უძველესი ტექნოლოგიებით დამზადებული აჭარული ბაქლავა მალე თბილისში გამოჩნდება | Allnews.Ge

უძველესი ტექნოლოგიებით დამზადებული აჭარული ბაქლავა მალე თბილისში გამოჩნდება

თბილისში მალე მსურველს ძველი ტექნოლოგიებით დამზადებული აჭარული ბაქლავას ყიდვის შესაძლებლობა ექნება. ტკბილეულს ბათუმში ტრადიციული მეთოდით - ხელით საწარმო "კოკლოზინაში" ამზადებს. ჯერ წარმოება მცირეა, თუმცა, მისი დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ბიზნესს მალე განავითარებს და მთელ საქართველოს მოიცავს.

"აჭარული ბაქლავას მსგავსი გემრიელი ტკბილეული საქართველოში არ არსებობს" - ამბობს "კოკლოზინას" დამფუძნებელი მურმან გორგოშაძე და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს ამ გემრიელი ნუგბარის დაგემოვნების სურვილი ექნება, "კოკლოზინა" წარმოებას გაზრდის, რათა თავისი პროდუქცია მთელ საქართველოს მიაწოდოს.

როგორია "კოკლოზინას" სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, ამის შესახებ Allnews.ge-ს თავად მურმან გორგოშაძე ესაუბრა.

წარმოების პირველი ეტაპი და საწყისი კაპიტალი. "ბაქლავა საკმაოდ პოპულარული ტკბილეულია აჭარაში და ამანაც შეუწყო ხელი ჩემს წამოწყებას. "კოკლოზინამ" ფუნქციონირება გასული წლის აგვისტოში დაიწყო. ძირითადად, აჭარულ ბაქლავას ვაწარმოებთ, ასევე, შაქარლამას და მშრალ ტკბილეულს. ბიზნესის წამოსაწყებად საკმაოდ დიდი საწყისი კაპიტალია საჭირო. წარმოება პირადად მე დავიწყე, ჩემი თანხებით.

ასევე, გასული წლის დეკემბერში მონაწილეობა მივიღეთ თბილისში, ქარვასლაში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში, სადაც ჩვენმა პროდუქციამ ყველაზე მაღალი რეიტინგი და მოწონება დაიმსახურა".

აჭარული ბაქლავას დამზადების პროცესი და ტექნოლოგია. აჭარული ბაქლავას მსგავსი გემრიელი ტკბილეული საქართველოში არ არსებობს. ჩვენი ბაქლავა ძველი ტექნოლოგიებით, ხელით კეთდდება. სტანდარტული ულუფა 30 ნაჭრიანია და 40 ფენით კეთდება. დამზადების პროცესი ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივია. თითოეულ ფენას დამუშავება, ნიგვზის ჩადება, შაქარი და ა.შ. სჭირდება.

ზოგადად, ბაქლავა თხილითაც მზადდება, მაგრამ აჭარული ბაქლავა მხოლოდ - ნიგვზით. ჩვენ ქართულ ნიგოზს ვყიდულობთ. ყველაფერი: ნიგოზიც, ფქვილიც, შაქარიც, კარაქიც, ძალიან ხარისხიანია. პროდუქტი მხოლოდ ქართული ინგრედიენტებით მზადდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროდუქტის ვადა ხანგრძლივი არ არის. მისი მოხმარება მაქსიმუმ 10 დღეში უნდა მოხდეს. შემდეგ იგი კარგავს კვებით ღირებულებას.

ბათუმში, პატარა ეთნოგრაფიული კუთხეც გვაქვს. აქ მოსულ სტუმარს შეუძლია ნახოს, როგორ მზადდებოდა აჭარაში წლების წინ ბაქლავა. აქ არის ჭურჭელი, რომელიც 250 – 300 წლისაა და მისი ნახვა ტურისტებისთვისაც საინტერესოა.

"კოკლოზინა" და ქართული ბაზარი. "ბაზარი მონოპოლიზებულია, ამიტომ ჩვენს პრიორიტეტად ხარისხი ვაქციეთ. ნელ-ნელა ჩვენს ნიშას ვიკავებთ. წარმოება ჯერ მცირე მასშტაბებისაა. ვფიქრობ, ჯერ რა პროდუქტებიც გვაქვს, ის უნდა ვაწარმოოთ. მაგრამ თუ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა კიდევ გაიზრდება, აუცილებლად გავზრდით წარმოების მასშტაბებსაც და პროდუქციის ასორტიმენტსაც. ამჟამად, ჩვენთან სულ 7 ადამიანი მუშაობს".

მცირე წარმოება და სახელმწიფო. "ახლა მონაწილეობას ვიღებთ პროგრამაში "აწარმოე საქართველოში". თუ გავიმარჯვეთ და დაფინანსება მივიღეთ (5 ათასი ლარი), ჩვენი საცხობის გადაიარაღებას გავაკეთებთ. ჩემი აზრით, დღეს სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობაა იმისთვის, რომ მცირე ბიზნესი განვითარდეს"

რჩევები მცირე მეწარმეებს. "მცირე მეწარმემ სწორი გათვლები უნდა გააკეთოს. სწორი პროგნოზები დასვას. მიმართოს შეკითხვებით უფრო გამოცდილ ადამიანებს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია".

აღსანიშნავია, რომ ბაქლავა განსაკუთრებით აჭარაშია პოპულარული. მისი დამზადების ტრადიციაც სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება. ბაქლავას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. იგი ქორწილებისთვის დიდი რაოდენობით მზადდება. აჭარისთვის დამახასიათებელი ტრადიციაა ე.წ სადილის მიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგო რომ გათხოვდება მის ოჯახს ქორწილში კალათებით სავსე ტკბილეული, მათ შორის დიდი რაოდენობით ბაქლავა მიაქვს.

თამარ კორკოტაშვილი

myquiz