რა შემთხვევაში შეუწყდება მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა | Allnews.Ge

რა შემთხვევაში შეუწყდება მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა

იურისტ ლევან ალაფიშვილის განმარტებით, უკრაინა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ექნება.

როგორც ალაფიშვილმა განაცხადა, აღნიშნულს ითვალისწინებს ევროპული კონვენცია, რომლის წევრი სახელმწიფოც უკრაინაა.

"უკრაინა არის ევროსაბჭოს ფარგლებში შემუშავებული და ხელმოწერილი "მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის" მონაწილე, რომლის მიხედვითაც კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე ამ მოქალაქეობას არ კარგავს, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას არ მიიღებს. ევროპული კონვენცია, ისევე როგორც უკრაინის კონსტიტუცია და კანონი უკრაინის მოქალაქეობის შესახებ იცავს უკრაინის მოქალაქეს, რომ არ დარჩეს მოქალაქეობისა და შესაბამისად, უფლებებისა თუ სამართლებრივი მფარველობის გარეშე.

ამდენად, მიხეილ სააკაშვილს მაშინ შეიძლება შეუწყდეს უკრაინის მოქალაქეობა, როცა მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.

2012 წელს სწორედ ევროპულ კონვენციაზე მითითებით შეაჩერა საფრანგეთის მთავრობამ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადების განხილვა იმ დრომდე სანამ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მიიღებდა", - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვან. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს

სააკაშვილის ინფორმაციით, მას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.

სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღნიშნული შეუძლებელია.

myquiz