მძღოლების საყურადღებოდ - როდის გახდება ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო? | Allnews.Ge

მძღოლების საყურადღებოდ - როდის გახდება ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო?

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება.

ამის შესახებ განცხადებები ჯერ კიდევ გასულ წელს კეთდებოდა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ცენტრში განუცხადეს, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება მსუბუქი, 3.5 ტონამდე ავტომობილებისთვის.

ამ კატეგორიის ავტომობილების რიცხვი 1.2 მილიონია, თუმცა ამ დრომდე ინსპექტირება არცერთ ავტომობილს არ აქვს გავლილი. სფეროს სპეციალისტები ტექდათვალიერების ვალდებულების გადავადებაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი ამოქმედება 1 იანვრიდან რთულად წარმოსადგენია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეკონომიკის სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებთან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რომელშიც შვეიცარულმა კომპანიამ SGS SURVEILANCE SA გიმარჯვა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოსთვის რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს.

"იმისათვის, რომ ინსპექტირება ერთიანად ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის არ გახდეს სავალდებული, გარკვეული რეგულაციები მუშავდება. შესაძლოა ავტომობილები წლოვანების ან სანომრე ნიშნების მიხედვით დაიყოს და ამის მიხედვით ინსპექტირება სხვადასხვა დროს ამოქმედდეს",- აღნიშნავენ აკრედიტაციის ცენტრში.

კონკრეტულად რა რეგულაციებზე მიდის მუშაობა, რა ეტაპზეა პროცესი, გახდება თუ არა ტექდათვალიერება სავალდებულო 1 იანვრიდან, რამდენად მოსალოდნელია მისი გადავადება? - ამ და სხვა საკითზე ეკონომიკის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ამ თემაზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

სავალდებულო ტექდათვალიერება, ელექტრომობილები, ცენტრალური პარკი - რას ჰპირდება კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას

ავტომობილების ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაიდება

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვნელი, დავით მესხიშვილი ტექდათვალიერების გადავადებას რეალურად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რეგულაციის 1 იანვრიდან ამოქმედების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

"სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში თუ როგორ უნდა მოეწყოს ინსპექტირების ცენტრები; საკმარისია თუ არა მათი რაოდენობა; უნდა დაიწყოს თუ არა მძღოლების ინფორმირების კამპანია და ა.შ. კომპანიას პირველი ანგარიში ივნისში, ხოლო მეორე ახლა უნდა წარმოედგინა, თუმცა, ჯერ არცერთი ანგარიში არ გამოქვეყნებულა.

შეიძლება ითქვას ეს პროცესი გაჭედილია. რეგლამენტი არ გვაქვს, მძღოლები, ცენტრები მზად არ არის, არაფერი გვაქვს და ამიტომ ტექნიკური დათვალიერების გადავადება რეალურად მიმაჩნია. პროცესი დახურულია - არ ვიცით რა შემოწმდება, რომელი ავტომობილების შემოწმება დაიწყება პირველ ეტაპზე და ა.შ. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენც, რომ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართვა მოხდეს", - აცხადებს მესხიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 26 აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოა, აქედან თბილისში მხოლოდ ოთხია.

მართალია რეგულაციის ამოქმედებამდე დაახლოებით ოთხი თვეა დარჩენილი, მაგრამ როგორც "ბიზნესპრესნიუსს" "ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში" განუცხადეს, ამ დროისთვის არცერთი მსუბუქი ავტომობილი არაა შემოწმებული.

მისივე თქმით, ავტომობილის მიერ ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი სპეციალური ფირნიშებიც არ არის დამზადებული. შესაბამისად, ინსპექტირებაზე მოთხოვნაც რომ იყოს ავტომფლობელები ტექდათვალიერების დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ მიიღებენ.

"მომართვიანობა არ არის და იმ ავტომობილებიდან, რომლისთვისაც ტექდათვალიერება 1 იანვრიდან ხდება სავალდებულო, არცერთი არ არის შემოწმებული. ამასთან, რადგან მოთხოვნა არ არის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ამ ეტაპზე არ დაუმზადებია სპეციალური ფირნიშები, რომელიც ინსპექტირების შემდეგ ავტომობილს მინაზე უნდა ჰქონდეს დაკრული. რაც შეეხება პრობლემებს, გარკვეული სირთულეები ალბათ იქნება და რა თქმა უნდა 26 ტესტირების ცენტრი ყველა ავტომობილის მომსახურებისთვის საკმარისი არ იქნება. იმისათვის, რომ რეფორმა უმტკივნეულოდ განხორციელდეს, სამჯერ მეტი ცენტრი მაინც არის საჭირო", - აღნიშნა იორდანიშვილმა.

მისივე თქმით, მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირება 59-60 ლარი ეღირება. რაც შეეხება სატვირთო ავტომობილებს, რომელთა ტექდათვალიერება აქამდეც სავალდებულო იყო, მათი შემოწმება 140-150 ლარი ღირს. მისივე თქმით, საქართველოში არსებული 187 ათასი ერთეული სატვირთო, სამარშრუტო ავტომობილიდან მხოლოდ 26 ათასი ანუ 14%-ია ამ დროისათვის შემოწმებული. იხილეთ გაგრძელება

myquiz