სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა 1500-მდე 2-დან 10 წლამდე ბავშვს ჩაუტარდება | Allnews.Ge

სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა 1500-მდე 2-დან 10 წლამდე ბავშვს ჩაუტარდება

სექტემბრიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ვიწყებთ ფართომასშტაბიან კვლევას, რომელიც ოჯახებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის სისხლში ტყვიის შემცველობას შეისწავლის,- ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება, მოხდება 14000 ოჯახის გამოკითხვა, რომელთა შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება.

"სექტემბრიდან ვიწყებთ მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას, რომელიც ოჯახის ირგვლივ 200 სხვადასხვა ფაქტორს შეისწავლის - დედასთან, მამასთან, ბავშვთან, მათ ქცევასთან, მთლიანად მათ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებულ ფაქტორებს. ამას დაემატა სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის ტესტიც.

ბოლო დროს დაგროვილმა ინფორმაციებმა შექმნა იმის საფუძველი, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ამ თემის შესწავლა გადაწყვიტა და მთავრობამ მოგვმართა თხოვნით, რომ ამ ფართომასშტაბიან კვლევაში ასევე მომხდარიყო ბავშვების ტყვიაზე ტესტირებაც. კვლევა ტარდება ქვეყნის ყველა რეგიონში და ჩვენ შევალთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 14 000 ოჯახში. რაც შეეხება ბავშვებს, კვლევაში ჩართული იქნებიან 2-დან 10 წლამდე ბავშვები და ვვარაუდობთ, რომ მათი რაოდენობა 1500-მდე იქნება.

თითო ოჯახში მკვლევარების სტუმრობა დაახლოებით 2 საათამდე გაგრძელდება, რადგან მათ დასჭირდებათ ყველა ფაქტორის ცალ-ცალკე შესწავლა, იქნება ეს დედის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ბავშვის ჯანმრთელობა, მათი ქცევა და ა.შ."- განაცხადა თამარ უგულავამ.

მისივე თქმით, კითხვარის შევსების გარდა, მოხდება 5 წლამდე ასაკის ბავშვების აწონვა და სიმაღლეში გაზომა.

"ამის მიხედვით ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, აქვთ თუ არა მათ ნუტრიციული დეფიციტი. მიკროელემენტების დეფიციტმა შესაძლოა მათ წონასა და სიმაღლეში გარკვეული ცვლილებები მოგვცეს. თუ დადგინდა სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა, მაშინ იწყება ფიქრი იმაზე, რა არის ამის წყარო. ამის დადგენისთვის არსებობს ატომურ-იზოტოპური მეთოდი, რომელიც მინიშნებას გვაძლევს, საიდან არის ეს ტყვია. მაგალითად, ბენზინიდან, საღებავიდან და ა.შ."- განაცხადა unicef-ის წარმომადგენელმა.

myquiz