აფხაზეთთან ახლოს - დევნილობაში გატარებული 25 წელი და "სახლში" დაბრუნების გადაუწურავი იმედი | Allnews.Ge

აფხაზეთთან ახლოს - დევნილობაში გატარებული 25 წელი და "სახლში" დაბრუნების გადაუწურავი იმედი

ორსანტია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვართან მდებარე სამეგრელოს ერთი ჩვეულებრივი სოფელი, რომელიც უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების 25-წლიან ტკივილნარევ და მონატრებით სავსე ისტორიას მალავს. სხვებისგან არაფრით გამორჩეულ ამ დასახლებას, სკოლებსა და ძველ საბავშვო ბაღებში მეოთხედი საუკუნის წინ ამჟამად უკვე ოკუპირებული აფხაზეთიდან ომს გამოქცეული და სახლდაკარგული რამდენიმე ათეული ადამიანი შეუფარებია.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი 29 წლის დიეგო აქუბარდიაა

ძველი შენობის პირველ სართულზე, რომელშიც ადრე სოფლის მეურნეობის ადმინისტრაციულ-საკანცელარიო განყოფილება იყო განთავსებული, ის მეუღლესთან, ორ მცირეწლოვან შვილთან, დედასთან და ძმასთან ერთად ჯერ კიდევ სტუმარივით ცხოვრობს

6- სულიანი ოჯახის განკარგულებაში ერთი მისაღები, საძინებელი და სამზარეულოა. ყველა ოთახი ერთმანეთისგან განცალკევებით დერეფნის სხვადასხვა მხარეს მდებარეობს. საერთო სააბაზანო ეზოში აქვთ, ისიც რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით გაკეთდა.

როგორც თავად ამბობენ, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს, თავი კი სოციალური დახმარების სახით დარიცხული 310 ლარით გააქვთ. ამბობენ, საკმარისი არ არისო, მაგრამ გამოსავლის პოვნა უჭირთ.

თავად დიეგო სტომატოლოგია. განათლება კოლეჯში მიიღო, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, თავისი პროფესიით კი არა, რაიმე ფიზიკურ სამუშაოზეც ვერ დასაქმდა. ამის დასტურად სახლის უკანა ეზოში გავყავართ და ორ დიდ ასწლოვან ხეს გვაჩვენებს.

ხეები უკვე ამოთხრილი და გამზადებულია. ცოტა ხანში მათ ყველასთვის ცნობილი პატრონი მოაკითხავს და თავის დენდროლოგიურ პარკში წაიღებს, ამ ხეებს კი დიეგო იმისთვის გვაჩვენებს, რომ გვითხრას, გადასატანად მათი გამზადებისთვის წარმოებულ სამუშაოებზეც კი არ დაასაქმეს მისი თხოვნისა და იმის მიუხედავად, რომ ისინი დიეგოს სახლიდან რამდენიმე მეტრში დგას, - "ჩვენი ხალხი გვყავსო"- ამ სიტყვებით გაისტუმრეს ახალაგაზრდა სამსახურის მაძიებელი.

დიეგოს ომი ფაქტობრივად არ ახსოვს. პირველ რიგში, იმის გამო, რომ მაშინ ძალიან პატარა იყო, თანაც მისმა ოჯახმა მოახერხა და გალის მახლობლად მდებარე სოფელ რეფში საკუთარი სახლი იქამდე მიატოვა, სანამ ტყვიების ზუზუნი მათ სიახლოვეს გაისმებოდა. ოჯახმა საკუთარი სახლი პირველად 1993 წელს დატოვა, თუმცა უკან დაბრუნების იმედი გულში ჩაიბეჭდა და მიზნად დაისახა. მიზნის განხორციელების პირველი იმედი 1995 წელს გაჩნდა. სწორედ მაშინ, აქუბარდიების ოჯახმა გალში დაბრუნება მოახერხა და ომის დროს გადამწვარი საკუთარი სახლის აღდგენა დაიწყო. ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა - 2 წელში მათი საცხოვრებელი თავდასხმის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა, ოჯახი კი კიდევ ერთხელ გაუდგა დევნილობის გრძელ გზას.

სახლს მონატრებული დიეგო მას შემდეგ არაერთხელ გადაპარულა დამწვარი შენობის შორიდან საყურებლად, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე წელია მსგავს რისკზე აღარ მიდის

"სახლი მომენატრა და მეგობართან ერთად გადავიპარე. ამჯერად არ გაგვიმართლა - დაგვაკავეს და რამდენიმე დღე პატიმრობაში გავატარე. ფიზიკურად ძალადობდნენ. იქამდე არ გამოგვიშვეს, სანამ 2000 რუსული მანეთი არ გადავიხადეთ. ახლა, როგორც ვიცი, გადასახადი უფრო მეტია"- გვეუბნება დიეგო.

25 წელი გავიდა, მაგრამ აქუბარდიების ოჯახს, ადგილი, რომელსაც ჯერ კიდევ სახლს ეძახიან, ძალიან ენატრება. კითხვაზე, ახლა შესაძლებელი, რომ იყოს და ე.წ საზღვარი გაიხსნას დაბრუნდებოდნენ თუ არა გალში, დიეგო იმის სადემონსტრაციოდ, რომ წასასვლელად მზად არის, კარს ოდნავ ხსნის და გვეუბნება , -" ახლავე წავიდოდი".

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაპარვის აუცილებლობა ყოველთვის არ იყო. ადგილობრივები იმასაც იხსენებენ, როგორ დადიოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფლებიდან ბავშვები ორსანტიის სკოლაში გაკვეთილებზე და როგორ მიდიოდნენ თვითონ სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად ან ენგურის მეორე მხარეს დარჩენილი მიწის ნაკვეთებზე მოსავლის ასაღებად და წამოსაღებად. მაშინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ საზღვარს აფხაზი "მშვიდობისმყოფელები" აკონტროლებდნენ

ვითარება 2008 წლის აგვისტოში შეიცვალა. რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული დაპირისპირებისას, 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა სეპარატისტულმა ძალებმა მეორე ფრონტი კოდორის ხეობაზე თავდასხმით გახსნეს და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიებიდან გასვალა 2008 წლის 8 ოქტომბერს დაასრულა, თუმცა რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში დარჩა. სწორედ ამ დროს ე.წ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან აფხაზები რუსებმა ჩაანაცვლეს, და ე.წ საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის კონტაქტიც მაქსიმალურად შეიზღუდა. მიმოსვლა ცალმხრივი გახდა, აფხაზეთი კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა.

სირთულეები ამით არ დასრულებულა. ოფიციალურმა მოსკოვმა და ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ღია ფანჯარასავით დარჩენილი ე.წ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მორიგეობით ჩაკეტვა დაიწყო. უკანასკნელად „ფანჯარა“ ორსანტიაში, ოტობაიასთან დამაკავშირებელი ე.წ გამშვების პუნქტის გაუქმებით მიიხურა. 2017 წლის 5 მარტს ორსანტია-ოტობაიას ხიდის მსგავსად ხურჩა-ნაბაკევის დამაკავშირებელი გზაც გაუკაცრიელდა

ორსანტიის ხიდთან მისულებს, იმ ასეულობით ადამიანის ნაცვლად, რომლებიც ხიდს ყოველდღიურად სამკურნალო თუ საყოფაცხოვრებო მიზნისთვის კვეთდნენ, საძოვარზე გამოსული ძროხები დაგვხვდნენ. ხიდი დაზიანებულია, მის ბოლოს მწვანედ შეღებილი ღობე დგას წარწერით, რომელიც გვანიშნებს, რომ იქიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია იწყება.

ორსანტია-ოტობაიას დამაკავშირებელი ხიდი და მიმდებარე ტერიტორია.

ახალა ერთადერთი ე. წ გამშვები პუნქტი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ აფხაზეთს აკავშირებს, სოფელ რუხშია.

გრძელი ხიდი მდინარე ენგურზეა გადებული. ხიდის დასაწყისში ქართული პოლიცია დგას

ჩანთააკიდებული ადამიანები ოკუპირებული მიწისკენ მიემართებიან. პოლიციის გვერდით ისე გადიან, მათ ზედმეტი კითხვებითა და შემოწმებით არავინ აწუხებს. "ეს ხომ ადმინისტრაციული საზღვარია"- გვიმარტავს ადგილზე მყოფი სამართალდამცველი. ჩანთამოკიდებულ ადამიანებს ჩვენც უკან მივყვებით. გაცნობიერებული გვაქვს, რომ მათსავით შორს ვერ წავალთ და სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაწესებულ ე.წ საზღვარს ვერ გავალთ, არც ვცდილობთ. პოლიციის თანამშრომლები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გვერდზე მოგვყვებიან.

ერთ ქალბატონს წამოვეწიეთ. შვილთან ერთად სახლში დატვირთული ბრუნდებოდა. ამბობს, რომ ხიდის აქეთ მხარეს პროდუქტები გაცილებით იაფია. ისიც კვირაში ორჯერ ან სამჯერ რუხში მდებარე მაღაზიებსა და ბაზარში საყიდლებზე მოდის. ხიდის ქართულ მხარეს მას განმარტებას არავინ სთხოვს, ხიდის ბოლოს კი საბუთებს ყოველ ჯერზე დაუზარელად უმოწმებენ. „თუ ყველა საბუთი წესრიგში გაქვს პრობლემები არ შეგექმნება"- გვეუბნებნება ხათუნა- თავად აფხაზური პასპორტი აქვს.

ხიდთან ახლოს, რომელსაც ქართველი სამართალადამცავების თქმით, ყოველ დღე, დაახლოებით, 1500 - 2000 ადამიანი კვეთს, მარცხენა მხარეს იარაღის ძეგლი დგას, რომელისთვისაც ავტორს ლულა მაღლა აუწევია და გაუბანტავს, - "ეს იმის ნიშნად, რომ ქართველები აფხაზების მტრები არ არიან" - გვეუბნებიან ადგილობრივები.

myquiz