საშიშია თუ არა ფაროსანა ადამიანისთვის? - სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტება | Allnews.Ge

საშიშია თუ არა ფაროსანა ადამიანისთვის? - სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტება

ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა ის ღონისძიებები და მდგომარეობა განმარტა, რომელიც რეგიონებში მავნებლის გამო არის შექმნილი.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლას აგრძელებს.

რა არის ფაროსანა, იგივე "ცუანა", რამაც მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა

ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო

"როგორც იცით, საქართველოში დაფიქსირდა ახალი მავნებელი, აზიური ფაროსანა, რომელთან ბრძოლის ღონისძიებებიც სახელმწიფომ დაგეგმა მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად 2016 წლის ბოლო კვარტალში. 2017 წლის მარტში მივიღეთ მთავრობის განკარგულება, რომელიც მავნებელთან ბრძოლას უკავშირდებოდა. მინდა ინფორმაცია მივაწოდო რეგიონებს, რომლებშიც ეს მავნებელი არის გავრცელებული - სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას. ჩვენ დაგეგმილ ღონისძიებებს გავაგრძელებთ. ასევე შევიტანეთ ცვლილებები მთავრობის განკარგულების პროექტში და წლის ბოლომდე, ვიდრე მავნებელი მიეცემა ძილს, გავაგრძელებთ ღონისძიებებს", - განაცხადა დავითაშვილმა და მოსახლეობას მავნებელთან ბრძოლის საკითხებში მობილიზებისკენ მოუწოდა.

მინისტრის თქმით, ეს გამოწვევა მარტივი არ არის და პრობლემა რთულია ყველა ქვეყნისთვის, რომელშიც ის ფიქსირდება.

"ჩვენი გზავნილი არის ის, რომ სახელმწიფო იქნება ჩართული ბრძოლაში. ეს არის არა ერთი წლის პრობლემა და უბრალოდ პირველი წელი უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად ეფექტურად, რომ მომავალი წლების განმავლობაში მივაღწიოთ შედეგს. ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის. ის არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი და ადამიანს არ ერჩის. რაც შეეხება მოსახლეობის მობილიზებას, გვესმის მოსახლეობის შეჭირვებული მდგომარეობა და გათვალისწინებულია იმ პესტიციდების მიწოდება, რომელიც ეფექტურია მავნებელთან ბრძოლის კუთხით", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ორი ორგანიზაციიის წარმომადგენელი იმყოფებოდა მცენარეთა დაცვის კუთხით და მათ აღნიშნეს, რომ ამ მავნებელთან ბრძოლის კუთხით დიდი გამოცდილება არ არსებობს და საქართველოს გამოცდილებას სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ.

რაც შეეხება პროცესში ავიაციის შესაძლო ჩართვას, ლევან დავითაშვილის განმარტებით, "ავიაციის გამოყენების შესაძლო არეალი არის შეზღუდული. ეს საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იყო და მავნებელთან საბრძოლველად ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება".

myquiz