ალცჰაიმერით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში იზრდება - რა სიმპტომები აქვს დაავადებას? | Allnews.Ge

ალცჰაიმერით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში იზრდება - რა სიმპტომები აქვს დაავადებას?

საქართველოში ალცჰაიმერით დაავადებულთა რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2013 წელს ალცჰაიმერით დაავადებულების რეგისტრირებული რაოდენობა 805 ადამიანი იყო, 2014 წელს 1197, 2015 წელს 1084, 2016 წელს 1376. 2017 წლის სტატისტიკა ცენტრში ჯერჯერობით არ აქვთ.

როდის იჩენს თავს ალცჰაიმერი, როგორი დაავადებაა და რა სიმპტომები ახასიათებს მას, ამის შესახებ Allnews.ge ექიმ-ნევროლოგს, ეთერ ტოგონიძეს ესაუბრა.

ალცჰაიმერის დაავადება მიეკუთვნება თავის ტვინის პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებების, ე.წ. დემენციების ჯგუფს და მათ შორის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა (მოიცავს დემენციების 60–70%–ს)

ზოგადად დემენციისთვის დამახასიათებელია თავის ტვინის იმ უბნების დაზიანება, რაც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და სხვა უმაღლეს კოგნიტურ უნარებზე, შესაბამისად კლინიკურად ვლინდება მეხსიერების, ქცევისა და ხასიათობრივი პრობლემებით.

ახალი კვლევების თანახმად, ალცჰაიმერი გადამდები დაავადებაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზოგადად დემენცია 60–69 წლის ასაკის პოპულაციის 1%–ს აღენიშნება და ყოველი 5 წლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები ორმაგდება.

რა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას?

დღემდე უამრავი მოსაზრება არსებობს დაავადების კონკრეტულ გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ დადასტურებული არცერთი მათგანია. ცნობლია, რომ ამ დაავადების დროს თავის ტვინის ნეირონებში ჩნდება პათოლოგიური ჩანართები – ე.წ. ამილოიდის ფოლაქები და ნეიროფილამენტური ფიბრილები, რაც იწვევს ნეირონების შეუქცევად დაზიანებას. არსებობს ბევრი ფაქტორი, რაც დაავადების განვითარებას უწყობს ხელს: ჰიპერტონული დაავადება, ლიპიდური ცვლის მოშლა, თავის ტვინის ტრავმები, ნეიროინფექციები, ოქსიდაციური სტრესი თუ სხვა.

რა ასაკში ვლინდება დაავადება?

კლასიკურ შემთხვევაში ალცჰაიმერის დაავადება ვლინდება 60-65 წლის და ზემოთ ასაკში. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით გენეტიკური ფორმის დროს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაცილებით ადრე, 30–40 წლის ასაკში ჩნდება. ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების რისკი საგრძნობლად იზრდება. არსებული კვლევების მიხედვით, ალცჰეიმერის დაავადება შედარებით ხშირია ქალებში.

ამოვიცნოთ დაავადება, რა სიმპტომები ახასიათებს?

კლინიკური ნიშნებისა და მათი სიმძიმის მიხედვით განარჩევენ დაავადების პრეკლინიკურ, მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. პრეკლინიკური ფორმის დროს თავის ტვინში ვლინდება პათოლოგიური ცვლილებები, თუმცა სიმპტომები კლინიკურად ჯერ არ არის გამოხატული. მსუბუქი ფორმის შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება იოლი მეხსიერების პრობლემები, როგორიცაა საგნების ან ნაცნობების სახელების გახსენების გაძნელება, ხანმოკლე დროში მომხდარი ფაქტების ან ქმედებების, შენახული საგნების მდებარეობის გახსენება. აღნიშნული ნიშნები ხშირად პაციენტზე ადრე მისი ახლობლების მიერ ხდება შესამჩნევი. დაავადების პროგრესირებისთანავე ხანმოკლე მეხსიერების პრობლემები მკვეთრად გამოხატული ხდება, რასაც ემატება კონცენტრაციის, დასწავლის, კალკულაციის, არითმეტიკული მოქმედებების გაძნელება, ხასიათობრივი ცვლილებები, როგორიცაა მომატებული შფოთვა, დეპრესიული გუნება–განწყობა.

დაავადების მძიმე ფორმის დროს პაციენტი ინდიფერენტული ხდება გარემოს, გარშემომყოფების მიმართ, ნაკლებ ინტერესს იჩენენ თავის მოვლის, პირადი ჰიგიენის მიმართ, მეხსიერების და ხასიათობრივ პრობლემებს ემატება სომატური ჩივილები, მოძრაობის სირთულეები, ყლაპვის გაძნელება, საჭმლის მონელების და საშარდე სისტემის პრობლემები, ხშირია ასპირაციული პნევმონია. პაციენტი სრულად დამოკიდებული ხდება გარშემომყოფებზე.

დაავადების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ ნიშნებს, მენტალური სტატუსის შეფასებას, თავის ტვინში სპეციფიური ჩანართების აღმოჩენას. ასევე მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ის ნევროლოგიური თუ არანევროლოგიური დაავადებები, რაც ალცჰეიმერის დაავადების მსგავს სიმპტომებს იწვევს.

სამწუხაროდ ასაკოვან პაციენტებს ბავშვებთან და მოზრდილ პოპულაციასთან შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევათ, სპეციალისტებთან მომართვიანობაც ნაკლებია, რაც ართულებს დაავადების დროულ დიაგნოსტიკას, შესაბამისად მკურნალობის ეფექტურობა მკვეთრად მცირდება.

როგორც აღვნიშნე ალცჰაიმერის დაავადება არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, შესაბამისად მისგან სრულად განკურნება სამწუხაროდ არ ხდება, თუმცა, დავადების დროული დიაგნოსტიკისა და ადექვატური მართვის შემთხვევაში შესაძლებელია პაციენტი დაავადების სწრაფი პროგრესირებისგან დავიცვათ და ხელი შევუწყოთ ნორმალური ცხოვრების ხარისხის ხანგრძლივად შენარჩუნებას.

-როგორია მკურნალობის მეთოდი?

აღსანიშნავია სპეციფიური მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც ხელს უწყობს მეხსიერების პრობლემების შედარებით გაუმჯობესებას, პარალელურად, დამატებითი ჩივილების მიხედვით რეკომენდებულია ანტიდეპრესანტული, შფოთვის საწინააღმდეგო მკურნალობა, თუმცა მედიკამენტოზურ ჩარევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიოქოლოგიური რეაბილიტაცია და გარშემომყოფების მორალური მხარდაჭერა.

myquiz