მერაბ ღოღობერიძე - "ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი" | Allnews.Ge

მერაბ ღოღობერიძე - "ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი"

ბათუმში მცხოვრები მერაბ ღოღობერიძე, რომელსაც სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისივე სტატუსების გამო ბათუმის გუშინდელი აქციის ერთ-ერთ ორგანზიატორად ასახელებენ, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი" და თუ ვინმეს აქვს მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები, გაასაჯაროოს.

"ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი. ერთი საათის მერე მივედი აქციაზე. ჩანაწერები ნახონ თუნდაც, არსებობს ყველა მტკიცებულება, რომ მოქალაქეები ტყუილუბრალოდ დააკავეს. მე უბრალოდ რამდენიმე დღით ადრე ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია იქნებოდა. ის, რაც ხდებოდა, პიკი იყო, თუ ვინმე მართავდა სიტუაციას, ხელისუფლებამ კეთილი ინებოს, გამოვიდეს და თქვას - მერაბ ღოღობერიძე იყო, "ნაციონალები", "ლეიბორისტები" თუ სხვა ძალები - მათ უნდა ამტკიცონ და არა მე. თუ რაიმე სახის მტკიცებულებები აქვთ, წარადგინონ", - განაცხადა ღოღობერიძემ.

რას წერდა ბათუმის საპროტესტო აქციის ორგანიზატორი რამდენიმე დღის წინ

აქციის მიმდინარეობისას დაშავებული ორი ადამიანის საავადმყოფოში გადაღებული ფოტოები მერაბ ღოღობერიძემ ასევე, სოციალურ ქსელში განათავსა. კითხვაზე, რატომ იმყოფებოდა ის მეგობრებთან ერთად აქციაზე და რატომ დაშავდნენ ისინი, თუ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ღოღობერიძე აცხადებს, რომ მეგობრებთან ერთად სიტუაციას "აკონტროლებდა", რომ არ გადაზრდილიყო ესკალაციაში.

მერაბ ღოღობერიძე ადასტურებს, რომ აქციის დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას თავად ითხოვდა.

"ჩემი კოლეგები იყვნენ აქციაზე, მეც ვიმყოფებოდი და ვაკვირდებოდი სიტუაციას, რომ არ გადაზრდილიყო ესკალაციაში. მე მოვითხოვე, რომ გათავისუფლებულიყვნენ უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანები. მოვითხოვე, რომ ვინმე ხელისუფლებიდან გამოსულიყო და გაეკეთებინა განცხადება, რომ ესკალაციამდე არ მისულიყო საქმე, მაგრამ ხელისუფლებას ჰქონდა პოზიცია, რომ ჯერ უნდა დაშლილიყო აქცია და მერე გაათავისიფლებდნენ. მე ვერ მივიდოდი და საზოგადოებას ამას ვერ ვეტყოდი, იმდენად აღშფოთებულნი იყვნენ. გუშინ ვიღაცა ხელს უწყობდა იმას, რომ ვიღაცას დაბრალებოდა ეს საქმე და ეს ვიღაცა მე აღმოვჩნდი. გუშინდელის მერე იწერება, რომ მერაბ ღოღობერიძე იყო ორგანიზატორი.

თუნდაც ერთი ავტომობილი რომ დაწვეს, შესაბამისი რეაგირება უნდა ყოფილიყო.

მე იმ შემთხვევაში ვიქნებოდი დამნაშავე, რომ ეს ყველაფერი დამეგეგმა და მოწოდებები გამეკეთებინა", - აცხადებს მერაბ ღოღობერიძე.

კითხვაზე, რა მიზნით ითხოვდა პოლიციის უფროსის გადაყენებას და რატომ დაწერა, თითქოს ადგილობრივ მოსახლეობას გორიდან ბათუმში სამუშაოდ ჩასული პატრულის თანამშრომლები "თათრებს" ეძახდნენ, ღოღობერიძე ამბობს, რომ ნამდვილად ითხოვდა, გენინსპექციას საკითხთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაეწყო. "6-7 მარტს ვაკეთებდი განცხადებებს, რომ გენერალურ ინსპექციას დაეწყო შიდა მოკვლევა "თათრის" დაძახების ფაქტებთან დაკავშირებით. შევაფასე რეალობა, რომ ამ ყველაფერს რეაგირება მოჰყვებოდა, მე თუ არასწორი ვიყავი, სამმართველოს გაეკეთებინა განცხადება. დღემდე ვითხოვ დამკითხონ. თუ რაიმე სახის პრობლემაა ჩემთან მიმართებაში, მზად ვარ მივიდე და მივცე ჩვენებები. "რესპუბლიკელი" ხათუნა სამნიძე ავრცელებს ჩემს მიმართ ცრუ ბრალდებებს. რევოლუციის შემდეგ 2007 წლამდე მე ვიყავი "რესპუბლიკური პარტიის" ახალგაზრდულის წევრი, არ ჰქონდათ პრეტენზია, მაგრამ მერე იყო ჩემი დაპირისპირება "რესპუბლიკურ პარტიასთან" იმიტომ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" იყვნენ შეკრულები, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. დღეს ის მიწოდებს სუს-ის აგენტს. ჯობია ხათუნა სამნიძემ და "რესპუბლიკელებმა" მიხედონ იმას, თუ როგორ დახარჯეს ხალხის მიცემული 1 მილიონი ლარი", - განაცხადა ღოღობერიძემ.

კითხვაზე, მუშაობს თუ არა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, ღოღობერიძე აცხადებს: "ნაციონალები" ამბობენ რუსეთის აგენტიაო, სხვები ამბობდნენ კუდ-ის აგენტიაო, თქვეს, რომ პოლკოვნიკიც ვარ და ცოტა მეცინება. ჭორებს არ ვყვები მე, რაც არ უნდა თქვან", - დასძინა მან.

ღოღობერიძის თქმით, პოლიციას წუხელ ღამე, არც ერთი მისი მეგობარი არ დაუკავებია, რადგანაც "ისინი არ მონაწილეობდნენ "კოქტეილების" სროლაში და დაპირისპირებებში".

მერაბ ღოღობერიძემ, "ფეისბუქიდან" უკვე წაშალა 9 მარტს გამოქვეყნებული პოსტები, სადაც აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახაბერ ბუხაძის გადაყენებას ითხოვდა. "აქცია, სახელწოდებით აჭარელი თათარი არ არის! ყველამ ერთად შევძახოთ პოლიციის უფროსს. დღეს, 9 მარტს, 12:00 საათზე, ბათუმში აჭარის საპატრულო პოლიციის შესასვლელთან გაიმართება აქცია აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით", - წერდა ღოღობერიძე.

ბათუმში მომუშავე მედიის წარმომადგენლები, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ იმ მძღოლებს, რომლებსაც, როგორც მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, გორიდან ბათუმში სამუშაოდ გადასულმა პოლიციელებმა "თათრები" უწოდეს, თუმცა მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაციას არავინ ადასტურებს.

myquiz