"ადამიანს დაწოლიდან 30 წუთში უნდა ჩაეძინოს" - ძილის პრობლემებზე პროფესორი ლია მაისურაძე საუბრობს | Allnews.Ge

"ადამიანს დაწოლიდან 30 წუთში უნდა ჩაეძინოს" - ძილის პრობლემებზე პროფესორი ლია მაისურაძე საუბრობს

"ბოლო პერიოდში ძალიან მაწუხებს ძილიანობა ანუ მაქვს შეგრძნება, რომ მეძინება, თვალები მეხუჭება. სახლში ყოფნისას მიცდია დაძინება და ვერ ვიძინებ, თავიდან მეგონა ფსიქოლოგიური მომენტი მქონდა, ანუ ვიღლებოდი და მუშაობა და საქმის კეთება მეზარებოდა, შემდეგ მივხვდი, რომ უსაქმურობის დროსაც მეძინებოდა, თუმცა ვერ ვიძინებდი", - თამთა, 29 წლის.

"რომელ საათზეც არ უნდა დავიძინო, დილით გაღვიძება ყოველთვის მიჭირს და დღის სამ საათამდე მაინც მაწუხებს ძილიანობა. ეს პრობლემა უკვე წლებია გრძელდება და არ ვიცი, როგორ გამოვასწორო", - სანდრო, 21 წლის.

ჩვენს ორ რესპონდენტს ერთი და იგივე პრობლემა - ძილიანობა აწუხებს, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება, თუმცა, ჯერჯერობით, მის აღმოფხვრას ვერცერთი ვერ ახერხებს. ალბათ მსგავსი სიმპტომები არაერთ თქვენგან აწუხებს, როდესაც სამსახურში ან ლექციაზე ცდილობთ ყურადღება მოიკრიბოთ, საქმეზე კონცენტრირდეთ, მაგრამ ორგანიზმი სულ სხვა რამეს, ძილს გთხოვთ...

რა იწვევს ძილიანობის მუდმივ შეგრძნებას?

როგორც Allnews.ge-ს ძილის სპეციალისტმა ლია მაისურაძემ განაცხადა, მსოფლიოში ძილ-ღვიძილის 100-მდე დარღვევაა დადგენილი, ტერმინი "დღის ძილიანობაც" აქტიურადაა დამკვიდრებული, რომელიც შეიძლება, პათოლოგიურიც იყოს, და თან ახლდეს სხვადასხვა დაავადებებს, თუმცა, ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში, სპეციალისტი ამ პრობლემის რამდენიმე ზოგად მიზეზს განმარტავს:

7,5-8 საათიანი ძილის ციკლი

ლია მაისურაძის განმარტებით, ღამის ძილის ხანგრძლივობის ნაკლებობა, რომელიც უნდა იყოს 7,5-8 საათიანი ძილი, შეიძლება დღის ძილიანობას იწვევდეს. ძილის დანაკლისის შემთხვევაში, კი დღის ძილიანობა წარმოიქმნება, - "დილით დასაქმებული პირი სამსახურში უნდა წავიდეს, სტუდენტი უნივერსიტეტში, ბავშვი სკოლაში, რისთვისაც მაგალითად, დილის 8 საათზე უნდა გაიღვიძოს, მაგრამ დროულად, მაგალითად, 11-12 საათზე არ იძინებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძილის დანაკლისთან," - განმარტავს ძილის სპეციალისტი.

უხარისხო ძილი

ძილის ხარისხიანობის დადგენა მხოლოდ პოლისომნოგრაფიული გამოკვლევით შეიძლება, -"ერთია ძილის ხანგრძლივობა და მეორე მისი ხარისხი, იმიტომ რომ ძილი არ არის ერთგვაროვანი ფენომენი, ის შედგება სხვადასხვა სტადიებისაგან და თითოეულ სტადიას თავისი მახასიათებლები აქვს. ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ ადამიანებს, რომელთაც ღამით 7-8 საათის განმვლობაში სძინავთ, უკვირთ, რატომ აწუხებთ დღის ძილიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს უფრო ღრმა პრობლემასთან და ე.წ ნელტალღოვანი ძილის ხარისხი სათანადო არ არის," - განმარტავს სპეციალისტი.

3 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა დაიტოვოთ მობილური ღამე თავთან

ლია მაისურაძის თქმით, ადამიანს შეუძლია სუბიექტურად განსაზღვროს, როდის დაიძინოს, რომელ საათზე დაიძინოს, თუმცა ძილის ხარისხის განსაზღვრისთვის სპეციალისტია საჭირო.

ინსომნია

ლია მაისურაძის განმარტებით, ინსომნია - უძილობა მსოფლიოს მოსახლეობის 6%-ს აწუხებს. მათ, ვისაც ინსომნია აწუხებს, დღის განმავლობაში ძილის მოთხოვნილება უვითარდებათ და როგორც არ უნდა ეცადონ, რომ არ დაიძინონ, ეს ბიოლოგიური მოთხოვნილებაა, რომელსაც ვერ უმკლავდებიან, - "ამ შემთხვევაში თავის ტვინი გვატყობინებს, რომ გვეძინება და ეს მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს, თუნდაც სამსახურში, ძილი ერევა", - აღნიშნავს ლია მაისურაძე.

ინსომნია სხვადასხვა ტიპისაა - ქრონიკული, გარდამავალი, საშუალო, ძლიერი. როგორც ლია მაისურაძე განმარტავს, ზოგიერთ ჩვენგანს უძილობა და მისი თანმდევი დღის ძილიანობა ხშირი მოგზაურობის გამო უვითარდებათ.

ძილის აპნეა

ძილის აპნეა უკავშირდება ღამის ძილის დროს სუნთქვით პრობლემებს, - "როდესაც ადამიანს აწუხებს ძილის აპნეა, ის ძილის დროს სუნთქვას აჩერებს. ამის გამო მან შეიძლება რამდენიმე წუთით შეიღვიძოს, რაც არ ახსოვს, მაგრამ აუცილებლად შეამჩნევს პირი, რომელსაც მასთან ერთად, იმავე ოთახში სძინავს, რადგან ძილის წყვეტა ძალიან ხშირადაც შეიძლება ხდებოდეს. ძილის აპნეა ცხადია, ძილის ხარისხს აუარესებს, იწვევს დარღვევებს და ადამიანს დღის ძილიანობა უვითარდება. მისი აღმოჩენა დროულად უნდა მოხდეს, რადგან ძალიან საშიში დაავადებაა და ყოველთვის თან სდევს დღის ძილიანობა".

როგორ დავძლიოთ დღის ძილიანობა?

ძილის სპეციალისტი, ლია მაისურაძე გვირჩევს, რომ თუ დღისით გვეძინება, უმჯობესია, თუნდაც სამსხურში ყოფნის პერიოდში 10-15 წუთის განმავლობაში ჩავთვლიმოთ, რადგან ძილიანობის გამო ჩვენი პროდუქტიულობა მცირდება და საქმეს ხარისხიანად ვეღარ ვაკეთებთ, - "ავტომობილის მართვის დროსაც, ჯობს, გავჩერდეთ და რამდენიმე წუთით ჩავთვლიმოთ," - აღნიშნავს ის. მაგრამ, თუ ძილის სურვილი დღისით კვირაში 3-4 დღეს სისტემატურად მაინც გვაქვს, აუცილებელია მივმართოთ ძილის კვლევის სპეციალისტს, რათა სპეციალური ტესტებისა და ობიექტური მეთოდების საშუალებით დადგინდეს დღის ძილიანობის დონე და მიზეზი.

მისივე რჩევით, მნიშვნელოვანია, დავიცვათ ძილის ჰიგიენა, რაც დაძინებისა და გაღვიძების სტაბილური რეჟიმის ჩამოყალიბებას გულისხმობს:
"ძილის წინა პერიოდში რიტუალური უნდა იყოს, რომ ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი საკვები არ მივიღოთ, რადგან ამან შეიძლება, გულძმარვა გამოიწვიოს, ემოციურად არ დავიტვირთოთ, რაც დაძინების პროცესს შეაფერხებს, - "ადამიანს დაწოლიდან 30 წუთში უნდა ჩაეძინოს და თუ ასე არ ხდება, ექიმს უნდა მიმართოს".

ლია მაისურაძის თქმით, ბავშვებს 4-4,5 წლის ასაკიდან დღისით აღარ უნდა ეძინებოდეთ, თუმცა ხშირად მაინც შესამჩნევია, რომ თუნდაც სკოლაში გაკვეთილის მიმდინარეობისას ბავშვების ჩათვლემენ ხოლმე, რასაც პედაგოგებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და მშობლებს დროულად აცნობონ. აუცილებელია დღისით ძილისადმი მიდრეკილების მიზეზის დადგენა და დროულად აღმოფხვრა განსაზღვრული სტრატეგიების გამოყენებით, რაც ძილის კვლევის სპეციალისტთან ვიზიტის და კონსულტაციის საფუძველზე უნდა ხდებოდეს.

myquiz