გარევაჭრობა თბილისსა და ევროპის სხვა ქალაქებში | Allnews.Ge

გარევაჭრობა თბილისსა და ევროპის სხვა ქალაქებში

გარემოვაჭრეების მიერ გამართულ აქციაზე გუშინ, ოთხი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, დააკავეს, მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, გარემოვაჭრეებს არა მხოლოდ ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით, არამედ თბილისის ცენტრალურ უბნებშიც.

კანონით, გარევაჭრობას თბილისში დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახური საპატრულო პოლიციასთან ერთად აკონტროლებს, ეს ყველაფერი შესაბამის ჯარიმასაც ითვალისწინებს, თუმცა, ვითარება უცვლელია.

როგორც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, "ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე - იწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

გარე ვაჭრობის პირველი შემთხვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით და საქონლის კონფისკაციას. ხოლო იგივე ქმედების ჩადენა განმეორებით, გამოიწვევს სამართალდამრღვევის 100 ლარით დაჯარიმებას და საქონლის კონფისკაციას".

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის თქმით, თბილისში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, თუმცა ევროპის ზოგიერთ ქალაქში ნაწილობრივ დაშვებულია, თუ მოვაჭრეები შესაბამის პირობებს შეასრულებენ.

"ევროპის ქალაქებში გარევაჭრობა ნაწილობრივ დაშვებულია, როდესაც ე.წ. ბაზრობის დღეები იმართება. თუმცა შესაბამისი სტანდარტული ნორმები, რაც პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭიროა, დაცული უნდა იყოს. მაგალითად, თუ პროდუქტი მალფუჭებადია, უნდა იდოს სამაცივრო დანადგარებში და მოსახლეობის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს.

რაც შეეხება საქართველოს, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ პირდაპირ ქუჩაში იყიდება რძის ნაწარმი, ხორცის ნაწარმი და თვითონ ნედლი ხორცი, რაც ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან ეს პროდუქტი განსაკუთრებულად მალფუჭებადად ითვლება. ყოვლად დაუშვებელია მალფუჭებადი პროდუქტები იყიდებოდეს ქუჩაში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოში არსებობს კანონი, რომლის მიხედვით, გარევაჭრობა არის აკრძალული და შესაბამისად, მასზე ჯარიმებია გათვალისწინებული", - ამბობს მადონა კოიძე.

მისივე თქმით, გაეროს რეზოლუციის თანახმად, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ეხება, ჩამოყალიბებულია პრინციპი, რომ მომხმარებელს აქვს უფლება იცხოვროს ჯანსაღ გარემოში.

"რომელ ჯანსაღ გარემოზეა საუბარი, როდესაც გარევაჭრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოსახლეობას ელემენტარული არსებობის პირობები აქვს წართმეული. მათ არ შეუძლიათ გაანიავონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები, არ შეუძლიათ თავისუფლად მოხვდნენ ოჯახებში, ვინაიდან სადარბაზოები გადაქცეულია საპირფარეშოებად. დროა ხელისუფლებამ ამ პრობლემას გლობალურად მიხედოს.

თუმცა აქ მეორე საკითხია პრობლემატური, გარემოვაჭრის ბედი, რომელიც ბაზარში დიდი გადასახადის გამო არ შედის.

მომხმარებელთა ფედერაციამ მიმართა ბაზრების დირექციას, რომელთაც დადეს პირობა, რომ ქუჩაში მდგომი ადამიანებისთვის, თუკი ისინი შევლენ ბაზრებში, იქნება საშეღავათო პერიოდი და ერთი წლის განმავლობაში გადაიხდიან იმ თანხას, რასაც იხდიან ქუჩაში. ქუჩაში გადახდილი თანხა ბიუჯეტიდან დამალული თანხაა და ვინ კრიბავს, საერთოდ გაურკვეველია", - ამბობს მადონა კოიძე.

ჩვენ ევროპის იმ ქალაქებით დავინტერესდით, სადაც თბილისის მსგავსად, გარევაჭრობის ფაქტებს შეხვდებით.

ევროპაში ძალიან პოპულარულია "ფლი მარკეტის" სისტემა, რაც ღია ცის ქვეშ ყიდვა-გაყიდვის პროცედურას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ "ფლი მარკეტის" კულტურა უკვე თბილისშიც დაინერგა.

როგორც წესი, ასეთ გარე ბაზრობებზე იყიდება ყველანაირი პროდუქტი - დაწყებული ტანსაცმლით, დამთავრებული კულინარიული კერძებით. მოგზაურთათვის სპეციალური გზამკვლევებიცაა შექმნილი, რომელშიც აღნიშნულია ევროპაში მოგზაურობისას, რომელი "ფლი მარკეტი" უნდა მოინახულოთ.

კაუპატორი, ჰელსინკი

ფინეთის ყველაზე ცნობილი ქუჩის ბაზარი პორტის სიახლოვეს მდებარეობს.

ბაზარში გასტრონომიული პროდუქტები იყიდება - ახალი თევზი, კარტოფილი, ირმის ხორცი და ა.შ. ამასთან, ბაზარში უკვე მზა საკვებიც არის, რომლის დაგემოვნებაც ადგილზევე შგიძლიათ.

ბრიტოლ ითსი, ბრისტოლი

ბრისტოლ ითსი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გარე სავაჭრო წერტილია ბრიტანეთში.

აქ, ღია ცის ქვეშ, უამრავი სუვენირის გარდა, უგემრიელესი დონატები, ვეგეტარიანული და საფირმო ლაიმის ნამცხვრები და ა.შ. იყიდება.

ბრისტონ ითსი გამყიდველთა დიდი კოლექტივისგან შედგება.

ლე მარშ რასპალი, პარიზი

ეს გარე ვაჭრობის ის შემთხვევა გახლავთ, სადაც შეიძლება უამრავ ცნობილ ადამიანს გადაეყარო.

ლე მარშ რასპალი პარიზის ყველაზე დიდებული საკვები პროდუქტების შოპინგის გამოცდილებას იძლევა. ორშაბათობით ამ ბაზარში ორგანული ან ბიო პროდუქცია იყიდება.

პორტობელოს გზის ბაზრობა

აქ მხოლოდ ანტიკვარული ნივთები იყიდება.

ათასამდე გამყიდველს დიდებული ანტიკვარები და საკოლექციო ნივთები გამოქვს, ხოლო დამთვალიერებელს შეუძლია დატკბეს მათი დეკორატიული სილამაზით ან სურვილისამებრ შეიძინოს. ერთი სიტყვით, ეს მშრალი ხიდის ბრიტანულ ვერსიად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ფეირა და ლადრა

პირდაპირი თარგმანით ლისაბონის ეს "ფლი მარკეტი" "ქურდების ბაზრობა" გახლავთ, რომელიც რამდენიმე ქუჩაზეა განლაგებული.

იგი შუა საუკუნეებიდან არსებობს და მოპარული ნივთების გასასაღებელ ტერიტორიად იყო ცნობილი.

დღეისათვის ბაზრობა ძალიან რესპექტაბელურ ადგილად ითვლება და ხარისხიანი პროდუქციის დაბალ ფასებში შეძენის საშუალებას იძლევა.

მილანის "ფლი მარკეტი"

მილანის "ფლი მარკეტი" ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. იქ უნიკალური ატმოსფერო სუფევს.

ბაზრობაზე შეგხვდებათ ძველებური ავეჯი, საოცარი სამკაულები, ელეგანტური ტანსაცმელი და უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთები.

თაკო ესებუა, ბაჩო ოდიშარია

myquiz