გაიცანით ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიები, რომელთა ნაწილის პროდუქცია უცხოეთშიც იყიდება | Allnews.Ge

გაიცანით ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიები, რომელთა ნაწილის პროდუქცია უცხოეთშიც იყიდება

საქართველოში წარმოებული პროდუქცია, განსაკუთრებით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა, მომხმარებლები ქართველ დიზაინერებს როგორც გემოვნების, ისე ხარისხის თვალსაზრისით ენდობიან, ამასთან, დიზაინერების დიდი ნაწილი კი თავიანთ პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში არსებულ საწარმოებს უკვეთავს. ჩვენ კი როდესაც საქართველოში წარმოებული და შექმნილი გვაცვია, ამით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად ვუწყობთ.

Allnews.ge-მ გადაწყვიტა, მკითხველისთვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული მწარმოებლები გაეცნო, რომელთა დამზადებულ პროდუქციასაც ბევრი ჩვენგანი ატარებს.

Gepherrini - გეფერინი

გეფერინი პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებსა და აქსესუარებს აწარმობს. ბრენდმა პოპულარობა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე მოიპოვა, რადგან მისი ჩანთები ხარისხიანი და ტრენდულია.

როგორც Gepherrini-ს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, "დამფუძნებლების სურვილი იყო, შექმნილიყო ისეთი ქართული პროდუქტი, რისი წარმოებაც საქართველოში არ არსებობდა. რამოდენიმე თვიანი ბაზრის მოკვლევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ქალის ჩანთები მასიურად არ იწარმოებოდა საქართველოში. სწორედ აქედან გაჩნდა ჩანთების წარმოების დაწყების იდეა".

მწარმოებლების ინფორმაციით, იდეის განხორციელება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან ამ სფეროში გამოცდილი კადრების მოძიებაძალიან რთული იყო. ბრენდის სახელი შერჩეულია ერთ-ერთი დამფუძნებლის გვარის მიხედვით.

"გეფერინს" ბაზარზე შესვლის დღიდან, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და შესაბამისად საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესებაც გამოიწვია. საწყის ეტაპზე საქართველოში გაიხსნა მაღაზია და სხვადასხვა გაყიდვის წერტილი. ერთი წლის შემდეგ პირველი ექსპორტი დაფიქსირდა რუსეთის მიმართულებით. ეტაპობრივად დაემატა კიდევ 6 ქვეყანა. ესენია: ამერიკა, საფრანგეთი, შვედეთი, ყაზაზეთი, უკრაინა და აზრებაიჯანი. ამ ეტაპზე გეფერინი მსოფლიო მასშტაბით 36 გაყიდვის წერტილით არის წარმოდგენილი.

Rainbow - "რეინბოუ"

საწარმო "რეინბოუ" ("ცისარტყელა") ქართულ ბაზარზე უკვე წლებია დამკვიდრდა, ნდობაც მოიპოვა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს მისი შეკერილი ფეხსაცმელი აცვია.

Rainbow ქუთაისში1991 წელს შეიქმნა .შექმნის დღიდან მისი ძირითადი საქმიანობა ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის წარმოებაა. როგორც თავად მწარმოებლები განმარტავენ, პროდუქცია მზადდება მხოლოდ ნატურალური მასალების გამოყენებით. არჩევანი კი ფართოა, შეგიძლიათ, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე, სპორტული თუ ყოველდღიური ფეხსაცმელი შეიძინოთ.

Spilow - სპილოუ

Spilow საქართველოში დამზადებული ბავშვის ტანსაცმელის ბრენდია.

იგი მშობლებისთვის განსაკუთრებით სენსიტიური შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან კომპანია სამმა დედამ დააარსა, - "ჩვენი ინსპირაციაა ჩვენი მოუსვენარი და ცელქი შვილები. გვინდა ყველა დედას გავუაზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება თანამედროვე ბავშვების აღზრდაზე".

