ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვა იგეგმება
ავსტრალიის მთავრობა უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენება ეკრძალებათ.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზეს თქმით, კანონპროექტის მიზანია ბავშვების დაცვა იმ ზიანისგან, რომელიც სოციალურ ქსელებს მოაქვთ. აკრძალვა შეეხება ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა: X, TikTok, Facebook, Instagram. შესაბამის სამსახურებს მოუწევთ დაამუშაონ საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ იქნება ეს სიახლე დანერგილი და შესრულებული.
ტექნოლოგიური კომპანიები დაჯარიმდებიან 32,5 მილიონი დოლარით წესების დარღვევის შემთხვევაში. სოციალურმა ქსელებმა თვითონ უნდა შეუზღუდონ ბავშვებს წვდომა არსებულ სერვისებზე.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ეფექტური იქნება ეს აკრძალვა და როგორ აღსრულდება ის, რადგანაც არსებობს საშუალებები, რომლებითაც ბავშვებს შეუძლიათ გვერდი აუარონ ასაკთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ინტერნეტში.