რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთას | Allnews.Ge

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთას

საქართველოში საკეისრო კვეთების პროცენტული წილი მშობიარობებთან მიმართებაში ყოველწლიურად იზრდება. საკეისრო კვეთა, ეს არის, მშობიარობის დასრულება ოპერაციის გზით. რა შემთხვევაში კეთდება ის და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას? ამის შესახებ გინეკოლოგ ირინა ხეჩიკაშვილს ვესაუბრეთ.

რა შემთხვევაში და რა წინაპირობა უნდა არსებობდეს, რომ საკეისრო კვეთა გაკეთდეს?

კვეთის გაკეთების ორი მიზეზი არსებობს, ერთი დედის და მეორე ნაყოფის მდგომარეობა. დედის შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ოპერაციის გაკეთებს. ესენია, ხერხემლის პრობლემები და გაკეთებული ოპერაციები, თუკი, დედას ინსულტი აქვს გადატანილი. ერთ-ერთი მიზეზი პრეეკლამსიაა. ეს არის დაავადება, რომელიც ორსულობიდან 20 კვირის შემდეგ მაღალი წნევით, სახის და ხელების შეშუპებით და შარდში ცილის მაღალი შემცველობით ხასიათდება.

თუ ტრავმატოლოგიური რამე დასკვნა აქვს, რის გამოც ფიზიოლოგიური მშობიარობა გართულებებს გამოიწვევს და ა.შ. ბავშვის შემთხვევაში, ეს არის ჭიპლარის გამოვარდნა, გარდი-გარდმო და ირიბი მდებარეობა, 4,5 კგ ნაყოფის ჯდომითი მდგომარეობა ან დიდი ნაყოფი. ასევე, ნაყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ გულისცემა არ არის შესაბამისი.

შესაძლებელია თუ არა ოპერაცია, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ორსულის სურვილით გაკეთდეს?

საკეისრო კვეთები, გარდა საჭიროებისა, კეთდება პაციენტის მოთხოვნით. როცა არანაირი წინაპირობა არ არსებობს და მშობიარეს სურს ოპერაციული ჩარევით ბავშვის გაჩენა. ამ შემთხვევაში, დედასთან და მეუღლესთან განვიხილავთ, რომ ოპერაციის შემთხვევაში გართულებების რისკი მაღალია და ვცდილობთ, რომ გადაიფიქროს. თუმცა, ზოგჯერ არის კატეგორიული მოთხოვნა, არანაირი განმარტება და საუბარი არ ჭრის, ამ შემთხვევაში იძულებულები ვართ დავემორჩილოთ ორსულის მოთხოვნას და კეთდება საკეისრო კვეთა. მიზეზგარეშე საკეისროს, უხეშად რომ ვთქვა, ყოველ 20 ქალში ერთი მაინც ითხოვს.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთას?

ნაყოფისთვის, რა თქმა უნდა, უფრო კარგია ფიზიოლოგიური მშობიარობა, რადგან ოპერაციას, შესაძლოა, მწვავე გართულება მოჰყვეს. საკეისრო კვეთის დროს, შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა, რის გამოც საშვილოსნოს ამოკვეთა გახდეს აუცილებელი. ასევე არის რისკი, რომ თრომბოემბოლია წავიდეს, ან არ შეხორცდეს ჭრილობა. საკეისროს დროს, ძალიან მაღალია ქალის დაკარგვის საშიშროება, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობისას.

რა სახის ნარკოზი კეთდება საკეისროს პროცედურის განხორციელებისას?

საკეისრო კეთდება ორი სახის ნარკოზით. ენდოტრაქიალური ნარკოზით, როდესაც ქალი აბსოლუტურად იძინებს ნაყოფთან ერთად. ამ შემთხვევაში, ახალშობილს პედიატრიული დახმარება სჭირდება, რომ გამოიღვიძოს. მეორე ხერხი არის სპინალური გაუტკივარება, როდესაც ქალს ღვიძავს, თუმცა, ვერაფერს გრძნობს, ამ შემთხვევაში ნაყოფს არ სძინავს. ეს ამ მეთოდის დადებითი ასპექტია.

