"ნაციონალურ მოძრაობაში" პარლამენტში შესვლის საკითხზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა | Allnews.Ge

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარლამენტში შესვლის საკითხზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობაა - ამის შესახებ პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თუმცა წიკლაურმა აღნიშნა, რომ პარტიის ყველა წევრისთვის გუნდის ერთობა მნიშვნელოვანია.

კითხვაზე, უნდა შევიდეს თუ არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, ნუგზარ წიკლაურმა უპასუხა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მარტო უნდა დატოვოს პარლამენტში ის პარტია, რომელმაც ეს არჩევნები გააყალბა.

"გაყალბების ხარისხი იყო ისეთი, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მარტო უნდა დატოვოს პარლამენტში ის პარტია, რომელმაც ეს არჩევნები გააყალბა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ, ნებით თუ უნებლიეთ, მივცემთ მათ შესაძლებლობას რომ რაღაც დემოკრატიულობის ფასადი ჩამოაფარონ იმას, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და თავისუფალ არჩევნებთან...

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება

პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არის, იმიტომ რომ ღიად პარტიის გარკვეულმა წარმომადგენლებმა თავისი პოზიცია გამოაქვეყნეს, არსებობს სხვა პოზიციაც.

მე არ ვფიქრობ, რომ ამას აქვს რაიმე დაპირისპირების სახე.

ყოველ შემთხვევაში პარტიის ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება და დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენი თანამებრძოლი გაუფრთხილდება ამ ერთობას", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, იგი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში უნდა შევიდნენ და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ.

როგორც გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომაა, რომელზეც განიხილება ორი საკითხი - პარტიის საპარლამენტო ცხოვრებაში და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხი.

"საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენი პარტიის შიგნით პოზიციები გაყოფილია და მსურს, რომ ამ მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ სხვებს შევუერთდე და საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - მე კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ემოცია, მათი აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისა და როგორ ჩატარდა არჩევნების დღე, მაგრამ მე მყარად მჯერად და მწამს, რომ სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული, ქმედითი პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე.

ეს არის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების ტრადიციის პატივისცემიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი იმ 500 000 ამომრჩევლის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა. ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ხმა ვერ მოგვცა და დიახ, იმ ადამინების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა არ მოგვცა", - განაცხადა ბოკერიამ.

სწორედ იმავე არგუმენტებიდან გამომდინარე, გიგა ბოკერია თვლის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს და ვიცით, რომ რთული იქნება, ივანიშვილმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, რათა დავიცვათ თავისუფალება ქვეყნის შიგნით. დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკურ ძალა ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღეს დღეს საღამოს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს, 19:30 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის მომავალ სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ.

myquiz