რა მოსდის ავტომობილს, როდესაც დაბინძურებული საწვავი ავზში ხვდება? | Allnews.Ge

რა მოსდის ავტომობილს, როდესაც დაბინძურებული საწვავი ავზში ხვდება?

ავტომობილის მექანიზმის გაუმართაობა, საწვავის ხარჯის ზრდა, ჰაერის დაბინძურება, – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რისი გამოწვევაც დაბინძურებულ საწვავს შეუძლია. ამის თავიდან ასაცილებლად, ავტომობილებში სპეციალური ფილტრებია ჩამონტაჟებული, რომელთა შეცვლაც დაბინძურებული საწვავის გამო იმაზე ხშირადაა საჭირო, ვიდრე, შესაძლოა, ეს მძღოლებს ჰგონიათ.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ ავტომობილში დაბინძურებული საწვავის ხშირად მოხვედრის შედეგად, ფილტრი, შეცვლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ წვრილ–წვრილ ნაწილაკებს ატარებს, რაც ინჟექტორების მწყობრიდან გამოსვლას იწვევს, – "როდესაც ინჟექტორები საწვავს კარგად არ აფრქვევს, ავტომობილი არასწორად მუშაობს, მეტ საწვავს მოიხმარს, მისი სიმძლავრე კი მცირდება," – განმარტავს მევლუდ მელაძე.

ინჟექტორების დაბინძურებას კი შეუძლია, ავტომობილი გადაადგილებისას შეაფერხოს.

"სწორედ ამიტომ საწვავი სუფთა უნდა იყოს. არავინ იცის, კონკრეტულად ავტოგასამართ სადგურებზე რა მდგომარეობაა, რა პერიოდულობით ხდება ავზების წმენდა, რა მდგომარეობაშია საწვავის რეზერვუარები. ასევე არ ვიცით, ცისტერნას, რომელმაც საწვავი ბაზამდე მიიტანა, აქამდეც იგივე ტიპის პროდუქტი გადაჰქონდა თუ არა, რამდენად სუფთა იყო საწვავის ჩამომტანი ვაგონები და შემდეგ მოხდა თუ არა პროდუქტის ფილტრაცია,"– აღნიშნავს მევლუდ მელაძე.

საავტომობილო ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ავტოგასამართ სადგურებზე ავზების გავსებისას მიღებულ საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს, – "მინახავს მარტივი რამ, რაც საწვავის დაბინძურებასთან ასოცირდება. ავტოგასამართ სადგურზე ავზებში საწვავს დიდი რეზინის მილით ასხამენ, რის შედეგადაც დანალექი მასები ზემოთ მოდის და საწვავი იმღვრევა, შესაბამისად, მისი ავტომობილში ჩასხმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ შეიძლება, კეთილსინდისიერი კომპანიები კი ავტომფლობელებს ამის შესახებ აფრთხილებენ. გარდა ამისა, ავზების გავსების პროცესში არანაირი ფილტრაცია არ ხდება და არც ის ვიცით, ასეთი პროცედურა მანამდე ჩატარდა თუ არა".

საწვავის ხარისხის მიმართულებით ავზების დაბინძურების პრობლემას "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილიც ხედავს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული საწვავის კვლევა მუდმივად ხდება, არ არსებობს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ავზების სისუფთავე და გამართულობა შემოწმდება:

"ტექნიკური რეგლამენტების მიხედვით, ავზების გაწმენდა წელიწადში რამდენჯერმე უნდა ხდებოდეს, რადგან როგორც ბენზინს, ისე დიზელს მოჰყვება მინარევები, მათ შორის წყალი, რომლისგანაც საწვავი აუცილებლად უნდა გაიფილტროს, რათა ავტომობილის მექანიზმი არ დაზიანდეს," – განმარტავს ვანო მთვრალაშვილი.

მისივე თქმით, ავტოგასამართ სადგურებზე ავზების გასუფთავების შესახებ რეგულაციები საქართველოს მსგავსად, არც ევროპის ქვეყნებში არსებობს, თუმცა კომპანიები მომხმარებლების მიმართ თავს ანგარიშვალდებულად გრძნობენ, – "იქ ასეთი კულტურაა, ვალდებულება აქვთ აღებული, რომ მომხმარებელი არ დაკარგონ, ამიტომ მათ კეთილსინდისიერად ემსახურებიან, როგორც საწვავის ხარისხის სერტიფიცირების ისე ავზების წმენდის თვალსაზრისით."

რა ინტენსივობით წმენდნენ ნავთობკომპანიები საწვავის ავზებს საქართველოში?

ეს შეკითხვა Allnews.ge-მ საქართველოში წამყვანი ბრენდების წარმომადგენლებს დაუსვა. აღმოჩნდა, რომ გეგმურ წმენდას კომპანიები 8–9 თვიდან 2 წლამდე ვადაში ახორციელებენ. რამდენიმე მათგანი კი სამუშაოებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერაც ატარებს.

ერთ–ერთ ბრენდირებულ ნავთობკომპანიაში განმარტავენ, რომ საწვავის ავზების მდგომარეობის განსაზღვრა სპეციალური ტექნოლოგიით ხდება, რომლის მეშვეობითაც დგინდება, საწვავის ძირში არსებული მკვდარი ფენა 2–3 სანტიმეტრს აჭარბებს თუ არა, – "თუ ასეთი გადაჭარბება შეინიშნა, ირთვება განგაშის სიგნალი და ავზი დაუყოვნებლივ სუფთავდება. ავზის ამოწმენდის საჭიროება შეიძლება დადგეს მაშინ, თუ უხვი ნალექი მოვა და წყალმოვარდნა მოხდება, რის შედეგადაც შეიძლება საწვავში წყალი ჩავიდეს, აქ აუცილებლად ჩაირთვება დეტექტორი, ხოლო თუ ასე არ მოხდა, ბრიგადები მაინც მიდიან და ყველა ავზს მექანიკურად ზომავენ. ამაზე უფრო მეტად მომხმარებლამდე სუფთა საწვავის მისვლას უზრუნველყოფს ჩვენი ფილტრის სისტემა. ასევე ირეცხება ავტომზიდი სისტემები, რომლებსც საწვავი ბაზაში მიაქვთ," – განმარტავენ კომპანიაში.

ნავთობკომპანიებში აღნიშნავენ, რომ ავზების ამოწმენდა სპეციალური საშუალებებით ხდება, მათი საწვავით გავსებაც მხოლოდ გასუფთავების შემდეგ ხორციელდება.

გარდა დაბინძურებული ავზებისა, საწვავის ხარისხს პრობლემებს სხვა ნივთიერებებიც უქმნის, ერთ–ერთი მათგანი, ტყვიაა.

ტყვია განსაკუთრებით მკვეთრად ჰაერის დაბინძურებაზე აისახება, თუმცა, საკითხზე როგორც სპეციალისტების მოსაზრებები, ისე გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეფასებები განსხვავდება. კერძოდ, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საწვავში ტყვიის შემცველობის კონტროლი ჩვენს ქვეყანაში აქტიურად არ მიმდინარეობს, შედეგად, ზოგიერთი იურიდიული პირი საწვავის ოქტანობის გასაზრდელად პროდუქტში ტყვიას ურევს.

"ამას ძალიან მკაცრად ამოწმებენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, საქართველოში კი ჰაერის დაბინძურების დონე ადასტურებს, რომ კონტროლის მექანიზმი ეფექტური არ არის. ექსპერტები, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოდიან, კვლევის შედეგად განმარტავენ, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურების უმეტესი წილი ავტომობილებზე მოდის. უნდა ვიცოდეთ, რომ ჰაერის დაბინძურება როგორც ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილის, ისე დაბინძურებული საწვავის მოხმარების გამო შეიძლება ხდებოდეს. რიგ გასამართ სადგურებზე კი დაბალი ხარისხის საწვავის რეალიზაცია ხდება, პერიოდულად, ასეთი საწვავი შეიძლება, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზეც იყიდებოდეს. სანამ კომპანიების ოფიციალურად შემოწმება არ მოხდება, ამჟამად არსებული ვითარებით ბევრი არაკეთილსინდისიერი კომპანია ისარგებლებს," – განმარტავს მევლუდ მელაძე.

საწვავში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ვანო მთვრალაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ იმპორტირებული საწვავი საქართველოში არსებულ სტანდარტებს შეესაბამება, რასაც კვლევებიც ადასტურებს:

"ტყვიისშემცველი საწვავის შემოტანა, მაგალითად, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან საქართველოში საერთოდ არ ხდება.

გოგირდიც ერთ–ერთი დამაბინძურებელია, რომელზეც ტყვიის მსგავსად, ევროპის შესაბამისი სტანდარტი გვაქვს. სტანდარტის მიხედვით, გოგირდის შემცველობა 10 პპმ უნდა იყოს. მიმდინარე წელს ჩატარებული კვლევებით კი დგინდება, რომ საქართველოში არსებული საწვავი ნორმებს შეესაბამება," –განმარტავს ის.

