ილონ მასკმა გაამხილა, რას გააკეთებდა იმ შემთხვევაში, ცხოვრება მხოლოდ 1 000 დოლარით რომ დაეწყო
დღეს ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ითვლება. მისმა ქონებამ მიმდინარე წლის დასაწყისში 500 მილიარდ დოლარსაც კი გადააჭარბა. ამჟამად ის თითქმის ორჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე მსოფლიოს მეორე ყველაზე შეძლებული ადამიანი.
მასკის ქონების დიდი ნაწილი ჩადებულია ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Tesla, SpaceX და X. ამასთან ერთად, მას საკმარისზე მეტი თავისუფალი ფინანსური რესურსიც აქვს.
-
თუმცა ბევრს აინტერესებს, შეძლებდა თუ არა მასკი წარმატების მიღწევას ყველაფრის ნულიდან დაწყების შემთხვევაში.
„The Katie Miller Podcast“-ში სტუმრობისას მილიარდერს ჰკითხეს: რას გააკეთებდა იმ შემთხვევაში, ბანკის ანგარიშზე მხოლოდ 1 000 დოლარი რომ ჰქონოდა. მისი პასუხი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ეს თითქმის შეუძლებელი სცენარია. იმისთვის, რომ მე მხოლოდ 1 000 დოლარი დამრჩეს, ალბათ ცივილიზაცია უნდა განადგურდეს. ასეთ შემთხვევაში კი ეს თანხა ვერანაირ პრობლემას ვერ გადაგიჭრის...მთუ ცივილიზაცია არ დაინგრა, ალბათ უბრალოდ ვეტყოდი ხალხს, რომ ფული მომცენ - ეს ადრეც გამიკეთებია,“ - თქვა მასკმა.
მისი თქმით, ფულზე უფრო ღირებული ის ცოდნაა, რომელიც მან წლების განმავლობაში, ბიზნესის წარმოებასა და ფინანსების მართვაში დააგროვა .
„შეუძლებელია ადამიანს ასეთი ცოდნა ჰქონდეს და მაინც ძალიან მცირე რესურსებით დარჩეს, თუ რაიმე უკიდურესი კატასტროფა არ მოხდა,“ — განმარტა მან.