პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის დროს გაკეთებული მთავარი განცხადებები | Allnews.Ge

პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის დროს გაკეთებული მთავარი განცხადებები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრამდე აღნიშნა, მას რუსეთთან კავშირის განახლება სურს.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კრიზისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება. ამის შესახებ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას, რომელსაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა აქვს, დაისახა გზები სამომავლოდ ამ ურთიერთობების აღსადგენად. ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა შეაფასა როგორც კონსტრუქციული.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე, შესავალ სიტყვაში ვლადიმერ პუტინი "ძვირფას მეგობრად" არაერთხელ მოიხსენია და განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი მზად არიან ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. მისივე თქმით, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელი გახდა თითოელი ქვეყნის პოლიტიკური ნებითა და საზოგადოების მხარდაჭერით.

თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა რეგიონში ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

"პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონში ჩვენგან ძალიან ბევრს ელოდებიან. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს ბევრი რეგიონული პრობლემის მოგვარებაში", - განაცხადა ერდოღანმა.

რუსეთი თურქეთის კომპანიებს დაწესებულ სანქციებს ეტაპობრივად მოუხსნის, მოსკოვსა და ანკარას შორის ჩარტერული ავიარეისების განახლება კი "ტექნიკისა და უახლოესი დროის ამბავია". "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ სანკტ-პეტერბურგში, თურქ კოლეგა რეჯებ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"იმ საკითხებს, რომლებიც არ საჭიროებს ხანგრძლივ შეთანხმებებს, უწყებებს შორის, უახლოეს კვირებში გადავწყვეტთ", - განაცხადა პუტინმა.

სირიის შესახებ საუბრისას, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რუსეთისა და თურქეთის პოზიციები ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვეოდა, მაგრამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების გამონახვას შეეცდებიან.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს გამახვილდა ყურადღება - "თურქულ ნაკადს" და ატომური ელექტროსადგურის "აკუიუს" აშენებას უკავშირდებოდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ანკარამ ამ პროექტების განახლების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება 2015 წლის ნოებრიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა რუსეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ამ დროის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა.

myquiz