ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში | Allnews.Ge

ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის 2016 წლის მიხედვით, საქართველოში 225 000 ანუ ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს და თითოეულ მათგანზე მხოლოდ 4,5 ლარი იხარჯება.

საქართველოში UNICEF-ის ორგანიზაციის წარმომადგენლის, საშა გრაუმანის თქმით, ქვეყანაში ეფექტიანი და ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა ჯერ კიდევ არ არის, - "ბავშვების ხმა უფრო მკაფიოდ უნდა ისმოდეს,“ - აღნიშნავს ის.

UNICEF-ის ანგარიშის მიხედვით, ყოველი 1000 ახალშობილიდან 12 იღუპება.

Allnews.ge ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლებითა და მისი გამომწვევი მიზეზებით დაინტერესდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს, 1 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების 507 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აღმოჩნდა, 0-დან 5 წლამდე ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობებია, რომლის ინციდენტთა რაოდენობა აღნიშნული ასაკის ყოველ 1000 ბავშვზე 616-ია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს, საქართველოში სიკვდილიანობა 1000 ბავშვზე 10,2-ია. მათივე მონაცემებით, ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კლების დინამიკით ხასიათდება.

აღნიშნული ასაკის ბავშვეთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი, რომელიც 66,7%-ს შეადგენს, პერინატალური პერიოდის ავადმყოფობებია.

ბავშვთა სიკვდილიანობისა და ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა განყოფილების უფროსის, ლელა სტურუას თქმით, მშობლებს რესპირაციულისა და სხვა ავადმყოფობების პრევენცია შეუძლიათ.

"ზოგადად მთელ მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი რესპირაციული ინფექციებია და ბავშვებშიც ყველაზე ხშირი დაავადება სწორედ ესაა, რაც ინფექციების გავრცელებითაა გამოწვეული.

ბავშვები, ისევე როგორც მოხუცები ნებისმიერ ინფექციისთვის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.

ცხადია, ინფექციის დანახვა და მისი გადადებისგან თავის არიდება რთულია, რადგან ის ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, სწორედ ამიტომ, ბავშვებს ყურადღება ზედმეტადაც უნდა მივაქციოთ, თუნდაც ხელების დაბანასთან და საცხოვრებლის ხშირს განივებასთან დაკავშირებით," - განმარტა სპეციალისტმა.

ლელა სტურუამ თქმით, ინფექციები, ძირითადად სკოლებსა და ბაღებში ვრცელდება.

"რაც შეეხება კონკრეტულად რესპირაციულ ინფექციებს, მათ ხშირად მწეველობა ამწვავებს, რამაც საქართველოში ძალიან ფართო ხასიათი მიიღო.

ჩვენი შვილების 50% პასიური მწეველია.

სამწუხაროდ, მშობლები თავს უფლებას ვაძლევთ, რომ ბავშვებთან მოვწიოთ, რაც მათ რესპირაციულ სისტემას ძალიან აზიანებს და აადვილებს აღნიშნული ინფექციების გავრცელებას," - აღნიშნა სპეციალისტმა. სტურუამ მშობლებს მოუწოდა, სიმპტომების შემჩნევისთანავე შვილები ექიმთან მიიყვანონ.

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, კლების ტენდენციის მიუხედავად, 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიაობის მაჩვენებელი საქართველოში, ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს აღემატება, ხოლო პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მაჩვენებლებს შორის შუალედურ პოზიციას იკავებს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz