როგორ დავიცვათ პირადი მიმოწერები "ფეისბუქზე" | Allnews.Ge

როგორ დავიცვათ პირადი მიმოწერები "ფეისბუქზე"

გადატვირთული გრაფიკის გამო ხშირად, ახლობლებთან კონტაქტს მხოლოდ სოციალურ ქსელში ვახერხებთ, პრობლემებსა და მოსაზრებებს ვუზიარებთ, რომელთა კონფიდენციალურობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

იმისათვის, რომ პირადი მიმოწერა დავიცვათ, მხოლოდ რთული პაროლი ვერ დაგვეხმარება, რადგან დაინტერესებულს პირებს შეუძლიათ, ჩვენი სოციალური ქსელის მიმოწერაში არა მისი "გატეხით", არამედ ირიბადაც შემოაღწიონ.

დაცულია თუ არა ჩვენი მიმოწერა Facebook მესენჯერში?

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორის მოადგილის, გიორგი რობაქიძის განმარტებით, Facebook-ი ერთ-ერთი ყველაზე დაცული სოციალური ქსელია, მისი ანგარიშის "გატეხა" ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა, თუმცა ჩვენი უყურადღებობის გამო ხშირად ჰაკერები სხვა ზომებს მიმართავენ.

კერძოდ, კიბერ სივრცესაც აქვს მოწყვლადი ადგილები, რომელთა მეშვეობითაც ჰაკერები ჩვენს კომპიუტერში აღწევენ, - "ჰაკერს შეუძლია ელექტრონულ ფოსტაზე ან სხვაგან გამოგიგზავნოთ ლინკი, რომელზე თქვენ მიერ გადასვლის შემდეგაც თქვენს კომპიუტერში ჩამოიწერება პროგრამა და ყველა თქვენი აქტივობის კონტროლს ის განახორციელებს. მაგალითად, ამ პროგრამით ჰაკერი დააკვირდება კლავიატურაზე რას კრეფთ და თუ თქვენს Facebook-ზე შემოსვლა არ შეუძლია, სასურველი ინფორმაციის მისაღებად კომპიუტერის დაუცველ სისტემას

გამოიყენებს", - აღნიშნავს გიორგი რობაქიძე.

როგორ დავიცვათ თავი ასეთი ჰაკერული შეტევებისგან?

თავდაპირველად, საეჭვო შეტყობინების მიღებისას, რომელშიც ბმულზე გადასვლას გვთხოვენ, უნდა გადავამოწმოთ, არის თუ არა ეს შეტყობინება კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის მიერ რეალურად გამოგზავნილი, თუ ასე არ მოხდა, მაშინ, შესაძლოა, ვინმე მართლაც ცდილობდეს ჩვენს კომპიუტერში შემოღწევას, - "ასეთ შემთხვევაში, კომპიუტერში უნდა ჩავრთოთ ე.წ Firewall, რომელიც მაგალითად, რეკლამებსა და შეტყობინენებს ბლოკავს. თუ ამის მიუხედავად, მაინც გადავედით კონკრეტულ ლინკზე და ჩვენს კომპიუტერში გაურკვეველი პროგრამა იტვირთება, განახლებული უნდა გვქონდეს ანტივირუსი, რომელიც დააფიქსირებს, რომ ავტორიზებული რაღაც ხდება და ამ პროცესს შეაჩერებს", - განმარტავს უსაფრთხოების ექსპერტი.

გიორგი რობაქიძის თქმით, სოციალურ ქსელში გარეშე პირების შემოღწევისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ თორმეტნიშნა პაროლი, რომელიც როგორც დიდ, ისე პატარა ასოებს მოიცავს. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვანდოთ ჩვენი სოციალური ქსელის პაროლი არავის, - "ხანდახან ასეთი რაღაცებიც ხდება: პირდაპირ კომპიუტერში აკეთებენ საქაღალდეს, რომელშიც სოციალური ქსელების Log In-ები, პაროლები თუ სხვა ინფორმაციაა შეტანილი, რაც ცხადია, დაუშვებელია, რადგან ზემოთ ნახსენები პროგრამის ჩამოტვირთვის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ძალიან მარტივად გაიგებს ჩვენი სოციალური ქსელის პაროლს", - აღნიშნავს ის.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი განმარტავს, რომ პირადი მიმოწერის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მოზარდები დგანან, რადგან ისინი დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება სოციალური ქსელის მეშვეობით დააშანტაჟონ:

"ბავშვები აუცილებლად უნდა გავაფრთხილოთ, რომ პირადი მიმოწერის დროს, გადაამოწმონ, რეალურად, წერენ თუ არა თავიანთ ნაცნობს. შესაძლოა, კონკრეტულ პირს ანგარიშზე მისი თანატოლის ფოტოსურათი აქვს დაყენებული, თუმცა სინამდვილეში პედოფილიით დაავადებული ადამიანია, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს. მას შეუძლია, ზეწოლისთვის მას მიმოწერის გასაჯაროებით დაემუქროს, ამიტომ მომხმარებლები ამ მიმართულებითაც ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ", - გვაფრთხილებს გიორგი რობაქიძე.

უსაფრთხოების ექსპერტი დასძენს, რომ ბოლომდე არცერთი სისტემა არ არის დაცული, არც Windows-ი, არც IOS-ი და არც ანდროიდი, ამიტომ პირადი ინფორმაცია უნებლიედ არ უნდა გავცეთ.

myquiz