თინა ხიდაშელი - სესიაშვილს მიაჩნია, რომ 18 წლის ბიჭის "ყარაულში" 7 ლარად დგომა სახელმწიფოს მხრიდან ღირსეული საქციელია
ირაკლი სესიაშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვისაც მიაჩნია, რომ 18 წლის ბიჭის "ყარაულში" დგომა 7 ლარად სახელმწიფოს მხრიდან ღირსეული საქციელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ასე არ თვლის და ამ მიმართულებით მასსა და სესიაშვილს შორის ფუნდამენტური სხვაობაა.
"მესმის ზოგიერთი ადამიანის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, ზოგიერთის კი არა. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ფუნდამენტურად და ფილოსოფიურად ეწინააღმდეგებიან მოწვევის გაუქმებას. მათ მიაჩნიათ და სესიაშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომ 7 ლარად "ყარაულში" დგომა 18 წლის ბიჭის არის ღირსული საქციელი სახელმწიფოს მხრიდან. მე ასე არ ვთვლი და ეს ჩვენს შორის ფუნდამენტური სხვაობაა. ის გულწრფელია, როცა გაბრაზებულია.
სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა. ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. სხვადასხვა მხარეს ვართ ამ ამბის გაგებაში. მას არ ესმის, როგორ შეიძლება, რომ 7 ლარად არ ამუშავო ახალგაზრდა კაცი "ყარაულში", - განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება სესიაშვილის განცხადებას, რომ თინა ხიდაშელს მინისტრობის ორი კვირა დარჩა, ხიდაშელის თქმით, ამას პრემიერმა გუშინ გასცა პასუხი.
"სესიაშვილს გუშინ პრემიერმა ამაზე გასცა პასუხი", - აღნიშნა ხიდაშელმა.
როგორც ცნობილია, თინა ხიდაშელმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს.