ინფორმაცია მშობლებისთვის: რა სიახლეები შეეხება საბავშვო ბაღებს | Allnews.Ge

ინფორმაცია მშობლებისთვის: რა სიახლეები შეეხება საბავშვო ბაღებს

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია და გადატვირთული ჯგუფები ის ძირითადი პრობლემებია, რაც მშობლებს აწუხებთ. თუმცა,"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" უფროსი, თემურ თორდინავა, უპირველეს გამოწვევად პედაგოგების კვალიფიკაციას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯებია გადასადგმელი.

როგორ აპირებს ბაგა-ბაღების სააგენტო ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას, ამ საკითხზე Allnews.ge სააგენტოს უფროსს თემურ თორდინავას ესაუბრა:

 წარმოადგენს თუ არა საჯარო ბაღების ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობა პრობლემას და როგორ იგეგმება მისი მოგვარება?

- ჩვენ ამ გამოწვევას ახალი ბაღების მშენებლობით ვპასუხობთ. კერძოდ, 7 ბაღი გასულ წელს გავხსენით, წელს 10 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, 5 მათგანი სექტემბერში გაიხსნება, 5 ბაღის სამუშაოები კი წლის ბოლოს დასრულდება.

ამავდროულად, წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ვიწყებთ.

ამით იმის თქმა მინდა, რომ სამი წლის განმავლობაში, საფუძველი 25 საბავშვო ბაღს ჩაეყარა. საბავშვო ბაღებში 100-ზე მეტი ჯგუფი გაიხსნა, რამაც ჯგუფების განტვირთვას ხელი უნდა შეუწყოს, თუმცა, გადატვირთული ჯგუფები, გამოწვევად მაინც გვრჩება. ამ გამოწვევაზე პასუხი სწორედ ის ინფრასტრუქტული პოლიტიკა იქნება, რაც შემდეგ წლებშიც აქტიურად უნდა გაგრძელდეს.

2020 წლისთვის ჯგუფების გადატვირთვის საშუალებას ჩვენ უკვე კანონმდებლობა აღარ მოგცემს.

ახალი კანონის მიხედვით, ბაგას ჯგუფში 25-მდე ბავშვი იყოს, ხოლო 3-დან 6 წლამდე ასაკის ჯგუფებში რაოდენობა 30-მდე უნდა შემცირდეს.

მშობლებს ბაღებში ელექტრონულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ, რის შედეგადაც მათი შვილები ხანდახან ბაღში მისვლას თვეების განმავლობაში აგვიანებენ. ამ პრობლემის აღმოფხვრას როგორ გეგმავთ?

- წელს ჩვენ თავისუფალი ადგილების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა გვაქვს, კერძოდ, 13 000-მდე აღსაზრდელისთვის განკუთვნილი ადგილი. ის ტენდენცია, რომელიც ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის კუთხით მიმდინარეობს, მომავალ წლებშიც უნდა გაგრძელდეს, რათა არცერთი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეთ არ დაგვრჩეს. წელს ეს პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრება.

რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად?

- ჩვენ პედაგოგების გადამზადების აქტიურ პოლიტიკას ვახორციელებთ. ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 400-ზე მეტი ფსიქოლოგისა და ლოგოპედის გადამზადება მიმდინარეობს.

2018 წელს თბილისში ყველა აღმზრდელის გადამზადება გვაქვს დაგეგმილი.

რაც შეეხება კერძო ბაღების საკითხს, როგორ ფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა მათი საქმიანობის მონიტორინგი და რა მექანიზმებით გეგმავთ ამის განხორციელებას?

- 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღების ავტორიზაცია იწყება, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. რაც შეეხება იმ ბავშვების კერძო ბაღებში გადანაწილებას, რომელთაც საჯარო ბაღები ჯგუფების გადატვირთვის გამო ვერ იღებენ, მინდა აღვნიშნო, რომ ვიდრე ავტორიზაცია არ დასრულება, ამ საკითხზე ვერ ვიმსჯელებთ. საუბარი იდეაზე, რომ ამ ბავშვების კერძო ბაღებში მიღებისთვის, ვაუჩერიზაცია განხორციელდეს, რომლის მიხედვითაც, გადასახადის ნაწილს სახელმწიფო დაფარავს, ვფიქრობ, ნაადრევია.

რამდენად დაცულია ბავშვების უსაფრთხოება როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებში?

- სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი ითვალისწინებს კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას უსაფრთხოების მიმართულებითაც. ამ შემთხვევაში მე შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ თბილისის საჯარო ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ ბაღების მონიტორინგი პერმანენტულად ხორციელდება. მომავალში ავტორიზაციის პირობების გათვალისწინება ყველა ბაღს მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უკვე კერძო ბაღებსაც გააკონტროლებს.

ამ შემთხვევაში კერძო ბაღების მაკონტროლებლები, სააგენტოები და გაერთიანებები ვერ იქნებიან. მერიასა და რაიონებში, შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამას განახორციელებს.

 

myquiz