რა რეჟიმი აქვს საკეისროგაკეთბულ დედას?

საერთოდ, ჯობს საკეისრო კვეთა დაიგეგმოს. რა თქმა უნდა, დაგეგმილსა და დაუგეგმავსაც ვაკეთებთ. რეჟიმს რაც შეეხება, დაგეგმილი საკეისროს შემთხვევაში წინა დღეს 6 საათის შემდეგ არც საკვები უნდა მიიღოს არც წყალი, რადგან არის ასპირაციის საშიშროება. პირველ დღეს ფაქტობრივად არაფრით იკვებება, შემდეგ კი თითქმის ყველაფერს იღებს. 24 საათი საკეისროს შემდეგ ქალბატონი უნდა იწვეს, საწოლში მოძრაობა შეუძლია, თუმცა, როგორც კი 24 საათი შესრულდება უნდა იმოძრაოს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს სრულფასოვან რეჟიმს. ფიზიოლოგიური მშობიარობისგან განსხვავებით, საკეისროს შემდეგ დედა ვერ არის ისეთი აქტიური, როგორიც პირველის შემთხვევაში იქნებოდა.

ძუძუთი კვებაზე რა გავლენას ახდენს საკეისრო კვეთა?

ხელს კვებაში არ უშლის. თუმცა, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში, რამდენიმე საათში ხსენი უკვე მოდის და დედას შეუძლია კვებოს ბავშვი. საკეისროს დროს კი, დაახლოებით მე-3 ან მე-4 დღეს მოდის ხსენი, ანუ ცოტა გვიან ხდება და იწყება კვების პროცესი.

ტკივილი, რომ არ გახდეს საკეისრო კვეთის გაკეთების მიზეზი, ამ შემთხვევაში რა საშუალება არსებობს?

არის გაუტკივარების შესაძლებლობა. ეპიდურალური გაუტკივარება, რომლის ფონზეც, ქალი არ გრძნობს ტკივილს ჭინთვებამდე. პრესამშობიარო გაუსაძლისი ტკივილი რაც აქვს ქალს, ამ საშუალებით მინიმალური ხდება. ამას ემატება ისიც, რომ ამ სახის გაუტკივარება ხელს უწყობს ყელის გახსნას. ვაკეთებთ სურვილისამებრ, რადგან დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული.

როგორია მსოფლიო პრაქტიკა?

შემიძლია ბელორუსის მაგალითზე მოგიყვეთ. იქ მივიღე განათლება და შესაბამისად ინფორმაცია მაქვს. იქ საკეისრო კვეთა, ფაქტობრივად, არ კეთდება, თუ საჭიროება არ მოითხოვს. თუკი, საქართველოში, მიზეზის არარსებობის შემთხვევაში, ქალის მოთხოვნა საკმარისია, იქ სერიოზული მიზეზია საჭირო, რათა ექიმმა საკეისრო კვეთა განახორციელოს.

რას ურჩევთ მომავალ დედებს?

ფიზიოლოგიური მშობიარობა ძალიან კარგია და ბევრი დადებითი ასპექტი აქვს. პირველი, რომ დედა მშობიარობის შემდეგ მალევე ხდება აქტიური, არ სტკივა ჭრილობა და უფრო კომფორტულადაა. მეორე, ნაყოფისთვის ეს არის ადაპტაცია, რადგან სამშობიარო გზებს გამოივლის თავისით და ადაპტაციასაც განიცდის. დედასა და ბავშვზე, უპირობოდ, დადებითად აისახება. თუ არ არის სარისკო ჩვენება, უმჯობესია, მშობიარობა ფიზიოლოგიურად მოხდეს.

ნარიტა ჩხაიძე

myquiz