საქართველოს ბიუჯეტი იზრდება | Allnews.Ge

საქართველოს ბიუჯეტი იზრდება

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით, 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი ლარი იქნება.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე შესულია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) განისაზღვრა 12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 მილიარდ 911 მილიონ 500 ათასს ლარს, გრანტები - 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 მლრდ 288 მლნ ლარს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 მლრდ 504 მლნ 545 ათას ლარს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე განსაზღვრულია - 1 მლრდ 397 მლნ 524 ათასი ლარი, საქონელი და მომსახურება - 1 მლრდ 188 მლნ ლარი, პროცენტი - 550.0 მლნ ლარი; სუბსიდიები - 437.9 მლნ ლარი; გრანტები - 1 მლრდ 303 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 3 მლრდ 413 მლნ ლარი და სხვა ხარჯები - 1 მლრდ 214 მლნ ლარი.

განმარტებითი ბარათის თანახმად, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია 1 მლრდ 433 მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია - 636.7 მლნ ლარი.

ვალდებულებების კლება შეადგენს 790.1 მლნ ლარს, საიდანაც 725.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 65.1 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე.

ამასთან, როგორც 2018 წლის სახელმიწფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშია აღნიშნული, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2018 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3.5%-ს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3%-ის ფარგლებში.

myquiz