ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩადგა - რა დახმარებას გაუწევს ჩიპები ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს?
მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ Neuralink უკაბელო ჩიპის იმპლანტაცია ადამიანის ტვინში პირველად წარმატებით განახორციელა.
ილონ მასკი საკუთარ სოციალურ ქსელზე X (ყოფილი Twitter) იტყობინება, რომ ჩანერგილი მოწყობილობის პირველი შედეგები იმედის მომცემია: ის კარგად განსაზღვრავს ნერვულ იმპულსებს.
Neuralink-ის მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რასაც ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი ეწოდება. მისი მეშვეობით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს საშუალება ექნებათ, რომ სხვებთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ.
ამერიკის ხელისუფლებამ ილონ მასკის კომპანიას ადამიანებზე ჩიპის გამოცდაზე ლიცენზია გასული წლის მაისში მიანიჭა. გეგმის მიხედვით, დაკვირვებები 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
Neuralink–ის თქმით, ტვინზე ოპერაციას რობოტი ასრულებს. ის ნერგავს ჩიპს 1024 სენსორით, უთხელესი ელექტროდის ძაფებით, რომლებმაც უნდა დაიჭირონ ნეირონების მიერ გამოსხივებული იმპულსები.
სენსორული ჩიპის ჩასმა ხდება ტვინის იმ არეში, რომელიც, როგორც Neuralink წერს, აკონტროლებს „მოძრაობის განხორციელების განზრახვებს“. მოწყობილობა იჭერს ტვინის სიგნალებს და გადასცემს გარე მოწყობილობას, რომელიც მათ შიფრავს და „ხვდება“, რა მოძრაობის განხორციელება სურს ადამიანს.
კლინიკური ცდა პარალიზებულ ადამიანებზე ჩატარდება და დაახლოებით 6 წელს გაგრძელდება. იმპლანტს მათი ტვინის იმ რეგიონში ჩადგამენ, რომელიც მოძრაობის სურვილს აკონტროლებს. ამ არეალიდან სიგნალები ჩიპის მეშვეობით კომპიუტერს გაეგზავნება, რომელიც მიღებული ინფორმაციის დეკოდირებას შეძლებს. შედეგად, პაციენტებს საშუალება ექნებათ, მაგალითად, ეკრანზე კურსორს მდებარეობა "გონების ძალით" შეუცვალონ.