"კაკლოვნებს შორის ფისტას ყველაზე ძვირად ღირებული ნაყოფი აქვს" - ყველაფერი ფისტაზე | Allnews.Ge

"კაკლოვნებს შორის ფისტას ყველაზე ძვირად ღირებული ნაყოფი აქვს" - ყველაფერი ფისტაზე

საქართველოში ფსტა (ფისტა), იგივე ბუსტუღი, სამეურნეო მიზნით ფართოდ არ გამოიყენება. თუმცა დღეს ამ კულტურის გამრავლებისა და განვითარების პერსპექტივა ნელ-ნელა ჩნდება. ის ყველაზე ძვირად ღირებული კაკლოვანი კულტურაა. აშენებენ როგორც სამეურნეო მიზნით, ასევე კარგია ნიადაგის გაუდაბნოებისა და ეროზიის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე შესწავლა მიმდინარეობს, რათა ფსტისთვის ხელსაყრელი გარემო დადგინდეს. ამ კულტურით არაერთი ქართველი ფერმერი დაინტერესდა.

ბუსტუღი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ბევრ წყალს და არც ნიადაგის გასანოყიერებლად სჭირდება ქიმიური სასუქები. შესაბამისად, მისი მოსავალიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

ეს მცენარე ნახევრად უდაბნოს ტიპის ნიადაგზე ხარობს და პროდუქტიულობას 3-4 საუკუნე ინარჩუნებს. ჩვენს ბაზარზე ფსტა მთლიანად იმპორტირებულია და ამ კულტურის მოშენებით იმპორტიც ჩანაცვლდება. როგორც ფერმერი გიორგი მასურაშვილი ამბობს, ამ კულტურაზე მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს. მან მომცრო პლანტაცია ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთში გააშენა. ფერმერს სათესლე მასალა, ძირითადად ორი ქვეყნიდან, ირანიდან და საბერძნეთიდან, შემოაქვს და ნერგები გამოჰყავს.

- საქართველოში ფსტის ხე არ არსებობს. ამ კულტურის გაშენება პირველად ჩვენ დავიწყეთ. ნერგები ჩვენგან სხვადასხვა სოფელში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიაქვთ. შემსყიდველებზე ცნობებს ვაგროვებ, ვინიშნავ, სად და რამდენ ძირს რგავენ, როგორ მიდის მათი ზრდა-განვითარება. სადაც კი დარგეს, ყველგან გაიხარა.

- რა გიჯდებათ 1 კილოგრამი სათესლე მასალის შემოტანა?

- დაახლოებით 180 ევრო. ასგრამიან პაკეტებში დაფასოებული იმპორტირებული ფსტის ნაყოფის საშუალო ფასი 18-25 ლარია. კაკლოვნებს შორის ფსტას ყველაზე ძვირად ღირებული ნაყოფი აქვს. მისი ფასი საერთაშორისო ბაზარზე ნიგვზის, თხილისა თუ სხვა კაკლოვნებისას ბევრად აღემატება და სტაბილურობითაც გამოირჩევა.

ნერგი მოსავალს 8 წლის შემდეგ იძლევა, თუმცა აყვავებიდან 300 წელიწადს ხარობს.

- ნერგის მოყვანის თქვენეულ გამოცდილებაზე რას გვეტყვით?

- თესლი უცხოეთიდან შემომაქვს და ნერგი გამომყავს. სანამ ნერგების გაყიდვას დავიწყებდი, პატარ-პატარა ცდებს ვატარებდი. ამ ცდებში შედიოდა როგორც გაღივების პროცესი (როგორ ამოვიყვანოთ), ასევე სხვადასხვა ნიადაგში დარგვა. როგორ ხარობს, რა ნიადაგი და რა მოვლა სჭირდება, ნერგის შემსყიდველებს დეტალურად ვუხსნი. ჩემი ექსპერიმენტი უპირველესად საქართველოში ფსტის კულტურის აღდგენას ემსახურებოდა.

