როგორ დავეხმაროთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს ლუდომანიის დამარცხებაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები | Allnews.Ge

როგორ დავეხმაროთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს ლუდომანიის დამარცხებაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, იგივე ლუდომანია ბევრი ოჯახისთვის ნაცნობი და რთულად გადასაჭრელი პრობლემაა, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით იჩინა თავი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ლუდომანია დაავადებაა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მსგავსად, მკურნალობა სჭირდება. მომხმარებელთა საკმაოდ დიდ ნაწილს კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უბრალოდ მავნე ჩვევად მიაჩნია და პრობლემის აღიარება უჭირს. ლუდომანიის დაძლევა მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლის მეთოდებზე ALLNEWS.GE-ს "კამარას" ფსიქოლოგი ნინო კომახიძე ესაუბრა.

"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანთა მომართვიანობა ჩვენს ცენტრში. დინამიკა მზარდია, მოწყვლადი ჯგუფის ასაკი დაახლოებით 20-35 წელია. თუმცა, 20 წლის ადამიანი რომ მოდის ჩვენთან, ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი პრობლემა ახალი დაწყებულია. როგორც წესი, დამოკიდებულება ყალიბდება გაცილებით ადრე, თუმცა ამის გაცნობიერება ხდება საკმაოდ გვიან, იმ პერიოდში, როდესაც მომხმარებლები უკვე ძალიან ცუდ და რთულ მდგომარეობაში არიან. ძირითადად, აზარტულ თამაშებთან პირველი შეხება გარდატეხის ასაკში ხდება. თუმცა 12-13 წლის ბავშვსაც შეიძლება ჰქონდეს ნათამაშები ონლაინ სივრცეში. სამწუხაროდ, ამის კონტროლის მექანიზმები ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს"

როგორ ყალიბდება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება?

ეს ძალიან ინდივიდუალურია. შესაძლოა, ერთი და ორი თამაშით მიჯაჭვულობა არ ჩამოყალიბდეს, მაგრამ თუ ადამიანმა ამ ტიპის თამაშში იპოვა ისეთი რაღაც, რაც მას არ აქვს მოძებნილი რეალურ ცხოვრებაში, მისგან თავის დაღწევა საკმაოდ გაუჭირდება. ვიღაცამ შეიძლება ითამაშოს და არ გახდეს დამოკიდებული, მაგრამ ვიღაცისთვის ეს შეიძლება მთელი ცხოვრების პრობლემად იქცეს.

რა დრო სჭირდება ლუდომანიის დაძლევას?

პრობლემასთან ბრძოლა იწყება იმ დღიდან, როდესაც ადამიანი გააცნობიერებს, რომ მას დახმარება რეალურად ესაჭიროება. ძალიან რთულია დროის წინასწარ განსაზღვრა. თითოეული შემთხვევისას იწყება ინდივიდუალური გეგმის შედგენა. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ამ დროს ადამიანს მხოლოდ აზარტომანიის პრობლემა აქვს, თუ რაიმე სხვა ტიპის მიჯაჭვულობაც ახლავს თან. ან ხომ არ ერთვის ლუდომანიას დეპრესია თუ რაიმე სხვა ტიპის ფსიქიკური დარღვევა. ძალიან იშვიათად ფიქსირდება, მხოლოდ აზარტომანია, როგორც ერთი პრობლემა.

თუმცა უნდა ითქვას რომ ლუდომანია დაძლევადია?

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ ძალიან თავისუფლად შეიძლება მისი მართვა. ადამიანს შეუძლია, წერტილი დაუსვას ამ პრობლემას და ცხოვრების ბოლომდე არ ითამაშოს.

როგორია ფსიქოლოგის რეკომენდაციები ლუდომანიის დასამარცხებლად?

