რა უნდა გაითვალისწინოს "სითი პარკის" მომხმარებელმა | Allnews.Ge

რა უნდა გაითვალისწინოს "სითი პარკის" მომხმარებელმა

"სითი პარკი" - კომპანია, რომლის მომსახურების უკმაყოფილო მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. რედაქციას დაუკავშირდა ერთ-ერთი მკითხველი, რომელიც სწორედ "სითი პარკის" ჯარიმის გამო გაურკვევლობაში აღმოჩნდა. გაზრდილი ჯარიმა და დაყადაღებული ანგარიშები - რას ამბობს დაზარალებული.

ისტორია დაიწყო სექტემბრის ერთ დღეს ბანკიდან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებით, რომ მისი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია. ბანკში მისულმა შეიტყო, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა ანგარიში და უთხრეს ნომერი, სადაც უნდა გაერკვია რა ხდებოდა. მითითებულ ნომერზე დარეკვისას გაიგო, რომ "სითი პარკის" გადაუხდელი ჯარიმის გამო მისი ანგარიშების დაყადაღება მოხდა და გადასახდელი იყო 180 ლარი. შემდეგ "სითი პარკში" დარეკა და იქ უთხრეს, რომ წინა წლის დეკემბერში გამოწერილ და გადაუხდელ ჯარიმაზე მოხდა საურავის დაკისრება.

რატომ ვერ გაიგო ავტომფლობელმა ამის შესახებ დროულად?

"ჯარიმა კურიერს მიუტანია ჩემს ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე, სადაც წლებია აღარ ვცხოვრობ. იქ ახლა ჩემი მშობლები ცხოვრებენ. მშობლებმა ჯარიმა არ ჩაიბარეს. თუმცა, ის მაინც ჩაითვალა ჩაბარებულად. შედეგად 30 დღეში გადაუხდელობის გამო თურმე დამეკისრა საურავი 150 ლარი, თუმცა, ისიც არ გადამიხდია რა თქმა უნდა ვინაიდან არ მქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. ივნისში საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა, რომელმაც სექტემბერში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე საბანკო ანგარიშები დააყადაღა", - ამბობს დაზარალებული.

ჩნდება კითხვა. ხომ შეიძლებოდა რომელიმე ორგანოს ერთი მესიჯით გაეფრთხილებინა დაჯარმებული პირი არსებული ჯარიმისა და საურავის შესახებ?

ALLNEWS.GE-ი შეეცადა გაერკვია, თუ ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, დაჯარიმებული ადამიანი, რომელმაც უყურადღებობა გამოიჩინა თუ გაუმართავი სისტემა, რომელმაც ინფორმაცია დროულად ვერ მიაწოდა დაჯარიმებულს?

როგორც "სითი პარკში" აცხადებენ, ავტომფლობელი ადრე თუ გვიან ჯარიმის შესახებ ინფორმაციას იღებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება 30 კალენდარული დღის ათვლა, რომლის ვადაშიც ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯარიმის ჩაბარებაზე არ მომხდარა ხელის მოწერა, მაგრამ ოფიციალურად ჯარიმის ჩაბარება მოხდა. ეს არ არის ჩვენი კომპანიის მიერ დადგენილი წესები. ამას განსაზღვრავს ადმინისტრაციული კოდექსის 290 მუხლი, პრიმა 1:4", - განმარტავს "სითი პარკის" პიარისა და მარკეტინგის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან ტაბიძე.

აღნიშნული წესი შემდეგნაირად გამოიყურება: "საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე".

როგორც "სითი პარკში" აცხადებენ, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომ ავტომფლობელმა ჯარიმის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. საიტზე რეგისტრაციის გავლის შედეგად, მომხმარებელს ჩაერთვება უფასო სმს სერვისი. ვებგვერდზე ავტომობილის ნომრითაც არის შესაძლებელი ინფორმაციის ნახვა. ასევე ცხელ ხაზზე დარეკვით შეიძლება ინფორმაციის მიღება.

"სითი პარკის" განმარტება საფუძვნლიანად ჟღერს, მაგრამ მას ALLNEWS.GE-ი-ს მიერ გამოკითხული ავტომფლობელების უმეტესობა არ ეთანხმება. 20 გამოკითხულიდან მხოლოდ 4 ამოწმებს ჯარიმის შესახებ ინფორმაციას. დანარჩენები ამბობენ, რომ ინფორმაციის სათანადო მიწოდება თავად დამჯარიმებელმა კომპანიამ უნდა მოახერხოს.

და მაინც, რა ხდება მაშინ თუ ავტომფლობელმა ვერ შეიტყო არსებული ჯარიმის შესახებ და მოხდა ვადაგადაცილება?

დაზარალებულს, რომელმაც რედაქციას მიმართა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში უთხრეს, რომ უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად შეეძლო მიემართა ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ "იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატისთვის".

