გიორგი კვირიკაშვილის განცხადებები გაეროს 71-ე ასამბლეაზე | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებები გაეროს 71-ე ასამბლეაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და მის საგარეო კურსზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ქვეყნის მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ ვართ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, რომელსაც აკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ალიანსთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ, ევროკავშირმა და ნატომ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია.

თავისი არსით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ. ხალხის მიერ არჩეულ ამ გზას მივყავართ სტაბილურობისკენ, უსაფრთხოებისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, ჩვენს ქვეყანასა და მთელს რეგიონში," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარება არასრულია, თუკი ის მოწყვეტილია უსაფრთხოების ყოვლისმომცველ საკითხს.

"ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას.

ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, თავისუფალ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარების მსურველი ადამიანებისთვის.

"მართალია, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ, მაგრამ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ გადასახადების შემდგომ ლიბერალიზაციას. იმისთვის, რომ ბიზნესმა განახორციელოს ინვესტიციები განვითარებაში და ამით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დივიდენდების სახით გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით," - აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა წერტილი დაუსვა ხელისუფლების წარმომადგენელთა და თანამდებობის პირთა დაუსჯელობას.

"ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ზომები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც ინტენსიური რეფორმების შედეგად გამოირჩევა დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეა დღეს გაიხსნა და პირველ გენერალურ დებატებზე სიტყვით საფრანგეთის, ბრიტანეთისა და თურქეთის პირველი პირები იყვნენ, მთავარი საკითხი ლტოლვილთა კრიზისი და სირია იყო.

myquiz