გენდერული უთანასწორობა: რა იმალება მშრალი სტატისტიკის უკან? | Allnews.Ge

გენდერული უთანასწორობა: რა იმალება მშრალი სტატისტიკის უკან?

დიდი ბრიტანეთის ფინანსური კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმადაც მამაკაცების საშუალო შემოსავალი ისევ აღემატება ქალების საშუალო შემოსავალს. მაგრამ ბევრი ამ მონაცემებს ეჭვის თვალით უყურებს. ვინაა მართალი? პასუხი მარტივია: ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა.

"რეალურად მამაკაცთა და ქალთა ანაზღაურებებს შორის განსხვავების შესახებ მონაცემები ძალიან დიდ ვარიაციებს ექვემდებარება და იქ იმდენი ნიუანსია, რომ ნებისმიერს შეუძლია ამის ინტერპრეტირება მოახდინოს ისე, როგორც მას სურს", - ამბობს ადამიანის უფლებათა და თანასწორობის საკითხთა კომისიის ასაკობრივი და გენდერული უთანასწორობის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი შილა უაილდი.

საქმე მხოლოდ დისკრიმინაცია არ არის

პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რა არ არის გენდერული დიფერენციაცია.

როდესაც ადამიანებს ესმით "გენდერული დიფერენციაციის" შესახებ, მათ ჰგონიათ, რომ ქალებს ერთნაირი მოცულობის სამუშაოს შესრულებაში უხდიან ნაკლებს, ვიდრე მამაკაცებს. მაგრამ კანონი ამას კრძალავს.

არათანაბარი ანაზღაურების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, რადგან მხოლოდ დამსაქმებელმა იცის, უხდის თუ არა ის ქალსა და მამაკაცს ერთნაირ ანაზღაურებას ერთნაირი მოცულობის სამუშაოს შესრულებაში.

"გენდერული დიფერენციაცია შეიცავს თანაბარ ანაზღაურებას, მაგრამ ეს უფრო ფართო ცნებაა", - ამბობს უაილდი.

არასრული სამუშაო გრაფიკი

როგორც ფინანსური კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლებმა გაარკვიეს, უფრო ზუსტად ამ კითხვაზე არასრული სამუშაო გრაფიკით მომუშავეთა სტატისტიკა პასუხობს.

მამაკაცებს შორის არასრული სამუშაო გრაფიკით მომუშავეთა რიცხვი 15%-საც კი არ აღწევს, ქალებში კი 45% აღემატება.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან არასრული სამუშაო დღე, როგორც წესი, შემცირებული საათობრივი განაკვეთით ანაზღაურდება.

შილა უალდის თქმით, საქმე ისაა, რომ არასრული გრაფიკით მომუშავეების ანაზღაურება ნაკლებია არა მათ მიერ სამსახურში გატარებული საათების გამო, არამედ საათობრივი განაკვეთის გამო.

ქალების შემთხვევაში, არასრული გრაფიკით მომუშავე ქალები საათში 32%-ით ნაკლებს იღებენ, ვიდრე სრული სამუშაო გრაფიკით მომუშავეები.

ასე რომ, აქ საუბარია არათანაბარ საათობრივ განაკვეთებზე. ეს კი მოქმედებს გენდერულ უთანასწორობაზე, რადგან უფრო ხშირად არასრული გრაფიკით ქალები მუშაობენ.

ტერმინი "ქალური სამსახური" ისევ მოქმედებს

კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც საშუალოდ მამაკაცთა ანაზღაურება აღემატება ქალებისას, მდგომარეობს იმაში, რომ მამაკაცები უფრო ხშირად იკავებენ პრესტიჟულ თანამდებობებს.

ეს მოძველებულ სტერეოტიპს ჰგავს: საინვესტიციო ბანკირები, როგორც წესი, მამაკაცები არიან, ხოლო მედდები - ქალები.

ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ მამაკაცები უფრო ხშირად იკავებენ მაღალ მენეჯერულ თანამდებობებს, ამ დროს კი უფრო მეტი ქალი მუშაობს დაბალანაზღაურებად სექტორში, მაგალითად - მდივნებად ან სანიტარებად.

შესაბამისად, თუკი საშუალო ანაზღაურებას შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ მამაკაცები უფრო მეტს იღებენ.

მაგრამ რატომ ხვდებიან ქალები უფრო ხშირად დაბალანაზღაურებად თანამდებობებზე?

"პირველ რიგში, ძალიან რთულია განსაზღვრო, რომელი სამსახური იყო არჩეული საკუთარი ნებით და რომლისკენ ადამიანს გარემოებებმა უბიძგა, - ამბობს შილა უაილდი. - უმეტეს შემთხვევაში სამსახურს რიგი ფაქტორები ადგენს. მაგალითად, დასაქმების ბაზარი და მასზე არსებული ვაკანსიები".

არანაკლებ როლს ასრულებს ტრადიციები - რომელი სამსახური ითვლება საზოგადოებაში ქალურ ან მამაკაცურ სამსახურად.

ბევრი რამ ასაკზეა დამოკიდებული

თუკი საუბარია გენდერულ უთანასწორობაზე, სიტუაციები ძალიან განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

ყველაზე მეტად ზარალობენ 50 წელს გადაცილებული ქალები, რომლებსაც საშუალოდ 27% ნაკლებს უხდიან, ვიდრე მამაკაცებს. 20 წლის ქალების ანაზღაურება 4%-ით ნაკლებია მათი თანატოლი მამაკაცების ანაზღაურებაზე.

მაგრამ, თუკი არ გავითვალისწინებთ არასრული გრაფიკით მომუშავე ორივე სქესის წარმომადგენლებს, ეს განსხვავება ანაზღაურებაში თითქმის ქრება 22-39 წლის ქალებს შორის.

გარდა ამისა, ეს მონაცემი ძალიან მჭიდრო კავშირშია დაბადების თარიღთან.

10 წლის წინ 35 წლის ქალისა და მისი თანატოლი მამაკაცის ანაზღაურებებს შორის სხვაობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ეს ახლაა ამავე ასაკის ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში.

myquiz