ვინ ჩამოიტანა ჩაის ნერგები პირველად საქართველოში | Allnews.Ge

ვინ ჩამოიტანა ჩაის ნერგები პირველად საქართველოში

პირველად ჩაი საქართველოში 1770 წელს გამოჩენილა, მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ერეკლე მეორეს სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა. შემდეგში ამიერკავკასიაში ჩაის მოშენების მცდელობა XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩანს. ამ საქმეში ინიციატივა ეკუთვნის თავად ვორონცოვს, რომელმაც ჩაის ბუჩქი იმპერატორის ბაღიდან სოხუმის ბოტანიკურ ბაღსა და ოზურგეთის მცენარეთა ჯიშსაშენებში გადმორგო.

აქედან ჩაის ბუჩქი გადაურგავთ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, მოგვიანებით ჩოხატაურის მახლობლად, ერისტოვების მამულში. თუმცა, შესაბამისი ტექნოლოგიების უცოდინარობის გამო დაბალი ხარისხის მოსავალი მიუღიათ.

ეს, რაც შეეხება მცდელობებს, საქართველოში ჩაის კულტურის განაშენიანება კი კონსტანტინე პოპოვის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც ამ საქმის ასაღორძინებლად 1893 წელს ჩინეთიდან აჭარის ზღვისპირეთში ლაო ჯონჯაო ჩამოიყვანა. ლაო ჯონჯაოს შვილიშვილი გუანვენ ლიუ-ყანდარელი გვიამბობს:

- ლაო ჯონჯაო კუანვენის პროვინციაში შეძლებული სამხედრო პირის ოჯახში დაიბადა. მამა ბრძოლაში დაეღუპა. იმის შიშით, რომ ლაოც სამხედრო საქმეს არ გაჰყოლოდა, ჩემმა დიდმა ბებიამ ის ნჭოუს პროვინციაში ჩაის ფაბრიკაში მოაწყო სამუშაოდ. მალე შესანიშნავად შეისწავლა ეს საქმე. სწორედ ამ პერიოდში ჩადის ჩინეთში რუსი კონსტანტინ პოპოვი. პოპოვები ჩაით მოვაჭრენი იყვნენ. უფროს ძმას, ძირითადად, ინდოეთთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობები, კონსტანტინე კი ჩინეთში საქმიანობდა. კონსტანტინე პოპოვს მიწები ჰქონდა ბათუმშიც. მას მოეჩვენა, რომ ამ მიდამოების მოწითალო ნიადაგი ძალიან ჰგავდა კანტონურს (ჩინეთის პროვინცია გუანჯოუს ევროპელები კანტონს უწოდებდნენ), ამიტომაც წამოიწყო ეს ექსპერიმენტი. ჩემი პაპა ლაო ჯონჯაო მისი მოწვევით 1893 წლის 4 ნოემბერს პირველად ჩამოვიდა საქართველოში 10 ჩინელ ოსტატთან ერთად. ამ დროს ის 23 წლის გახლდათ. "პირობები ჩემთვის სავსებით მისაღები იყო - თვიური შემოსავალი 500 მანეთი, ბინა, კვება, ცხენი აღჭურვილობით," - ვკითხულობთ მის ჩანაწერებში.

ლაომ წელიწადზე მეტი დრო დაჰყო მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. შემდეგ ნახევარი წლით ჩინეთში დაბრუნდა, 1897 წელს კი თავისი ოჯახით ბათუმში გამოემგზავრა. ამჯერად პოპოვმა მგზავრობისთვის მთელი გემი იქირავა. ლაოს ბათუმში მოჰყავდა დედა, ცოლი, და, 5 წლის ვაჟი და ახალშობილი ქალიშვილი, ასევე 12 მუშა-ოსტატი მეუღლეებთან ერთად. ლაომ ასევე წამოიღო მანდარინის, ლიმონის, ბამბუკის ნერგები, სხვადასხვა ჯიშის ყვავილები. როცა ჩამოვიდნენ, მათთვის განკუთვნილი სახლი ზღვის პირას, პოპოვის ერთ-ერთ მამულში - კაპრეშუმის ნაკრძალში, უკვე დასრულებული იყო. ეს სახლი ახლაც დგას ჩაქვში, ნინოშვილის #12-ში. ოჯახს ემსახურებოდა რვაცხენიანი ეტლი. პაპაჩემს ცხენები ძალიან უყვარდა და საუკეთესო ჯიშის ცხენებიც ჰყავდა. ლაო ჯონჯაოს ოჯახს გადაეცა აგარაკი მწვანე კონცხზეც.

1900 წელს პარიზში გამართულ ჩაის მსოფლიო გამოფენაზე პოპოვის ფაბრიკაში ლაო ჯონჯაოს დამზადებული ჩაი წარადგინეს და მსოფლიოში საუკეთესო ჩაისთვის პოპოვი ოქროს მედლით დააჯილდოეს. ამ დროს საქართველოში უკვე ჩაის 23 საცდელი ნაკვეთი იყო.