"სპილოუ" არის ტანსაცმელი ცელქი ბავშვებისთვის, - აღნიშნავენ დამფუძნებლები. "სპილოუ" ტანსაცმელს 1-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის და გოგონებისთვის ამზადებს.

ელსელემა - Elselema LTD

"ელსელემამ" ფუნქციონირება 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ის სხვადასხვა უნიფორმის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მხარდაჭერაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის, "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მოხდა.

როგორც კომპანია განმარტავს, ის ექსპორტზეა ორინტირებული და იტალიასა და შვეიცარიაში წამყვან ევროპულ კომპანიებთან უკვე თანამშრომლობს, მათ შორის კომპანია "მონკლერთან".

მატერია

კომპანია "მატერია" უკვე დიდი ხანია, ბევრი ჩვენგანისთვის სანდოობას უკავშირდება. კომპანიაში, სადაც 250-მდე ადამიანია დასაქმებული, სხვადასხვა ტიპის სამოსი იკერება.

აქ იკერება ქართველი დიზაინერების პროდუქცია, ასევე ის აერთიანებს ორ ბრენდს, "მატერიელ"- ს და "დოთს"- ს. ამ ეტაპზე "მატერიელის" ბრენდი ექსპორტზე ათამდე ქვეყანაში გადის: შვეიცარია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, იტალია, ჩინეთი, სასომხეთი, ყატარი, ქუვეითი, უკრაინა.

აღსანიშნავია, რომ "მატერიაში" იკერება უნიფორმები, ასევე სპორტის ხაზიც.

Levanto-ლევანტო

ბრენდი "ლევანტო" ქართულ ბაზარზე 10 წელია არსებობს, შესაბამისად, თავისი ერთგული მომხმარებელი უკვე შეიძინა. როგორც მისი წარმომადგენლები განმარტავენ, ეს არის ქართული წარმოების ფეხსაცმელი, რომელიც ევროპული მასალისგან იტალიურ დანადგარებზე ქალაქ ქუთაისში იკერება. კოლექციებში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელებია წარმოდგენილი.

UN Shoes

ბრენდის ფეხსაცმელი ძირითადად მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ბევრი მოდელის მორგება ქალებსაც შეუძლიათ. კომპანიის ინფორმაციით, პროდუქცია ქართველი დიზაინერების მიერ ნატურალური ტყავისგან მზადდება და ფასებიც ხელმისაწვდომია.

NEO

NEO ქალის ფეხსაცმელია, რომელიც თბილისში იწარმოება. კომპანია უკვე 7 წელია ფუნქციონირებს, თუმცა, მის შესახებ ფართო საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია არ აქვს, მაშინ როცა, შეიძლება, რომელიმე მაღაზიაში მოგეწონათ და NEO-ს ფეხსაცმელი შეიძინეთ კიდეც.

იმერი

სამკერვალო კომპანიაა "იმერი" ასევე ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ასორტიმენტს ამზადებს, რომლებიც მოიცავს როგორც ქურთუკებსა და ლაბადებს, ისე პიჯაკს, კაბებს, შარვლებს, პერანგებსა და ბავშვის ტანსაცმელსაც.

როგორც "იმერის" ოფიციალური გვერდი იუწყება, კომპანია მსოფლიო ბაზარზე არსებულ კომპანიებთანაც თანამშრომლობს, ასევე კერავს ქართველი დიზაინერების მოდელებსაც.

Noa

"ნოა" ორიგინალური, პირამიდის ფორმის ჩანთების მწარმოებელია, რომელიც საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა "ნოას" ბრენდის ქვეშ იწარმოება ქამრებიც.

კომპანია ერთი წლისაა და ამ პერიოდში მოახერხა, რომ მის შესახებ საერთაშორისო ბაზარზე შეეტყოთ და მომხმარებლების მხრიდან აღიარებაც მოეპოვებინა.

როგორც "ნოას" წარმომადგენლები ამბობენ, პროდუქცია ნატურალური ტყავისგან მზადდება.

myquiz