გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - რა ვერსიები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს | Allnews.Ge

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - რა ვერსიები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "პირიმზესთან" მომხდარი შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.

"ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის" წევრმა გიგა ბოკერიამ მომხდარში ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი დაადანაშაულა.

"ამ ვითარების შექმნაში ბრალდებული და განაჩენგამოტანილია ივანიშვილი და მისი გუნდი, რომელმაც მთელი ეს 4 წელიწადი ანგრია ინსტიტუციები. გვაქვს საფუძველი, მომხდარში ეჭვმიტანილად ჩავთვალოთ სუს-ი, ვინაიდან გივი თარგამაძე ცნობილია მასთან დაპირისპირებით"-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ვის ინტერესებში შედიოდა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, თუ საით მიჰყავს ივანიშვილს და მის გუნდს ქვეყანა. იმ დროში გვაბრუნებს, სადაც არ გვიკვირდა ხოლმე ასეთი უბედურებები, რომლებიც ეხებოდა არა მარტო პოლიტიკოსებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებს.

"ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის იმათი პრობლემა, ვის წინააღმდეგაც იყო ახლა ეს თავდასხმა მიმართული. ყველამ იცის, გივი თარგამაძეს ვისთან ჰქონდა პოლიტიკურად მთავარი დაპირისპირება - ეს არის სუს-ი და მისი უფროსი გოგაშვილი. ეს საჯაროდ ცნობილი ამბავია. ყველას გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვმიტანილებად ჩავთვალოთ ისინი"- განმარტა ბოკერიამ.

გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს

მისივე თქმით, ეროვნული ამოცანაა, რომ 8 ოქტომბერს უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან ქვეყანა გადმოვიყვანოთ ნორმალური განვითარების გზაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება გაცილებით მძიმე. "აგონიაზე მეტია ეს, რასაც ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ასეთი ფაქტები უკვალოდ ქვეყნის ცხოვრებიდან არ მიდის", - აღნიშნა ბოკერიამ.

მოვლენების ამგვარ განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც დააკისრა. ალასანიას შეფასებით, პოლიტიკოსის აფეთქების ფაქტი, საზოგადოებაში დაუცველობისა და სახელმწიფოს დასუსტების განცდას აჩენს.

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

"საარჩევნო გარემო დღითიდღე უფრო იძაბება. პრაქტიკულად ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე ფაქტებს, რომელიც არაჯანსაღ საარჩევნო გარემოს ქმნის. სულ რამდენიმე დღეში არჩევნებია, ამიტომ ყველა მსგავს ფაქტს პოლიტიკური ელფერი გასდევს. არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, დედაქალაქის ცენტრში საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა ააფეთქეს, რასაც რამდენიმე მოქალაქის დაშავება მოჰყვა. ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი და გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ, თავად პოლიტიკოსის აფეთქების ფაქტი, საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის და სახელმწიფოს დასუსტების განცდას.

საგანგაშოა, რომ თავგასული ორგანიზებული კრიმინალები შეუფერხებლად სჩადიან დანაშაულებს და საზოგადოებას ტერორში ამყოფებენ. "თავისუფალი დემოკრატები" ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტანისგან. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, ვინაიდან, ასეთი განუკითხაობა და იარაღის სროლითა და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები, მთელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს. ამას მოვითხოვთ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისაგან, რადგან მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთელი სიმძიმით მათ ეკისრება", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

მმართველი პარტის წევრი ეკა ბესელია შიშობს, რომ საქმე, შესაძლოა, იმ სცენარის განვიათარებასთან გვქონდეს, რაზეც "თავისუფალი ზონის" ზოგიერთი წარმომადგენელი საუბრობდა.

ბესელიას თქმით, გუშინდელმა ფაქტმა ხურჩაში "დადგმული სცენარი" გაახსენა. "კარგია, რომ ჯანმრთელად არის ბატონი თარგამაძე. რაც შეეხება ფაქტს, რა მოხდა - ეს მივანდოთ გამოძიებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ, თუ რა მოხდა ნამდვილად. იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური სარჩული ამ ფაქტს არ მოჰყვება და არ იქნება მცდელობა, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული სცენარის შექმნა, რადგან ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა, გაირბინა და გვახსოვს ხურჩაში დადგმული სცენარი.

უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. და არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოდით გამოძიებას მივანდოთ ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები", - განაცხადა ბესელიამ.

მომხდარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა და ფაქტს ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია უწოდა.

უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად. ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს.

მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს - თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს! ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას!", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაში.

გუშინ "პირიმზესთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. დაშავებულია 4 პირი, მათ შორის გივი თარგამაძის მძღოლი.

myquiz