგუფმა აიტაცა, მათ შორის "ცისფერყანწელებმა", ძველმა თაობამ არ მიიღო ნიკო. მეტიც, დიმიტრი შევარდნაძეს ეკითხებოდნენ, გერმანიაში გაქვს კაცს განათლება მიღებული და ქუჩის მხატვრის ნამუშევრებს რატომ ეზიდები გალერეაშიო. ერთხელ დიმიტრის ფიროსმანის გამოფენის გამართვა სურდა, მაგრამ საბჭომ მისი ორგანიზებისთვის საჭირო თანხა არ გამოყო.

მიუხედავად ამისა, როგორც კი დიმიტრი შევარდნაძე მუზეუმს სათავეში ჩაუდგა, ნიკოს ნამუშევრები მოიძია და შეკრიბა. დღეს ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის 150 ნამუშევარია დაცული, რაც ფერმწერის შედევრების უდიდესი ნაწილია.

2015 წლის ზაფხულში ეროვნულ მუზეუმს საჩუქარი გაუკეთეს. ერთ-ერთმა მეცენატმა (ბიძინა ივანიშვილმა - ავტ.) ფიროსმანის უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი "არსენალის მთა ღამით" აუქციონზე შეიძინა და გალერეას გადასცა.

დავით კაკაბაძე "იმერეთი – დედაჩემი"

"იმერეთი - დედაჩემი" დავით კაკაბაძემ 1918 წელს შექმნა. იგი მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. მხატვარმა ამ ფერწერული ტილოთი კონკრეტიკისა და განზოგადების შეხამების მასტერკლასი გვიჩვენა. ერთი მხრივ, კაკაბაძის დედა რეალური ქალია, მეორე მხრივ, მასში ყველა იმერელი ქალის ამოცნობა შეიძლება. ღობის მიღმა იმერეთი იწყება და დედიდან აქცენტი სწორედ ხედზე გადადის.

კუბისტური კომპოზიცია

"კუბისტური კომპოზიცია" დავით კაკაბაძემ პარიზში ყოფნისას შექმნა. ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნამუშევრების მიხედვით, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ გამორჩეული ხელოვანები აარჩია და სასწავლებლად საფრანგეთში გაგზავნა. მათ შორის მოხვდნენ დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი. პარიზში გატარებული წლები დავითისთვის განსაკუთრებულად ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა. "კუბისტური კომპოზიცია" შექმნილია ლითონისგან, ზეთის საღებავისგან, ხისა და ლინზისგან, ანუ აბსოლუტურად მინიმალისტურია, თუმცა საოცარ ეფექტს ახდენს. მასში დაპირისპირებულია სწორხაზოვანი და რკალური ფორმები. სიბრტყისეულ გამოსახულებაში ლინზას სივრცითი ეფექტი შეაქვს. დავით კაკაბაძის ნახატებიც დიმიტრი შევარდნაძემ შეაგროვა. რაოდენ საწყენია, რომ ყველა დამსახურების მიუხედავად, დიმიტრი დახვრიტეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს.

ეროვნული გალერეის გარდა, დავით კაკაბაძის ნამუშევრები ინახება მის ოჯახში, ლისაბონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და იელის უნივერსიტეტის გალერეაში.

ლადო გუდიაშვილი - ავტოპორტრეტი

"ავტოპორტრეტი" გუდიაშვილმა პარიზში წასვლამდე დახატა. სრულ სიბრტყეზე ადამიანის ფორმა საინტერესო ხაზებითა და დეფორმაციით გადაიტანა. ეს ნახატი არის თბილისური მოდერნიზმის საუკეთესო მაგალითი. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირმა ამ მიმართულების განვითარება შეაჩერა. იმ პერიოდში დასაშვები იყო მხოლოდ რეალისტური ხელოვნება. გუდიაშვილი ამ ფერწერულ ტილოშიEექსპრესიონიზმისა და კუბიზმის ნაზავს გვთავაზობს.

კინტოების ქეიფი ქალთან

გუდიაშვილმა "კინტოების ქეიფი ქალთან" 1919 წელს შექმნა. ამ დროს ის გატაცებული იყო კინტოებისა და ყარაჩოხელების ბოჰემური ცხოვრებით. მოგეხსენებათ, გუდიაშვილი ინტელიგენტი იყო და საზოგადოების ეს ფენა ეგზოტიკურად ეჩვენებოდა. ლადო ექსპრესიონისტული ტეხილებით მუშაობს და გამომხატველობითი ხაზები აქვს. ის ათას მხატვარში შეგიძლიათ გამოარჩიოთ. თანამედროვე მეთოდით ადამიანის სხეულის გადმოცემა 20-იანი წლების უპირველესი ამოცანა იყო, რომელსაც გუდიაშვილმა ბრწყინვალედ გაართვა თავი. ტილო თავისი მხატვრული ხერხებით ტრაგიკულობისა და დაძაბულობის ეფექტს ქმნის, სწორედ ამიტომ, მნახველში სხვადასხვა ემოციას აღძრავს.

თათული ღვინიანიძე