სატრანსპორტო საშუალებები, რომელთათვისაც ტექდათვალიერება 1-ელი იანვრიდან სავალდებულო იქნება | Allnews.Ge

სატრანსპორტო საშუალებები, რომელთათვისაც ტექდათვალიერება 1-ელი იანვრიდან სავალდებულო იქნება

2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხებათ.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სწორედ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე.

პირველ ეტაპზე, გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. ესენი არიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5ტ. ზემოთ) ავტომობილები.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების შემდგომ ეტაპზე, 2018 წლის 1-ელი ივლისიდან ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები.

1-ელი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

მომდევნო ეტაპზე - 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.
რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ორი წლის განმავლობაში რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტოსაშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.

უფრო კონკრეტულად კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე) არის მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის ნოემბერი, აღნიშნულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის ბოლო ვადა დაწყებიდან ნოემბრამდე ექნება.

ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი, კერძოდ, 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ,ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად. შეასაბამისად, მანქანის გამოშვების თარიღის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი მიხვდება, მოუწევს თუ არა და რა პეროდულობით მის ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირების გავლა.

myquiz