რისი უფლება არ აქვს საჯარო სექტორში დასაქმებულს? | Allnews.Ge

რისი უფლება არ აქვს საჯარო სექტორში დასაქმებულს?

საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ხშირად იმაზე მეტი უფლება აქვთ შეზღუდული, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულებს. სახელმწიფო სამსახურში მომუშავეთა უფლება-მოვალეობებს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი არეგულირებს.

საინტერესოა, რა ეკრძალებათ საჯარო სექტორის თანამშრომლებს?

როგორც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 66-ე მუხლშია მითითებული, საჯარო მოხელეს ეკრძალება:

1. გარიგების დასადებად მისთვის მინდობილი დაწესებულების ქონების შეძენა;

2. ქონებრივი გარიგების დადება იმ დაწესებულებასთან, სადაც საქმიანობს, გარდა კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა;

3. როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს გარიგება თავისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან, პარტიასთან ან სხვა დაწესებულებასთან;

4. როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს ქონებრივი გარიგება საკუთარ მეუღლესთან, საკუთარ ან მეუღლის ბებიასთან, ბაბუასთან, მშობელთან, ძმასთან, დასთან, შვილთან ან შვილიშვილთან;

5. მოსამსახურე ვალდებულია, მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებში;

საჯარო მოსამსახურეს კანონის მიხედვით ასევე არა აქვს რაიმე სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება,

რომელიც დაკავშირებულია საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამასთან, საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. და თუ გაურკვეველია, საჯარო მოსამსახურეს აქვს თუ არა შემოთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ანდა მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე.

რაც შეეხება პარტიულ საქმიანობას, სახელმწიფო მოსამახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს მსგავსი საქმიანობისათვის.

საჯარო მოსამსახურეს ასევე უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ სახელმწიფო მოსამსახურე არ იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას.

ეს რაც შეეხება კონკრეტულ შეზღუდვებს, კანონის მიხედვით, შესაძლოა, ცალკეული კატეგორიის მოსამსახურეთა მიმართ დადგინდეს სხვა სახის დამატებითი მოვალეობანი და შეზღუდვა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz