საქართველოში ახლომხედველთა რიცხვი იზრდება - პრობლემაზე ოფთალმოლოგი მანანა შეროზია საუბრობს | Allnews.Ge

საქართველოში ახლომხედველთა რიცხვი იზრდება - პრობლემაზე ოფთალმოლოგი მანანა შეროზია საუბრობს

ახლომხედველობას, იგივე მიოპიას სპეციალისტები თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ პათოლოგიად მიიჩნევენ, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი გადაღლილი მხედველობაა, მას კი ხშირად კომპიუტერთან, მობილურთან ანდაც პლანშეტთან გატარებული დიდი დრო იწვევს.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ჟურნალში Ophthalmology გამოქვეყნდა მეცნიერული კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ახლომხედველი იქნება, პლანეტის მოსახლეობის 1/5 კი სიბრმავის რისკის წინაშე აღმოჩნდება. ამავე კვლევის თანახმად, დედამიწის დაახლოებით, 2 მილიარდი მაცხოვრებელი უკვე დაავადებულია მიოპიით. 2020 წლისთვის მათი რაოდენობა 2,6 მილიარდს მიაღწევს, 2050-თვის კი 5 მილიარდამდე გაიზრდება.

ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არც საქართველოშია. პათოლოგიაზე Allnews.ge ოფთალმოლოგს, მანანა შეროზიას ესაუბრა.

"ახლომხედველობა ძირითადად სკოლამდე ან ადრეული სკოლის ასაკიდან იწყება. შესაძლებელია ახლომხედველობა იყოს თანდაყოლილი, თუ პატარა ბავშვს აღმოაჩნდა ის თანდაყოლილია, ხოლო მოზრდილობისას გაჩენილი უკვე შეძენილი", - ამბობს ექიმი.

მისი თქმით, მიოპიის გამომწვევი მიზეზი თვალის გადაძაბული მუშაობაა ახლო მანძილზე.

2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ახლომხედველი იქნება

როგორც მანანა შეროზია ამბობს, ახლომხედველობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც დიდ დროს ვატარებთ ტელეფონთან, კომპიუტერთან ან პლანშეტთან.

როგორც ცნობილია, ამ დროს ძალიან ხშირად ახალგაზრდა თვალის ბადურაზე ვითარდება სხვადასხვა სახის ცვლილებები. ახლომხედველობა არის სიგრძეში თვალის ზრდა, ამ დროს თვალი ნორმაზე მეტად იზრდება.

კითხვაზე როგორია ახლომხედველთა სტატისტიკა საქართველოში, მანანა შეროზია ამბობს: "საქართველოში ახლომხედველთა რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკა არ გამიკეთებია, მაგრამ წინა წლებთან შედარებით სულ ცოტა 20-25%-ით მომატებულია. ბავშვებში, განსაკუთრებით მოზარდებშია მომატებული. ამ შემთხვევაში დიდი როლი აქვთ მშობლებს, მათ არ უნდა მისცენ ბავშვებს უფლება დიდი დრო გაატარონ მობილურთან, პლანშეტთან და კომპიუტერთან".

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, ოფთალმოლოგის თქმით, იმისათვის, რომ ახლომხედველობის განვითარების პროცესი შეჩერდეს, პაციენტებს შეიძლება დაუნიშნონ ლინზები, სათვალე, თვალის სპეციალური ვარჯიშები ან მოხდეს ქირურგიული ჩარევა.

"გააჩნია პაციენტის მდგომარეობას, მკურნალობა შეიძლება იყოს სათვალის დანიშვნა, შეიძლება ახლომხედველობა სპეციალური ვარჯიშითაც შეჩერდეს, რომელსაც ექიმი ნიშნავს, უნდა მოწესრიგდეს მხედველობის რეჟიმიც. ლინზების გამოყენება ხდება 12 წლიდან.

ქირურგიული ჩარევა შეიძლება, თუმცა მხოლოდ 18 წლის ზემოთ, მოზრდილობისას. ბავშვისთვის არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება“, - ამბობს მანანა შეროზია.

7 მარტივი რჩევა მხედველობის შესანარჩუნებლად

აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, 12-54 წლის ადამიანების 42% ახლომხედველია. 25%-დან 42%-მდე ახლომხედველთა რაოდენობა 1972-დან 2004 წლამდე გაიზარდა. სპეციალისტების თქმით, ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ტექნოლოგიების განვითარება, კონკრეტულად კი, ადამიანის მიერ კომპიუტერთან დიდი დროის გატარებაა. აშშ-ში ექიმები ხშირ შემთხვევაში პაციენტებისთვის ახლომხედველობის შეჩერებას კონტაქტური ლინზებით ან სათვალით ახერხებენ.

myquiz