ბოლო ინფორმაცია ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ | Allnews.Ge

ბოლო ინფორმაცია ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ

ხანძარი იყო გუშინ ღამით ატენის ხეობაშიც. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ, თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით იზოლირება, შემდეგ კი მეხანძრეების დახმარებით წყლის ჭავლით დამუშავება მოხდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაახლოებით, 80 გრადუსიან მთის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზებულ კერებთან წყლის ჭავლის მიყვანა მოხერხდა და გამთენიისას ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდა.

ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი. ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს პრევენციის მიზნით ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინაში ვიზიტი გააუქმეს.

"ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უკვე მიმართა. სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს გამართავს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

myquiz