შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს | Allnews.Ge

შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს

 შვედეთში ფართოდაა გავრცელებული ფიკას ტრადიცია. ფიკას მიხედვით, სამუშაო დღის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ, შვედები თანამშრომლებთან ერთად,  ყავის დასალევად ან სახლში გამომცხვარი ტკბილეულის დასაგემოვნებლად იკრებებიან.

ფიკას ტრადიცია იმდენად პოპულარულია, რომ ბევრი კომპანია აიძულებს ყველაზე მშრომელ თანამშრომლებს, გამოყონ დრო ყავის შესვენებისთვის.

შვედეთში ფიკა სამუშაო დღის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ჩვენთვის ელექტრონული მიმოწერა ან პრინტერის გამოყენება.

"ფიკა ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია", - ამბობს შვედეთის ქალაქ გოტებორგში მდებარე კაფეების ქსელის, Da Matteo-ს მფლობელი მატს იოჰანსონი - შვედების უმრავლესობა ფიკაზე დღეში რამდენჯერმე დადის, არამხოლოდ სამუშაო კვირის განმავლობაში, არამედ შაბათ -კვირასაც".

ბევრ შვედურ კომპანიაში ფიკასშესვენება სავალდებულოა და ამ მიზნით, კომპანიები თანამშრომლებს ყავას უფასოდ ურიგებენ.

ბევრი იფიქრებს, რომ ფიკას ტრადიცია შრომის პროდუქტიულობაზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ კვლევები სხვა რამეზე მეტყველებს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წელს, შრომის პროდუქტიულობის მხრივ შვედეთი მე-11-ე ადგილზე გავიდა, მაშინ როცა იაპონიამ და კორეამ, სადაც გრძელი სამუშაო კვირაა, მე-20 და 30-ე ადგილი დაიკავეს.

შვედურ კორპორაცია "იკეაში" მიიჩნევენ, რომ ყველაზე კრეატიული იდეები და გადაწყვეტილებები სწორედ ფიკას დროს ჩნდება.

ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეას ოსტრომი.

"კორპორატიული ხელმძღვანელობის შვედური სტილი ძალიან გამორჩეულია, რადგან ნაკლებად იერარქიულია. როცა მმართველობის ჰორიზონტალური სტრუქტურა გაქვთ, მნიშვნელოვანია ყველას აზრი მოისმინოთ. ფიკა კი, სწორედ ამას უწყობს ხელს, ანუ არაფორმალურ ურთიერთობას რიგით თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის", - ამბობს ანდრეას ოსტრომი.

ალბათ ფიკას დამსახურებაცაა, რომ ყოველწლიურად შვედები მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ერთა შორის მოწინავე პოზიციებს იკავებენ. მაგალითად შარშან, ევროპულმა სტატისტიკურმა სააგენტომ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, ევროკავშირში ყველაზე ბედნიერ ერად თავი დანიამ, ფინეთმა და შვედეთმა დაასახელეს.

myquiz