"პროკრედიტ ბანკი" სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს 31 602 ლარს გადაუხდის | Allnews.Ge

"პროკრედიტ ბანკი" სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს 31 602 ლარს გადაუხდის

ფულადი კომპენსაციის გარდა, ბანკს გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაეკისრა.

"პროკრედიტ ბანკს" სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 31 602 ლარის გადახდა დაეკისრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა ანა მაჩიტაძის სარჩელი. "პროკრედიტ ბანკს" კი მოსარჩელის სასამართლო და წინასასამართლო ხარჯების გადახდა დაევალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "პროკრედიტ ბანკი" გათავისუფლებულ თანამშრომელს ანა მაჩიტაძეს კომპენსაციის სახით 31 602 ლარს გადაუხდის, გარდა ამისა, აღდგენს მას სამსახურში - "პროკრედიტ ბანკის" ვაკის სერვის პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობაზე.

ანა მაჩიტაძის უფლებადამცველის, არჩილ კაიკაციშვილის ინფორმაციით, ანა სამსახურიდან 2014 წლის აპრილში გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პიროვნული შეხედულებების შეუთავსებლობა იყო. თუმცა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმის დეტალებიდან რეალური მიზეზი - დასაქმებულის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია გამოიკვეთა.

სასამართლო პროცესი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ანა მაჩიტაძის სასარგებლოდ დასრულდა. მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებული ოთხივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამ ეტაპზე ანა მაჩიტაძე და მისი ადვოკატი შესაბამისი დოკუმენტის გამოცემას ელოდება, რომლის საფუძველზეც დაზარალებული ფინანსურ კონპენსაციას აიღებს და სამუშაოსაც დაუბრუნდება.

"სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში ჩაგვბარდება. მანამდე ბანკს შეუძლია ანა მაჩიტაძე სამსახურში თავად დააბრუნოს, თუმცა როგორც ჩანს, დოკუმენტაციას ელოდება. ამით კი ე.წ. იძულებითი განაცდური და შესაბამისად, ანა მაჩიტაძისთვის გადასახდელი თანხაც იზრდება", - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეს მიანიჭა პრეცენდენტის კოდი. გადაწყვეტილება კი უკვე გამოქვეყნებულია უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

"საქმე პრეცენდენტულია და თუ მომავალში კერძო ან საჯარო სექტორში ამ ტიპის გათავისუფლებები მოხდება, სასამართლოს უკვე აქვს პრაქტიკა და ის ანალოგიურ გადაწყვეტილებას დაზარალებულის სასარგებლოდ გამოიტანს", - აღნიშნა ადვოკატმა.

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს თავად ანა მაჩიტაძეც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მის მიერ კლიენტების მისამართით წარმოთქმული სიტყვები - "ღმერთმა დაგლოცოთ" - მისი სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. თუმცა ანა აცხადებს, რომ პრობლემა კოორდინატორთან მანამდეც ჰქონდა და უფროსი მას უმიზეზოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ავიწროვებდა. იხილეთ გაგრძელება

ქრისტინე გამთენაძე

myquiz