მიუხედავად ამისა, ვანო მთვრალაშვილი არ გამორციხავს, რომ დარღვევები შეიძლება იყოს ოქტანურ რიცხვში, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და ფრაქციულ შემადგენლობაში.

საქართველოში არსებულ საწვავში მავნე ნივთიერებების არსებობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორიც გამორიცხავს. ნელი კორკოტაძის განმარტებით, დეპარტამენტი საწვავის ხარისხს პერიოდულად, ნავთობკომპანიების წინასწარ გაფრთხილების გარეშე ამოწმებს, – "შემოწმებას დაახლოებით, წელიწადში ორჯერ ვაკეთებთ, ამ ეტაპზე ნორმების გადამეტების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. კომპანიების ინფორმირების გარეშე ავტოგასამართ სადგურებზე მივდივართ სინჯების ასაღებად, შემდეგ ვგზავნით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ან ტენდერით გამოვლენილ საერთაშორისო ლაბორატორიაში და ვადგენთ არომატრული ნახშირწყალბადების მასურ წილს, ოქტანურ რიცხვს, ტყვიის შემცველობას და ა.შ," – განმარტავს ინსპექტორი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებსა და ბაზებში ავზების მდგომარეობის ინსპექტირებას არ ახდენს, მის მოვალეობაში მხოლოდ წმენდის შედეგად მიღებული ნარჩენების კონტროლი შედის, –"ჩვენ ამ საკითხს ერთადერთი მიმართულებით ვუყურებთ: თუ ავზის გაწმენდა მოხდება, სახიფათო ნარჩენებით შემდეგ გარემოს დაბინძურება არ მოხდეს, მაგრამ კონკრეტულად ავზების გარეცხვა რა პერიოდულობით ხდება, ამ მიმართულებით ინსპექტირება არ განგვიხორციელებია," – აღნიშნავს ნელი კორკორაძე Allnews.ge-სთან საუბარში.

საწვავის ავზების ინსპექტირებას, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც მხოლოდ ნავთობის ბაზები და აირგასამართი სადგურების სავალდებულო შემოწმებაა გათვალისწინებული, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს.

"სააგენტო ზედამხედველობას უწევს მომეტებულ ტექნიკურ საფრთხის შემცველ ობიექტებს, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია კანონში - "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი". ობიექტებს შორისაა აირსავსები და აირგასამართი სადგურები და ნავთობბაზები. სააგენტო არ ახორციელებს ზედამხედველობას ავტოგასამართ (ე.წ "ბენზინგასამართ") სადგურებზე, (გარდა მათზე არსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა)," - განმარტავენ ზედამხედველობის სააგენტოში.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონმდებლობის მიხედვით, ნავთობკომპანიის მფლობელი ვალდებულია, 2 წელიწადში ერთხელ ნავთობბაზაზე არსებული რეზერვუარები ვიზუალურად შეამოწმოს და ნალექებისგან გაწმინდოს, ხოლო, 5 წელიწადში ერთხელ სპეციალური გამოცდით მდგარდობა შეამოწმოს.

როგორ ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის საწვავი?

საავტომობილო ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე რამდენიმე ხერხს გვთავაზობს:

"ავტომობილი, რომელიც მწყობრშია და კარგად მუშაობს, იოლად გრძნობს დაბალი ხარისხის საწვავს. მაგალითად, იაპონიიდან ჩამოყვანილი ავტომობილები, რომლებსაც მაღალი ოქტანობის შემცველი საწვავი სჭირდება, ძალიან იოლად ამოიცნობენ, რამდენად "სუფთა" პროდუქტი მოხვდა მათ მექანიზმში."

თუ ეჭვი გაქვთ, რომ ავტომობილში დაბალი ხარისხის საწვავი ჩაასხით, შესამოწმებლად აჩქარების პედალს ნელა მიაჭირეთ, სარქველების გაწკაპუნების ხმა კი გაუწყებთ, რომ მექანიზმში უხარისხო პროდუქტი მოხვდა, – "ავტომობილი როგორც პრემიუმის, ისე რეგულარის ტიპის საწვავის ხარისხს ამოიცნობს. ხარისხის შემოწმება აღმართზეც შეგიძლიათ, როცა ავტომობილი ძალიან გაცხელებულია, თავდაპირველად, წკრიალის ხმა ისმის, რომელიც შემდეგ წყდება," – განმარტავს მევლუდ მელაძე.

ასეთი მეთოდით მხოლოდ საწვავის ხარისხი მოწმდება და არა მისი დაბინძურების დონე, ამიტომ ქართველი მძღოლები და მათი ავტომობილები ნავთობკომპანიების კეთილსინდისიერებაზე არიან დამოკიდებული.

myquiz