წესების დაცვით ფსტის ნერგების გამოყვანა წლების წინ გადავწყვიტე, 2 წლის წინ კი, ნერგების გაყიდვაც დავიწყე, რითაც ამ კულტურის გავრცელებას ვუწყობ ხელს. თესლის სხვადასხვა ნიადაგზე მოსინჯვის შემდეგ მივხვდი, რომ მშრალ, გამტარ ნიადაგში ხარობს კარგად, ასევე ნახევრად უდაბნო მიწებში. იტანს გაუსაძლის გვალვასაც. პერიოდულად მორწყვა უხდება, რაც მის ზრდა-განვითარებაზე აისახება. არ უყვარს ჭაობიანი ან მუდმივად ნესტიანი მიწა. ასევე ნაკლებადაა შეგუებული წითელ აყალო (თიხნარი) ნიადაგს. ადვილად გაიხარებს, თუ ნერგები კონტეინერით (დახურულ ფესვთა სისტემით) გადაირგვება (ასაკით 7-დან 90 დღემდე).

- ყინვაგამძლე მცენარეა?

- უძლებს მინუს 30 გრადუს ყინვას და პლუს 50 გრადუს სიცხეს. ძნელია სხვა მსგავსი მცენარის ჩვენთან ნახვა. მოკლედ, კლიმატური პირობების გამო არ იღუპება.

- ნერგებს შორის რა მანძილი უნდა დავიცვათ?

- ნერგებს შორის დარგვის მანძილი 5 მეტრია (400 ერთეული 1 ჰექტარზე). მათი კონტეინერებით გადარგვა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. ფსტა ერთადერთი კაკლოვანი კულტურაა, რომელიც სწრაფად განივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას. მაგალითად, 3 დღის აღმოცენებულ ნერგს ფესვი 25 სმ-ზე მეტი აქვს. ამის გათვალისწინებით ნერგები 3 თვემდე უნდა გადაირგოს, ფესვთა სისტემას არ უნდა შევეხოთ, რათა არ დაბუჩქდეს და გაიზარდოს როგორც ხე.

- ნერგობის პერიოდში მოფრთხილება უნდა?

- კი, სანამ ნერგია, მოსაფერებელია. ფესვთა სისტემას კი არავინ და არაფერი უნდა შეეხოს, რომ არ დაუზიანდეს, თორემ მაშინვე გახმობას იწყებს. პირველ ორ წელიწადს წყალი სჭირდება, სხვა არაფერი, ისიც სიცხეში კვირაში ერთხელ. სასუქით მოძლიერებას არ საჭიროებს და პირველ 30 წელიწადს გასხვლაც არ უნდა.

- ერთი ხე რამდენ ნაყოფს იძლევა?

- ერთი ხე 20 წლის ასაკში 30 კგ-ს ისხამს, პირველ ნაყოფს 8 წლის ასაკში იძლევა. ნერგის საუკეთესო ასაკად 20 წელი მიიჩნევა. ახლა წარმოიდგინეთ, ერთ ჰა-ზე გაშენებული 400 ნერგი 20 წლისა რა რაოდენობას მოგვცემს. მისი საბაზრო ღირებულებაც რომ გავითვალისწინოთ, საკმაოდ კარგ შემოსავალს მოგვცემს.

- რა ღირს თქვენი ერთი ნერგი?

- 15-25 ლარამდე, რადგანაც თესლის ჩამოტანა ძვირი გვიჯდება.

- თქვენი მაგალითის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შიდა ქართლში ბუსტუღის გაშენებას კარგი პერსპექტივა აქვს?

- ყველგან საუკეთესო შედეგი გვაქვს, განსაკუთრებით, შიდა ქართლში. ხარობს კახეთში, დასავლეთში - იქ, სადაც არ არის თიხნარი ნიადაგი და ჭაობი. კარგად გაიხარა ფოთშიც. გრუნტის წყლები ორ მეტრშია და ველოდებით, რას იზამს, ამის გამო ფოთში ნერგები საჩუქრად გადავეცით.

- მხოლოდ ფსტის გაშენებით ხართ დაკავებული?

- წლებია, ზემო ხვედურეთში ხეხილის სხვა ნერგები გამოგვყავს, მხოლოდ ქართული ჯიშები.

- თუ ჩვეულებრივ კაკალზე 10-ჯერ ძვირია, ალბათ, არა მარტო კულინარიაში იყენებენ...

- კი, ეს კულტურა ცუდი არ არის არც ბაღის გასაშენებლად და არც ნებისმიერი ბიზნესისთვის. როცა მასზე უცხოურ ინფორმაციას ვეცნობი, ფართოდ იყენებენ ფარმაციაშიც. მისი მსხვილი ექსპორტიორები არიან აშშ, საბერძნეთი და ირანი.

ლალი ფაცია

"კვირის პალიტრა"

myquiz