პირველ რიგში, ყველამ უნდა გააცნობიეროს რომ ეს არის დაავადება და არა მავნე ჩვევა. შესაბამისად, როგორც ნებისმიერ სხვა დაავადებას - სჭირდება მკურნალობა. ეს არის დამოკიდებულების სინდრომი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა. ნარკოტიკი რომელსაც ქიმიურად არ იღებ. ამიტომ ფიზიკური ლტოლვა არ გაქვს. თუმცა, მედიკამენტოზური დახმარება ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ხშირადაა საჭირო. მკურნალობის მეთოდში კი წამყვანი როლი აქვს ფსიქოთერაპიას.

რას ურჩევთ მათ, ვინც ფსიქოლოგს ვერ მიმართავს?

პირველი - მაქსიმალურად მოახდინონ იმის გააზრება თუ რასთან აქვთ საქმე. ვერცერთი პრობლემა თუ ის პრობლემად არ აღიარე ვერ გადაიჭრება. აღიარება, გაცნობიერება და შესაბამისი გეგმების დასახვა - აქედან იწყება ლუდომანიასთან ბრძოლა.

ძალიან ხშირად, როდესაც მოყავთ ჩვენთან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანი, პირველი ვიზიტი არის ხათრით და მათ ძალიან უჭირთ, არ უნდათ იმის აღიარება რომ ასეთი სირთულის პრობლემის წინაშე დგანან. ისინი ამ ყველაფერს უყურებენ როგორც გართობას, ფულის შოვნის საშუალებას. სანამ სიღრმისეულად დაფიქრდებიან, იჯერებ იმას რაც მათ აწყობთ.

რა როლი აქვთ ლუდომანიასთან ბრძოლაში ახლობლებს, ოჯახის წევრებს?

გააჩნია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს როგორი ურთიერთობა აქვს გარშემო მყოფებთან, როგორია ამ ურთიერთობის ატმოსფერო. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჯანმრთელობის პრობლემის დროს, მნიშვნელოვანი როლი აქვთ. თუმცა, ძალიან ხშირად, ოჯახის წევრები დათვურ სამსახურს უწევენ ლუდომანს. დათვური სამსახური რაში გამოიხატება? როდესაც ეს ადამიანები ვალებს იღებენ თამაშისთვის, ახლობლები მათ ხშირად ეხმარებიან ფინანსური პრობლემების მოგვარებაში იმ იმედით, რომ ეს ბოლოა და მეტად აღარ გაიმეორებს. შეიძლება ერთხელ დაეხმარო, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი თუ აქვს, ეს უკვე არის დათვური სამსახური. აუცილებელია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს ვესაუბროთ, ავუხსნათ პრობლემის არსი, ლიტერატურა მივაწიოდოთ, მსგავსი მაგალითი მოვუყვეთ და ვეცადოთ დავეხმაროთ პრობლემის გაცნობიერებაში.

შეიძლება თუ არა გამართლებული იყოს აკრძალვის მეთოდი, თუნდაც მოზარდეში?

აკრძალვის მეთოდი არც პატარა ასაკში ჭრის და მითუფრო ვერ იმუშავებს ზრდასრულ ადამიანთან. როცა მოზარდზე გვაქვს საუბარი, მნიშვნელოვანია შევთავაზოთ მას რაიმე ალტერნატიული გართობისა და სიამოვნების საშუალებები. დავუგეგმოთ დღის რეჟიმი ისე, რომ მას არ ჰქონდეს ბევრი თავისუფალი დრო აზარტული თამაშებისთვის. თუ არცერთი მეთოდი არ ჭრის, სპეციალისტს უნდა მივმართოთ. ასევეა ზრდასრულებში. პრობლემის დაძლევა ყველაზე კარგად ხდება ჩანაცვლებადი თერაპიით. მნიშვნლოვანია თანადგომა, იმედის და სტიმულის მიცემა. საუბარი მარტივია, ეს ყველაფერი კი გასაკეთებლად ბევრად უფრო რთულია.

myquiz