არჩევნები გერმანიაში: რატომ არის იგი მნიშვნელოვანი? | Allnews.Ge

არჩევნები გერმანიაში: რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

ამომრჩეველთა გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ ანგელა მერკელი გერმანიის მთავრობის მეთაური კიდევ ერთი ვადით გახდება. მაგრამ ბუნდესტაგის არჩევნები, რომელიც 24 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული, მხოლოდ ამით არ არის საინტერესო.

მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ პირველად გერმანიის პარლამენტში შესაძლოა 6 პოლიტიკური პარტიის დეპუტატები აღმოჩნდნენ, მათ შორის კი ულტრამემარჯვენე პარტიის წარმომადგენლებიც.

გარდა ამისა, ეს 2015 წლის მიგრანტთა კრიზისის შემდეგ პირველი საყოველთაო არჩევნებია, რომლის დროსაც ანგელა მერკელის მთავრობამ ღია კარის პოლიტიკა გამოაცხადა და შედეგად ქვეყნის ტერიტორიაზე 900 ათასი თავშესაფრის მაძიებელი შეუშვა. მაშინ მერკელი გერმანელებს შეჰპირდა, რომ ქვეყანა ამ პრობლემას გაუმკლავდებოდა - ეს ასეც მოხდა, თუმცა ანგელა მერკელმა და მისმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დაკარგა - ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები?

გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. ის სულ უფრო მეტად ფრაგმენტირებული ხდება და არის რეალური საშიშროება, რომ ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის", რომელიც ანტიისლამური და ანტისაიმიგრაციო ლოზუნგებით გამოდიოდა არჩევნების შედეგების მიხედვით მესამე ადგილი დაიკავოს.

ამ დროისთვის "ალტერნატივა გერმანიისთვის" მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეა წარმოდგენილი. უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოში 4 პარტია იყო წარმოდგენილი, ამჯერად კი პოლიტიკური პარტიების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" გარდა, საპარლამენტო მანდატების მოპოვების კარგი შანსი თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასაც აქვს.

ბუნდესტაგში ადგილების მოსაპოვებლად ჯამში 34 პარტია დაუპირისპირდება ერთმანეთს.

არჩვენებს დიდი მნიშვნელობა ექნება ევროპის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისთვისაც, რადგან გერმანიას ევროკავშირის ფუნქციონირებაში წამყვანი როლი უჭირავს და ერთ-ერთი მთავარი ფინანსური კონტრიბუტორია.

მიგრანტების კრიზისი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აქტუალურობას არ კარგავს, უფრო მეტიც ის ტელედებატების ერთ-ერთი მთავარი თემაა. თუმცა კანდიდატები ისეთ თემებზეც აკეთებენ აქცენტს, როგორიც შიდა უსაფრთხოება, სოციალური უთანასწორობა და განათლებაა.

ანგელა მერკელისა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მთავარ ოპონენტად მაინც სოციალ-დემოკრატი მარტინ შულცი მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ის დებატებისას ისეთ საკითხებს უსვამს ხაზს, როგორც პენსიისა და განათლების დაფინანსების გაზრდაა. საინტერესოა, რომ 2014 წელს გერმანიაში განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაცილებით ნაკლები იყო, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან შედარებით.

თემა რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას თითქმის არ განუხილავთ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის შემადგენლობის დატოვებაა.

ანალიტიკოსების განმარტებით, ანგელა მერკელს გამარჯვება გარანტირებული არ აქვს, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს. მარტინ შულცის ინფორმაციით, ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც ამ დროისთვის არც ერთ პარტიას არ ემხრობა 46%-ს შეადგენს. თუმცა გამოკითხვების თანახმად სოციალ-დემოკრატიული პარტია ანგელა მერკელის პარტიას 14%-ით ჩამორჩება, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ მარტინ შულცმა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობა შეძლოს. სოციალ-დემოკრატების პრობლემა ისიც არის, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მმართველ კოალიციაში შედიოდნენ. ამ პირობებში მარტინ შულცის ერთ-ერთი იმედი მოსახლეობის განწყობის მოულოდნელი ცვლილებაა. მერკელის პლუსად კი ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ გერმანიის ეკონომიკა აღმავლობას განიცდის.

აღნიშნულ არჩევნებზე მთავარი ყურადღება სავარაუდოდ, მაინც პარტიისკენ "ალტერნატივა გერმანიისთვის" იქნება მიმართული. საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელის განმარტებით, ქვეყანა დგას პერსპექტივის წინაშე მიიღოს ნამდვილი ნაცისტები ბუნდესტაგში პირველად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. საინტერესოა, რამდენად ულტრამემარჯვენეა ეს პარტია. თუმცა, ერთი კი ცნობილია, პარტიის წევრები ანტისაიმიგრაციო და ანიისლამური განცხადებებით გამოდიან, მინარეთების დახურვას მოითხოვენ და ისლამს გერმანულ კულტურასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.

როგორ განაწილდება ძალები გერმანიაში, დარჩება თუ არა ანგელა მერკელი ხელისუფლების სათავეში და შევა თუ არა "ალტერნატივა გერმანიისთვის" ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 24 სექტემბერს გახდება ცნობილი.

მომზადებულია "ბიბისის" მიხედვით

myquiz