მეცნიერებმა ადამიანის თმისგან კბილის პასტა დაამზადეს, რომელიც თითქმის ყველაფერს კურნავს - რა შეუძლია ახალ ნაწარმს?
ლონდონის კინგს კოლეჯის (KCL) მეცნიერების თქმით, ადამიანის თმისგან დამზადებულ კბილის პასტას დაზიანებული კბილების აღდგენა და დაცვა შეუძლია. მათ აღმოაჩინეს, რომ თმაში, კანსა და ბეწვში არსებულ ცილას - კერატინს, შეუძლია კბილის მინანქრის აღდგენა და კარიესის ადრეული ეტაპების პრევენცია.
კვლევის მიხედვით, კერატინი ნერწყვში არსებულ მინერალებთან კონტაქტისას წარმოქმნის დამცავ საფარს, რომელიც ბაძავს ბუნებრივი მინანქრის სტრუქტურასა და ფუნქციას.

„კერატინი არსებული სტომატოლოგიური მკურნალობის რევოლუციურ ალტერნატივას გვთავაზობს. ეს ტექნოლოგია ბიოლოგიასა და სტომატოლოგიას შორის ზღვარს შლის და ეკოლოგიურად სუფთა ბიომასალას გვთავაზობს, რომელიც ბუნებრივ პროცესებს ბაძავს.
ის არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ბიონარჩენებისგან მზადდება, როგორიცაა თმა და კანი, არამედ გამორიცხავს აღდგენით სტომატოლოგიაში ხშირად გამოყენებული ტრადიციული პლასტმასის საჭიროებას, რომლებიც ტოქსიკური და ნაკლებად გამძლეა,“ - ამბობს KCL-ის კვლევის პირველი ავტორი სარა გამეა.
კვლევა ჟურნალ „Advanced Healthcare Materials“-ში გამოქვეყნდა. კერძოდ, მეცნიერებმა მატყლიდან კერატინი ამოიღეს და აღმოაჩინეს, რომ როდესაც კერატინი კბილის ზედაპირზე წაისმევა და ნერწყვში ბუნებრივად არსებულ მინერალებთან შედის კონტაქტში, ქმნის მაღალი ხარისხის კრისტალის მსგავს ჩარჩოს, რომელიც ბუნებრივი მინანქრის სტრუქტურასა და ფუნქციას ბაძავს.
მკვლევარების თქმით, დროთა განმავლობაში, ეს ჩარჩო აგრძელებს კალციუმის და ფოსფატის იონების მიზიდვას, რაც იწვევს კბილის გარშემო მინანქრის მსგავსი დამცავი ფენის წარმოქმნას.