იქ მისულს იურისტმა აუხსნა, რომ შესაძლებელი იყო საქმის გასაჩივრება და სავარაუდოდ მოგებაც. მაგრამ ამას გარკვეული დრო და ფინანსური რესურსი დასჭირდებოდა. დაჯარიმებულ პირს უნდა წარმოედგინა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ახალ მისამართზე ცხოვრობდა. უნდა მისულიყო "სითი პარკში" და იქ გაესაჩივრებინა. შემდეგ წასულიყო აღსრულების ეროვნულ ბიუროში და გამოეთხოვა ამ საქმის დოკუმენტაცია, რომ გაეგოთ რა ეტაპზე იყო საქმის მოკვლევა. მოგროვებული დოკუმენტაციით მოხდებოდა საქმის გასაჩივრება.

დაზარალებულმა დროის და ფულის ხარჯვას და საქმის ბოლომდე მიყვანას ჯარიმის გადახდა ამჯობინა.

"2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით "სითი პარკის" ჯარიმებთან დაკავშირებით ცენტრში იურიდიული დახმარება განხორციელდა 50 შემთხვევაზე. მათ შორის გაიცა 30 ზეპირი კონსულტაცია, დაიწერა 15 ადმინისტრაციული საჩივარი, 4 განცხადება, წარმომადგენლობა განხორციელდა 1 საქმეზე. 50-დან 29 შემთხვევა შეეხებოდა ვადაგადაცილებულ, საურავდარიცხულ ან უკვე აღსრულების პროცესში მყოფ ჯარიმებს," - ALLNEWS.GE-სთან საუბარში განმარტავს "იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი"-ს ტრენერ-ადვოკატი დიანა სარქისოვა.

"სითი პარკი" კვლავ გააქტიურდა

სარქისოვას განმარტებით, ძირითადი პრობლემა არის "სითი პარკის" მიერ საჯარიმო ქვითრის ჩაბარების მექანიზი.

"კომპანიის წარმომადგენელი საჯარიმო ქვითარს საქარე მინაზე ტოვებს და რატომღაც თვლის, რომ ამით ის მანქანის მესაკუთრეს ჩააბარა. კიდევ ერთი გზა, რომელსაც "სითი პარკი" იყენებს, არის შემდეგი: კურიერს მიაქვს გზავნილი სახლში და სავსებით შესაძლებელია ჩვენთვის უცნობმა პირმა ჩაიბაროს წერილი. პირი, რომელიც საერთოდ არ იყოს ოჯახის ქმედუნარიანი წევრი. ჩაბარების შემდეგ მას 30 კალენდარული დღე აქვს, რომ ჯარიმაზე რეაგირება მოახდინოს.

გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვის შემდეგი ეტაპია აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უფლებამოსილია დაჯარიმებულის ანგარიშები დააყადაღოს. სამწუხაროდ, მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ ხდება ცნობილი ჩვენი ბენეფიციარებისთვის "სითი პარკის" ჯარიმის და საურავის დარიცხვის შესახებ. მოქალაქეებს მივმართავთ, "სითი პარკის" მიერ დაჯარიმების შემთხვევაში მოახდინონ ჯარიმაზე დროული რეაგირება. იმ შემთხვევაში, თუ თვლიან, რომ ჯარიმა სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული დახმარებისთვის ჩვენი ოფისის ადვოკატებს მოგვმართონ", - განმარტავს ადვოკატი სარქისოვა.

"სითი პარკის" გადასახადის გადახდა მძღოლებს 2024 წლის ბოლომდე მოუწევთ

სარქისოვა ავტომფლობელებს ურჩევს, გაითვალისწინონ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლი, რომლის თანახმადაც "დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში".

"თუ დაჯარიმებულ პირს "სითი პარკის" ჯარიმის შედგენიდან 6 თვის განმავლობაში არ ჩაბარებია ჯარიმის აქტი, მას უფლება რჩება, რომ 6 თვის შემდეგ ჩაბარებული ჯარიმის აქტი აღარ აღასრულოს, როგორც ხანდაზმული. ამისათვის კი თავად უნდა მიმართოს "სითი პარკს" წერილობით და აცნობოს, რომ მისი საჯარიმო აქტი ხანდაზმულია და იგი არ აპირებს მის შესრულებას. "სითი პარკის" მიერ გამოწერილი საჯარიმო აქტები საჩივრდება მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში",- განმარტავს ადვოკატი.

"სითი პარკის" ჯარიმების ჩაბარების საკითხი კომპლექსურია და ყველა მხარეს საკუთარი პოზიცია აქვს. მაგრამ საზოგადოებაში ერთი საკითხი ცალსახა გაოცებას იწვევს: 21-ე საუკუნეში, რომელიც ტექნოლოგიების ეპოქადაა მიჩნეული, ჯარიმის ჩაბარება რატომ ხდება წინა საუკუნეებში აპრობირებული მეთოდის - ფოსტის საშუალებით და რატომ არ შეიძლება, დაჯარიმებულმა მიიღოს თუნდაც ერთი მესიჯი, როგორც ეს ვიდეო-ჯარიმების შემთხვევაში ხდება.

ნანა მღებრიშვილი

myquiz