რა ხდება სარფის საბაჟოზე ამ დროისთვის? | Allnews.Ge

რა ხდება სარფის საბაჟოზე ამ დროისთვის?

სარფის საბაჟოზე თურქეთში წამსვლელი და საქართველოში შემომსვლელი მგზავრები დაუსრულებელი რიგების შესახებ ჩივიან. როგორც Allnews.ge-ს საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ, 21 წლის დიანამ მოუყვა, თურქეთში მიმავალს სარფის გამშვებ პუნქტზე თურქულ მხარეს საათობით წვიმაში მოუწია ლოდინი.

"ძალიან გრძელი რიგი იყო, კითხვებს რომ ვსვამდით, თუ რატომ გაგვაჩერეს ამდენ ხანს, ადეკვატურ პასუხს არ გვცემდნენ. შემდეგ სიტუაციის განმუხტვისთვის გადაწყვიტეს, ჯერ ქალები და ბავშვები გაეშვათ, შემდეგ კი კაცები, თუმცა ქალების იმხელა რიგი დადგა, რომ მამაკაცების უმეტესობას წვიმაში, შენობის გარეთ მოუწიათ ლოდინი. საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს საზღვარზე გადასვლისას არ შევფერხებულვართ, თუმცა, თურქეთის მხარეს რიგში საათობით ვიდექით, რაც დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული," - იხსენებს დიანა.

სარფის საბაჟოზე არსებულ გრძელ რიგებსა და დისკომფორტს, რომლის გამოც მგზავრები თურქეთში გადასვლას ან საქართველოში დაბრუნებას საათების განმავლობაში ელოდებიან, შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი თურქეთის საზღვარზე არსებულ სარემონტო სამუშაოებს უკავშირებს.

"ამ დროისთვის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ძალიან გრძელი რიგია. საკუთარ რიგს ელოდებიან როგორც სატვირთო ავტომობილების, ისე კერძო ავტომობილების მძღოლები და მგზავრები. სიტუაცია განსაკუთრებით კვირანახევარია გართულდა, როგორც მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების, ისე ხალხის დიდი ნაკადის გამო, თურქული მხარე კი საბაჟო პროცედურებს შეფერხებით ახორციელებს.  პარალელურად, სეზონური პიკია, გაზრდილია ტვირთბრუნვაც და შესაბამისად,  ამან გამოიწვია ის მდგომარეობა, რაც ახლა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზეა", - განმარტავს ხატია მოისწრაფიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს საზღვარზე მოქალაქეებს არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის მესაზღვრეები მგზავრებს სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში აწვდიან:

"სარფის საბაჟოზე ასეთი ვითარება მას შემდეგაა, რაც მათ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყეს. ახლა თურქეთის მხარეს მგზავრების გატარება ძალიან უჭირს. თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში მხოლოდ ორი გასასვლელია. ერთი  გასვლის რეჟიმს, ხოლო მეორე შემოსვლის რეჟიმს უკავშირდება. ეს ორი გასასვლელი სარფის საბაჟოსთვის ძალიან ცოტაა, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბაჟო გამშვები პუნქტი და დიდი ტურისტული მარშრუტია", - აღნიშნავს შემოსავლების სამსახურის აპარტის უფროსი.

ხატია მოისწრაფიშვილი მგზავრებს ურჩევს, თურქეთის მიმართულებით გადაადგილებამდე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებას გაეცნონ, - ”მივმართავ მგზავრობის მსურველებსა ბიზნესის მფლობელებს, რომლებიც სატვირთო ავტომობილებით გადაადგილდებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გადასვლისას ჩვენ მიერ დაყენებული Live-კამერებით ვითარებას დააკვირდნენ. საქართველოს თურქეთთან აკავშირებს რამდენიმე საბაჟო გამშვები პუნქტი, მათ შორის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, კარწახი, ვალე,  სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ვითარებას დააკვირდნენ და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელ გამშვებ პუნქტზე გადაადგილდნენ,” - დასძენს ის.

აღსანიშნავია, რომ სარფის საბაჟო გამშვებ ფუნქტზე შექმნილი ვითარების გამო ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლევენთ გიუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, როგორც თურქული, ისე ქართული მხარე ზრუნავენ, რომ მგზავრებმა გადაადგილება მაქსიმალურად სწრაფად შეძლონ.

 

 

myquiz