ლაოს შვიდი შვილიდან ხუთი საქართველოში დაიბადა. გიმნაზიაც ბათუმში დაამთავრეს. მამიდაჩემი ლიუ სანსანი ამბობდა: "ქართველები დელიკატური ხალხია. კეთილგანწყობილნი ყველასადმი, მიუხედავად განსხვავებული კანის ფერისა, ტრადიციებისა და რწმენისა. ეს მათი კულტურის ღირსებაა".

ჩაქვში მცხოვრები ეს ჩინური ოჯახი, თურმე აღდგომის დღესასწაულსაც აღნიშნავდა. "ამ დღეს ჩვენი ოჯახი აწყობდა პიკნიკს ზღვის სანაპიროზე. სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ შინ გამომცხვარი, სანთლებით გაჩირაღდნებული კულიჩით, ხაჭოს პასქითა და წითელი კვერცხით, რომლებსაც ვღებავდით უფროსებიც და ბავშვებიც. ამინდის მიუხედავად, სუფრა იშლებოდა ბაღში. ამ დღისთვის საჩუქრებიც უხვად გვქონდა", - იხსენებს ლიუ სანსანი.

ლაოს შვილებს, ისევე, როგორც ზღვისპირა აჭარის მკვიდრთ, ბავშვობა გატარებული ჰქონდათ ქართველი, რუსი, სომეხი, ებრაელი მეგობრების გვერდით. მათთან ერთად გიმნაზიაში სწავლობდნენ გარუსებული გერმანელები და პოლონელები. ამ დროს აჭარაში გაჭირვებული ცხოვრება ყოფილა. "ჩვენ გიმნაზიაში არ გვაძლევდნენ ცხენით წასვლის საშუალებას. თვლიდნენ, რომ სხვა ფეხით მოსიარულე ბავშვებთან ასეთი ფუფუნება უხერხული იყო", - ამბობდა მამიდა.

- ლაომ ათასგვარი ნერგი წამოიღოო, ახსენეთ. გაიხარეს?

- "1917 წლისთვის მოვასწარი სხვადასხვა ხეხილის მოშენება, როგორიცაა, მანდარინი, ლიმონი, ამერიკული ფორთოხლის უახლესი ჯიში "ვაშინგტონი","- წერს ლაო ჯონჯაო. მის მიერ გამოყვანილ ჩაის ერთ-ერთ სახეობას "ლაო ჩაი" ეწოდა.

ახლა რა ჩაიც მოდის კრასნოდარში, თურქეთსა და აზერბაიჯანში, სულ "ლაო ჩაის" შვილობილია.

როცა "წითლები" ბათუმში შევიდნენ, ლაოსთვის შეუთავაზებიათ, შეიცვალე მოქალაქეობა და ჩვენთან ერთადაც განაგრძე საქმიანობაო. პაპაჩემს უარი უთქვამს. "ჩვენ ყველა შევეჩვიეთ აქაურობას. ბევრი გულწრფელი მეგობარი გვყავს, მაგრამ სამშობლო გვიხმობს და ამიტომ უნდა დავბრუნდეთ," - ამ ჩანაწერს აკეთებს ლაო ჯონჯაო საქართველოდან გამგზავრების წინ და აქაურობას 1926 წელს ტოვებს.

მიწები, რა თქმა უნდა, ჩამოერთვა. ჩაქვისა და მწვანე კონცხის სახლებს მთავრობა გროშებად იძენს. მოგვიანებით მწვანე კონცხზე, ჩვენს ყოფილ აგარაკზე, სანატორიუმის სასადილო იხსნება. კარგად მახსოვს, უკვე 60-იანი წლების ბოლოს, მე და ჩემი მეუღლე რომ დავდიოდით დასასვენებლად, ამ სასადილოს დამსვენებლები ისევ "ჩინურ სახლად" იხსენიებდნენ.

სანამ ლაო საქართველოდან წავიდოდა, საინტერესო ამბავი მოხდა. ეს ამბავი ჩემი მშობლების - ნონა თუშმარიშვილისა და ვეი ჭოუს ქორწინებას ეხება.

- სად გაიცნეს ერთმანეთი?

- 17 წლის ნონა თუშმარიშვილი ზღვის პირას სტუმრად ჩამოდის მამამისთან, რომელიც იმხანად იქ საქმიანობდა და ლაო ჯონჯაოს ოჯახთანაც ახლობლობდა. აქვე იყო ნონას უფროსი და - ნატა. გოგონებმა გაიცნეს ლაოს მეორე ვაჟი - ვეი ჭოუ, რომელიც ხშირად მიემგზავრებოდა ცხენით ბათუმში და იქიდან დაბრუნებულს ინგლისური შოკოლადები მოჰქონდა გოგონებისთვის. თურმე, სწორედ ამ შოკოლადის კოლოფებში იდო ნონასადმი მიძღვნილი სასიყვარულო ბარათები. ბუნებრივია, მშობლებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მათი სიყვარულის ამბავი.

