გაიცანით საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც ქვეყნის მოდერნიზებას ცდილობს | Allnews.Ge

გაიცანით საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც ქვეყნის მოდერნიზებას ცდილობს

მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საუდის არაბეთის პრინცია. ტახტის მემკვიდრედ სულ ცოტა ხნის წინ, 2017 წლის ივნისში დასახელდა, თუმცა მისი რეგალიები ამით არ შემოიფარგლება, რადგან საუდის არაბეთის პრინცი ამავდროულად პირველი ვიცეპრემიერი და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრია, გარდა ამისა ის ეკონომიკისა და განვითარების საკითხთა საბჭოს პრეზიდენტია, საერთაშორისო საზოგადოება კი მას სამეფოს ტახტის საყრდენად მიიჩნევენ.

მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი მეფეს მესამე მეუღლისგან 1985 წელს შეეძინა და მეფის დანარჩენ შვილებს შორის ყველაზე უფროსია. უმაღლესი განათლება "მეფე საუდის უნივერსიტეტში" სამართლის ფაკულტეტზე აქვს მიღებული.მან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი კერძო სექტორში გაატარა. 2009 წლის 15 დეკემბრიდან კი პოლიტიკაში გადაინაცვლა და 24 წლის ასაკში მამის პირადი მრჩეველი გახდა, როდესაც ამ უკანასკნელმა ერ-რიადის ადმინისტრაციული ოლქის გუბერნატორის ადგილი დაიკავა. სწორედ აქდან დაიწყო პრინც მოჰამედ ბინ სალმანის კარიერული წინსვლა.

ჯერ კიდევ 2011 წელს ქვეყნის ყოფილი მეფის ტახტის მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ ამჟამინდელმა მეფე სალმან ძალაუფლების მოხვეჭა დაიწყო და მეორე ვიცეპრემიერი და თავდაცვის მინისტრი გახდა, მოჰამედ ბინ სალმანი კი კვლავ თავის მრჩევლად დანიშნა.

2015 წლის 23 იანვარში აბდულას გარდაცვალების შემდეგ ტახტი სალმანმა დაიკავა და პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს თავდაცვის მინისტრობა ჩააბარა. ამავე დროს ის სამეფო სასამართლოს გენერალური მდივანი გახდა. გარდა ამისა, მან სახელმწიფო მინისტრის პოსტის შენარჩუნებაც შეძლო. მიმდინარე წელს კი როგორც უკვე ვთქვით ტახტის ოფიციალური მემკვიდრე გახდა. აღსანიშნავია, რომ პრინცს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაურეკა, მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანებს მჭიდრო კავშირი ექნებათ უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებში. გარდა ამისა მხარეები ტერორიზმის დამარცხების, ყატარის პრობლემის მოგვარებისა და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირებაზე შეთანხმდნენ.

მოჰამედ ბინ სალმანმა Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ ამერიკის კულტურული გავლენის გარეშე საუდის არაბეთი ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსებოდა.

სწორედ საუდის არაბეთის ამჟამინდელმა პრინცმა გადაწყვიტა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმირება, ამის შესახებ კი მან 2016 წელს განაცხადა, როდესაც Vision 2030 წარადგინა, რომელშიც ქვეყნის სტრატეგიული ორიენტაცია მომავალი 15 წლისთვის არის გაწერილი. დოკუმენტი მრავალფეროვან მიზნებსა და სამოქმედო გეგმას სახავს, მისი ერთ-ერთი მიზანი ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაა.

პრინცის სახელს უკავშირებენ ქალებისთვის ავტომობილის ტარების უფლების მიცემას, რაც პირველი ნაბიჯია საუდის არაბეთის რეფორმირების პროცესში. სწორედ მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი მუშაობის შედეგად საუდის არაბეთი იქნება გახსნილი რელიგიური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ამ კუთხით საუდის არაბეთის პრინცი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ე.წ მწვანე ბარათის მიცემასაც არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს რომ ამ მხრივ სამუშაო კიდევ ბევრია. როგორც ცნობილია საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ბევრს მოგზაურობს, ხდება პოლიტიკური საზოგადოების წარმომადგენლებს, ინოვატორებს და ცნობილ ადამიანებს. არსებული ცნობით, საუდის არაბეთის პრინცი აშშ-ში "სილიკონ ველსაც" ესტუმრა, და მნიშვნელოვანი კომპანიების ხელმძღვანელებს, მათ შორის სოციალური ქსელის Facebook-ის დამაარსებელ მარკ ცუკერბერგსაც შეხვდა.

როგორც ჩანს საუდის არაბეთის პრინცი დასავლურ ღირებულებებს უფრო მეტად იზიარებს, ვიდრე თავად საუდის არაბეთის მონარქი, თუმცა, ექსპერტების განმარტებით, აღნიშნულ გზაზე პრინცს ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს, რადგან ქვეყანაში სასულიერო პირების მმართველობა ჯერ კიდევ ძლიერია.

myquiz