დედა და მამა 1922 წელს გაიპარნენ. დაეხმარათ რუსი მოახლე და გურული მეეტლე. ისინი ჩვენს ოჯახებს ემსახურებოდნენ. ჯვარი მთაში, ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში დაუწერიათ, რომელიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. ჯვრისწერის წინ მამაჩემი მართლმადიდებლურად მონათლულა. ხელის მოწერაზე არც უფიქრიათ, დარწმუნებული იყვნენ, რომ ინგლისი ან გერმანია დაეხმარებოდა საქართველოს. კომუნისტების წამოწყებას არასერიოზულად აღიქვამდნენ და არც მათი რეგისტრაცია მიაჩნდათ რამედ.

- როგორ მიიღეს ეს ამბავი ოჯახის წევრებმა?

- მეხის გავარდნასავით, რა თქმა უნდა. არც ერთი მხარე არ ყოფილა აღფრთოვანებული ამ სიახლით. დედა არისტოკრატულ ოჯახში იყო აღზრდილი. საოცრად ლამაზი, გონიერი, საყვარელი და გათამამებული შვილი იყო. გიმნაზიაში სწავლისას ასწავლიდნენ რუსულს, გერმანულს, ლიტერატურას, სიმღერას, ფორტეპიანოზე დაკვრას, ბალეტს, ქარგვას. მისი წარმატებებით გახარებულ პაპაჩემს, სამხედრო შაქრო თუშმარიშვილს, ფრანგულ ბანკში ორი ათასი ოქროს მანეთი შეუტანია ქალიშვილის პარიზში სწავლის გასაგრძელებლად. თუმცა, დედაჩემის ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა...

- როგორ გაგრძელდა ლაო ჯონჯაოს ოჯახის ცხოვრება ჩინეთში?

- თავდაპირველად ხარბინში დაბინავდნენ. მეც იქ დავიბადე 1935 წელს. პირველი 10 წლის განმავლობაში ყველა ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ ჩინეთ-იაპონიის ომი დაიწყებოდა. მერე ოჯახი იძულებული გახდა, იქაურობა მიეტოვებინა. წამოსვლაზე მხოლოდ პაპაჩემმა განაცხადა უარი - ცხენსაშენის მიტოვება არ შეეძლო. 1942 წელს კი ცხენიდან ჩამოვარდა და მისი სიცოცხლე ცხენების სიყვარულმა შეიწირა...

მამაჩემი ჩემს უფროს ძმასთან ერთად ლანჭოუში გაერიდა იაპონელებს. ჩვენ პეკინში დავბინავდით...

- საქართველოში როდის ჩამოვიდა ნონა თუშმარიშვილი?

- სამშობლოსთან 31-წლიანი განშორების შემდეგ დედა 1956 წელს ჩამოვიდა საქართველოში. მას ნოსტალგია ტანჯავდა. თუმცა, არა მხოლოდ მას. მამიდაჩემი მოგონებებში წერს: "ვიცოდი, რომ კანტონელები აშშ-შიც ცხოვრობენ და იქ ბევრი ჩინური დასახლება იყო, მაგრამ ნუთუ ისინიც ასე იყვნენ შეყვარებული ამერიკაზე, როგორც ჩვენ - აჭარაზე?"

დედაჩემი და მამაჩემი სიცოცხლის ბოლომდე ტკბილ და მოსიყვარულე წყვილად დარჩნენ. უთანხმოება მხოლოდ ერთ საკითხზე მოსდიოდათ. დედა ამბობდა, რომ კახეთი იყო ყველაზე ლამაზი ადგილი დედამიწაზე, მამა არ ეთანხმებოდა - ასე იმიტომ ფიქრობ, რომ მთიანი აჭარა არ გინახავსო. სტალინს ლანძღავდნენ - ომის შემდეგ მას ქართული მიწების შემოერთების საშუალება ჰქონდა და არ გამოიყენაო. მათ საუბარს ვუსმენდი და ვფიქრობდი: "ნეტავ, როგორია საქართველო?" 1958 წელს ჩამოვედი. პეკინის სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი და მესამე კურსიდან აქ განვაგრძე სწავლა. ვცხოვრობდი პლეხანოვზე, ბებიასთან. ერთი წლის შემდეგ მხატვარ გივი ყანდარელს გავყევი ცოლად. იგი 2006 წელს გარდაიცვალა.

(მომზადებულია ისტორიკოს ვახტანგ

გურულის მასალების მიხედვით)

ეკა შავლაძე

myquiz